რა ხდება ლოტკინზე?
ხუდადოვის ქუჩის მოსახლეობა მერიას და საკრებულოს უყურადღებობაში ადანაშაულებს
ნაგავსაყრელით შეწუხებული ლოტკინის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ხუდადოვის ქუჩაზე არსებული ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებითა და სამშენებლო მასალებით არის სავსე. როგორც “კვირას“ ერთ-ერთმა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა სვეტა ტყებუჩავამ განუცხადა, იმის გამო, რომ ხსენებულ ტერიტორიაზე ბუნკერი არ არსებობს, მოსახლეობა იძულებულია საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენები პირდაპირ ქუჩაში დაყაროს. ნაგავსაყრელის ქვეშ მოექცა ნაძვების ნარგავებიც. მოსახლეობა დედაქალაქის მერიას და საკრებულოს უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს და ტერიტორიაზე ბუნკერების განთავსებას ითხოვს.
“დავიტანჯეთ, საშინელი სუნი და ანტისანიტარიაა. ნაგავსაყრელი სკოლასთან ახლოს არის და იქამდე ისე ვერ მიხვალ, ამ ტერიტორიას გვერდს თუ არ აუქცევ. ძალიან გთხოვთ დაგვეხმარეთ. ახლა ზამთარია და ასეთი ამბავია, წარმოიდგინეთ, ტემპერატურა რომ მოიმატებს და დაცხება, რა დღეში ჩავვარდებით! ამ ქალაქს პატრონი არ ჰყავს? რამდენჯერ მივმართეთ მერიას და საკრებულოს წერილობით? არავინ არ გვაქცევს ყურადღებას! “,- ჩივის სვეტა ტყებუჩავა.
“გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფის” თავმჯდომარე, ეკოლოგი და უფლებადამცვლი ლაშა ჩხარტიშვილს დედაქალაქში ნაგავსაყრელების მდგომარეობას საგანგაშოს უწოდებს და მთელს პასუხისმგებლობას დედაქალაქის მერიას აკისრებს. როგორც ჩხარტიშვილმა “კვირასთან“ საუბრისას აღნიშნა, წლების განმავლობაში მერიის მიერ დედაქალაქის დასუფთავებისთვის ყოველწლიურად გამოყოფილი 40 მილიონი ლარი არამიზნობრივად იხარჯებოდა და თანხა „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ ინტერესებს ხმარდებოდა. ეკოლოგი მიიჩნევს, რომ პროკურატურა და ფინანსური პოლიცია აუცილებლად უნდა დაინტერესდეს იმით, თუ რეალურად სად მიდიოდა თანხა, რომელსაც დედაქალაქის მოსახლეობა დასუფთავებისთვის საკუთარი ჯიბიდან იხდიდა.
“დედაქალაქის ცენტრალური ქუჩები სუფთად გამოიყურება, თუმცა ამ ტერიტორიიდან ნაგავსაყრელებზე გატანილი ნარჩენების განთავსება ნორმების დარღვევით ხდება, რაც ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენს მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისათვის. ის ახალი ნაგავსაყრელები, რომლებზეც საკმაოდ სოლიდიური თანხები დაიხარჯა, მაღალ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. ბოლო პერიოდში დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ნაგავს არაოფიციალურ ნაგავსაყრელებზე არამხოლოდ მოსახლეობა, არამედ დასუფთავების სამსახურის მანქანებიც ცლიდნენ. არ არის გამორიცხული, რომ ხუდადოვის ქუჩის შემთხვევაშიც ასეთ ფაქტთან გვქონდეს საქმე. თუმცა, საბოლოო ჯამში, მთელი პასუხისმგებლობა მერიას ეკუთვნის. უნდა შემუშავდეს ნარჩენების მართვის პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც ამ სისტემას მწყობრში მოიყვანს. დედაქალაქის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 40 მილიონზე მეტი ლარი გამოიყოფოდა, თუმცა რეალურად პრობლემა ვერ მოგვარდა. იმიტომ, რომ ეს თანხები მერიის კორუფციულ სქემაზე იყო გათვლილი და “ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების დაფინანსებას ემსახურებოდა“, – განუცხადა “კვირას“ ლაშა ჩხარტიშვილმა.
ხუდადოვის ქუჩის მაცხოვრებლების პრობლემასთან დაკავშირებით, “კვირა“ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ჯაბა სამუშიას დაუკავშირდა. სამუშიას თქმით, ხსენებულ ტერიტორიაზე არსებული ნაგავსაყრელი დედქალაქის ოფიციალურ ნაგავსაყრელებს არ მიეკუთვნება. მოსახლეობამ ბუნკერის დადგმის მოთხოვნით საკრებულოს უნდა მიმართოსს.
“ეს არ არის ოფიციალური ნაგავსაყრელი. პრობლემის მოგვარება ჩვენ შემდეგნაირად შეგვიძლია: მოსახლეობამ უნდა მოგვმართოს წერილობითი ფორმით და ტერიტორიაზე ბუნკერის განთავსება უნდა მოითხოვოს. პირობას ვიძლევით, რომ მათ პრობლემას გადავჭრით“,- განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
მარიამ ზედგინიძე