ვახტანგ ძაბირაძე: ის, რომ შეიძლება, გახარია ივანიშვილის N2 პროექტია, არ ნიშნავს, რომ ხალხი მხარს არ დაუჭერს

“თუ ოპოზიცია ისევ გაჯიუტდება, წააგებს”, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ვახტანგ ძაბირაძემ გაზეთ ,,კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა.

ანალიტიკოსის თქმით, ,,ქართული ოცნება” და დასავლელი პარტნიორები აღმოჩნდნენ ერთ მხარეს, ოპოზიცია კი – მეორე მხარეს, რაც კარგია, რადგან ქვეყნისთვის სანქციების დაწესების საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნება.

,,ოპოზიცია მოაწერს თუ არა ხელს დაიელსონის დოკუმენტს, ,,ქართული ოცნება” ყველა შემთხვევაში მოგებულია, რადგან ამ გუნდმა მიიღო ჩვენი პარტნიორების მიერ შემოთავაზებული დოკუმენტი. თუ ოპოზიცია ისევ გაჯიუტდება, წააგებს. ტყუილად ნუ დაიიმედებენ ოპოზიციონერი ლიდერები თავს, რომ ,,ქართულ ოცნებაზე” დასავლეთის ზეწოლა უფრო გაძლიერდება. რამდენიმე დღის წინ ვიოლა ფონ კრამონმა თქვა, რომ ,,ქართული ოცნება” სწორად იქცევა, კომპრომისისთვის მზადაა და მას ოპოზიციამაც უნდა მიბაძოსო. ასევე, შეგახსენებთ ,,ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” ყოფილი დირექტორის, ლორა თორნტონის განცხადებას – მან პირდაპირ თქვა, ვადამდელი არჩევნების დანიშვნა ,,მოლიპულ დაღმართზე” სიარული იქნებაო. დასავლეთის აზრი ვადამდელი არჩევნების შესახებ ნათელია, თუმცა, თუ ,,არ გინდა ზღვაში ქვიშის დანახვა”, სხვა საქმეა. ,,ქართული ოცნება” და დასავლელი პარტნიორები აღმოჩნდნენ ერთ მხარეს, ოპოზიცია კი მეორე მხარეს. ეს კარგია, რადგან დღის წესრიგიდან მოიხსნება ქვეყნისთვის სანქციების დაწესების საკითხი.

თუმცა, არის ერთი დეტალი – 15 მაისი, ეს დღე უმნიშვნელოვანესი იქნება ოპოზიციისთვის. თუ ლიდერები გრანდიოზული აქციის გამართვას ვერ შეძლებენ, ძალიან ცუდ დღეში ჩაცვივდებიან. თუ ხალხი არ გამოვიდა, ოპოზიცია, ,,ნაცმოძრაობის” გარდა, ფაქტობრივად, განულდება. ეს ცუდია, რადგან იმედი გვქონდა, რომ დაბალპროცენტიანი საარჩევნო ბარიერი პატარა პარტიებს ჯამურად მაინც მისცემდა მესამე ძალად ჩამოყალიბების საშუალებას”, – განაცხადა ძაბირაძემ.

ანალიტიკოსი გიორგი გახარიას შესახებ საუბრობს. მისი თქმით, ის, რომ შეიძლება, გახარია ივანიშვილის N2 პროექტია, არ ნიშნავს, რომ ხალხი მხარს არ დაუჭერს.

,,გახარიას აქვს პოლიტიკური კაპიტალი, მაგრამ არც ისეთი მასშტაბური, რომ მესამე ძალის პოტენციალის სრული აკუმულირება მოახდინოს. ვგულისხმობ 15-20-პროცენტიან მხარდაჭერას მაინც. დღეს მისი რეიტინგი 3-დან 5%-მდე მერყეობს, ისიც, სიახლის გამო.

თუ გახარიასთან იქნებიან გიორგი კვირიკაშვილი, კახა კალაძე, მაშინ მართლა ძლიერი ბაზა იქნება მესამე ძალად ჩამოსაყალიბებლად. ცალკე გახარიაზე რა მოგახსენოთ. ის, რომ 5-6 დეპუტატი მმართველი გუნდიდან გახარიასთან გადავიდა,  არც მოსახლეობისთვის არის რაიმესმომცემი. მეტიც, არცთუ კარგი დასაწყისია პოლიტიკური პარტიისთვის. ზოგადად კი, დროა, გახარიამ კეთილი ინებოს და გასცეს პასუხები იმ კითხვებს, რომელიც მისი შს მინისტრობისა და პრემიერობის პერიოდს ეხება.

რამდენადაც ,,ჭეშმარიტი ოპიზიცია” უნდა გახდეს გახარია, ,,ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი ხმას მაინც არ მისცემს. როდესაც შენ ამბობ, რომ ის ივანიშვილის ხელდასხმულია, მას აძლევ საშუალებას ,,დაიჭიროს” ყველა ის ამომრჩეველი, რომლებმაც ხმა პრინციპულად არ მისცეს ,,ნაცმოძრაობას” და ხმები გადაანაწილეს 1%-იან პარტიებზე. ამას ემატება ,,ოცნებაზე” გაბუტული ელექტორატიც. სხვათა შორის, ის 1%-იანი პარტიების მხარდამჭერებიც ,,ქართული ოცნების” ყოფილი მხარდამჭერები არიან, უბრალოდ, ისინი უფრო ადრე გაებუტნენ მმართველ გუნდს.

ის, რომ გახარია შეიძლება, ივანიშვილის N2 პროექტია, არ ნიშნავს, რომ ხალხი მხარს არ დაუჭერს. შესაძლოა, პირიქითაც მოხდეს, სწორედ ამ ფაქტორის გამო დაუჭირონ მხარი. ვისაც ,,ქართული ოცნების” დღევანდელი ლიდერშიპი არ მოსწონს, მარტივად გადავა გახარიასთან”, – განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები