მამუკა მდინარაძე – ოპოზიციის აქციებზე: მე უკვე ვიცი და სასკანდალოც ამაში არაფერია, რომ მათი დამფინანსებლები, პატრონები ხარჯვის დოკუმენტებს ითხოვენ – ზოგმა შეიძლება პატიოსნად დახარჯა და ზოგმა გაფლანგა
მე უკვე ვიცი და სასკანდალოც ამაში არაფერია, რომ მათი დამფინანსებლები, პატრონები ხარჯვის დოკუმენტებს ითხოვენ. ზოგმა შეიძლება პატიოსნად დახარჯა და ზოგმა გაფლანგა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ოპოზიციის მიერ მართული აქციების მისამართით განაცხადა.
წამყვანმა მას ჰკითხა, იყო თუ არა იმ ჩანაწერში, სადაც სალომე ზურაბიშვილი და უჩა ნანუაშვილი პრანკერების მახეში გაებნენ, მისთვის რაიმე სიახლე და რასაც არ ელოდა.
„არ დამიჯერებთ, მაგრამ არ მისმენია [ჩანაწერისთვის]. ვერ მოვასწარი, მაგრამ რაღაცები წავიკითხე. პრინციპში აღიარება იყო. დიდი გაკვირვება არ გამოუწვევია, რადგან ახალი ამბავი ეს არ ყოფილა. ყველამ ვიცოდით, რომ ეს [აქციების უცხოეთიდან დაფინანსება] ხდებოდა. დაფინანსებიდან დაწყებული, ჯგუფების შექმნას რომ ცდილობდნენ, ამაზე ხომ ვლაპარაკობდით?! ახლა უფრო კარგად გამოჩნდა, რეალურად რასთან გვაქვს საქმე. სრულ აგონიაში არიან [ოპოზიცია] ერთი მთავარი მიზეზის გამო – რეალურად ეს კი არ იყო გულწრფელი პროტესტი. ვიღაც შეიძლება აღმოჩნდა იქ, ვინც მოტყუვდა და გულწრფელად გააპროტესტა, დაიჯერა, რომ ჩელიაბინსკში გაიღვიძა, მაგრამ რეალურად პირდაპირ პროპორციული გახდა პროტესტის და მუხტის ხარისხი ფულის შემოდინებასთან.
შემოვიდა ნაკლები ფული, პროტესტი მინავლდა, იყო მეტი ფული – პროტესტი უფრო ძლიერი იყო. როცა პირდაპირპროპორციულია ფულის შემოდინება და პროტესტის ხარისხი, ამან ალბათ უნდა დაგაფიქროს, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. დღეს რადგან ფული იმდენი აღარ აქვთ, პროტესტის ხარისხიც ისეთია, რამდენი ფულიც აქვთ. იმდენი ფული დახარჯეს, რომ პროტესტი კიდევ უფრო მეტი უნდა ყოფილიყო, მაგრამ დღეს რა საშუალებაც შეიძლება აქვთ მატერიალური, ისიც მეტ მუხტს უზრუნველყოფს ხოლმე სხვადასხვა ქვეყანაში, მაგრამ საქართველოში ეს ვერ მოხდა. ამას განაპირობებს ჩვენი სიმართლე, მეორე – ოპოზიციის და მდიდარი „ენჯეოების“ და საერთო ჯამში, აგენტურის უნიათობა. მე უკვე ვიცი და სასკანდალოც ამაში არაფერია, რომ მათი დამფინანსებლები, პატრონები ხარჯვის დოკუმენტებს ითხოვენ. ზოგმა შეიძლება პატიოსნად დახარჯა და ზოგმა გაფლანგა“, – აღნიშნა მდინარაძემ.