მე-5 საარტილერიო ბრიგადის ამოცანაზე ორიენტირებული საველე წვრთნები საბრძოლო სროლებით დასრულდა
მე-5 საარტილერიო ბრიგადის ამოცანაზე ორიენტირებული ტაქტიკური საველე წვრთნები საბრძოლო სროლებით ვაზიანის პოლიგონზე გაიმართა, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, გეგმიურ საველე სწავლებაში მონაწილეობას მე-5 საარტილერიო ბრიგადის „გრადლარის“ ბატარეა იღებდა. დასკვნით საველე წვრთნაში მე-5 საარტილერიო ბრიგადის „გრადლარის“ ბატარეამ წინასწარ განსაზღვრულ რაიონში საარტილერიო საცეცხლე მხარდაჭერა განახორციელა და პირობითი მოწინააღმდეგე გაანადგურა.
“საველე სწავლება ათი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და ოთხ ფაზას მოიცავდა. პირველი და მეორე ფაზები ოპერაციის რაიონში საცეცხლე რაიონის დაკავებასა და პირობითი მოწინააღმდეგის შეყოვნებას ითვალისწინებდა. შემდეგ ეტაპებზე მოწინააღმდეგის შეტევის მოგერიებასა და ბატარეის დისლოკაციის ადგილზე დაბრუნებას მოიცავდა. წვრთვნებს მე-5 საარტილერიო ბრიგადის შტაბის შემფასებელ-მაკონტროლებლები აკვირდებოდნენ. წვრთნების მიზანს სხვადასხვა საბრძოლო ელემენტების შერწყმა, ურთიერთქმედების დახვეწა და კოორდინირებული მოქმედებები წარმოადგენდა. სწავლებამ მაღალი შეფასება მიიღო, – აღნიშნულია ინფორმაციაში.