ოპოზიციის რადიკალური აგენტურული ფრთის აკრძალვა არის ჩვენი დაპირება და წელს ეს აუცილებლად მოხდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გადაცემაში„იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, სამშობლოს მოღალატე ხალხი დღეს კიდევ პოლიტიკოსებად იწოდებიან.
„ჩემთვის ძალიან ემოციურია ის მონათხრობი, რომელსაც უყვებიან კომისიას იქ მისული ადამიანები. ყველაზე მძიმე და ამაზრზენი ქმედებების ობიექტები კომისიაზე საერთოდ ვერ სხდებიან. არასრულწლოვანი გოგონას გაუპატიურებით რომ ემუქრებიან, ამ პოლიტიკის, ამ სისტემის შემქმნელები გვიკითხავენ მორალს. ამაზე ამაზრზენი უკვე ქმედებაში გადასული ფაქტები არსებობს, რომელსაც ვერ ჰყვებიან ადამიანები.
აგვისტოს ომზეც რომ ვისაუბროთ, ნებისმიერ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს ხელისუფლება, ჯარისკაცი მთელი შეგნებით იცავს თავის სამშობლოს, ასრულებს ბრძანებას და იბრძვის ბრძოლის ველზე, მაგრამ შენ რომ შეგიძლია ეს არ გააკეთო და მე სასიკვდილოდ მწირავ, მე კი გმირი ვარ, მაგრამ შენ რომ მოღალატე ხარ, ჩემი გმირობა შენს დანაშაულს ვერ გამოისყიდის.
ამათ უნდათ, რომ ანწუხელიძის გვარს ამოეფარონ, მისი გმირობის უკან დადგნენ და თითქოს იმას, რომ იტყვი, რომ სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა“ არის დამნაშავე და მოღალატე, ეს იმას გამორიცხავს რომ ანწუხელიძე გმირია?. როგორ უწამლავენ გონებას ყველას, რომ იმის საპირისპიროდ, რომ თითქოს ვინმე ეჭვის ქვეშ აყენებს ანწუხელიძის გმირობას, ან რუსეთს ოკუპანტობას. მოღალატეები და დამნაშავეები ეფარებიან იმ გარდაცვლილი ბიჭების გმირობას. მათმა ღალატმა დაღუპა ქვეყანასაც, ტერიტორიებიც დააკარგვინა, ხალხიც გახლიჩა და ადამიანებიც შეიწირა.
სამშობლოს მოღალატე ხალხი დღეს კიდევ იწოდებიან პოლიტიკოსებად და ჩვენ თურმე სასამართლოში სარჩელის შეტანა არ უნდა ვიკადროთ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.