საქართველოში კორონავირუსის “სამხრეთ აფრიკული შტამით” ინფიცირების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსის ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამით ინფიცირების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის თქმით, ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამი დუბაიში მოგზაურობის ისტორიის მქონე, საქართველოს მოქალაქეს დაუდასტურდა.
„გიდასტურებთ, რომ ლაბორატორიულად ერთი შემთხვევა დადასტურდა ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამისა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ რეკომენდაცია გასცა, რომ არ იყოს დისკრიმინაცია, ნუღარ ვახსენებთ სიტყვებს სამხრეთ აფრიკული, ინდური, ბრიტანული და ა.შ. და მათი შემოკლებული აბრევიატურებით ვისარგებლოთ. ამ შემთხვევაში, საუბარია B1351 შტამზე, რომელიც საქართველოს ერთ მოქალაქეს დაუდასტურდა, დუბაიში მოგზაურობის ისტორიით. მისი კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, უკვე სრულად განკურნებულია, არაფერი პრობლემა არ აქვს. მისი იზოლირება დროულად მოხდა”, – განაცხადა გამყრელიძემ.