სანდრო თვალჭრელიძე: გახარიას პრემიერობიდან გადადგომის განცხადებიდან, ალბათ, 3 წუთში უკვე ვიცოდი, რომ ის აუცილებლად შექმნიდა პარტიას
“ახლა ბურთი ოპოზიციის მოედანზეა. თუ ისევ გაჯიუტდნენ და დაიჟინეს ვადამდელი არჩევნების ჩატარება, ვფიქრობ, საბოლოოდ დაკარგავენ დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერას”, – ამის შესახებ ექსპერტმა, სანდრო თვალჭრელიძემ გაზეთ ,,კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში მასშტაბური აქციების გამართვისა და არეულობისთვის არავითარი რესურსი არ არსებობს.
,,ვფიქრობ, ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში ვერავინ, მათ შორის, ვერც “ქართული ოცნების” ლიდერები, ვერ არჩევენ პოლიტიკურ სტრატეგიასა და ტაქტიკას ერთმანეთისგან. ჭადრაკის პარტიას თუ შევადარებთ, ჩვენს პოლიტიკოსებს ორი სვლის ზედიზედ გათვლაც არ შეუძლიათ.
პროცესების ლოგიკა თავიდანვე ცხადყოფდა, რომ “ქართულ ოცნებას” მოუწევდა ამ დოკუმენტზე ხელის მოწერა. დანიელსონის ვიზიტის დროსვე რომ მოეწერათ, გაცილებით უკეთესი იქნებოდა მათთვისაც და პოლიტიკური პროცესისთვისაც, მაგრამ ეს არ გააკეთეს, რისი მიზეზიც ისევ და ისევ მათი პოლიტიკური ახლომხედველობაა. სტრატეგიულად არასწორად გათვალეს საკუთარი ნაბიჯი. რა თქმა უნდა, ამერიკაში კობახიძის ვიზიტმაც ითამაშა როლი ამ ბოლო გადაწყვეტილების მიღებაში. დიდი ალბათობით, იყო იმგვარი მოლაპარაკება, რასაც ეს შედეგი მოჰყვა. ახლა ბურთი ოპოზიციის მოედანზეა. თუ ისევ გაჯიუტდნენ და დაიჟინეს ვადამდელი არჩევნების ჩატარება, ვფიქრობ, საბოლოოდ დაკარგავენ დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერას. ახლა ევროპიდანაც და ამერიკიდანაც მთელი ზეწოლა მათზე იქნება.
უცხოელი მოკავშირეები ოპოზიციის ქცევაში ბევრ რამეს უკვე ეჭვით უყურებენ. “ევროპის სახალხო პარტიის” თავმჯდომარემ ნიკა მელიას საქციელი პროვოკაციადაც კი შეაფასა.
პოლიტიკური თვალსაზრისით მელიას გათავისუფლება შეიძლება სწორიც იყოს, მაგრამ არ არსებობს მისი გათავისუფლების ერთმნიშვნელოვანი სამართლებრივი საფუძველი. “ქართული ოცნება” აცხადებს, არ ვერევი სასამართლოს გადაწყვეტილებებშიო და ვერავინ შეედავება. სხვა საქმეა, რეალურად რა ხდება. ისე კი დიდი პრობლემა რომ არის სასამართლო სისტემაში, ეს დანიელსონის დოკუმენტშიც აისახა.
თუ მოხდება 20 ივნისის საქმეზე პასუხისგებაში მიცემულთა ამნისტია, ეს კიდევ ცალკე თემაა. ის, რაც მელიამ გააკეთა, სამაჯურის მოხსნას ვგულისხმობ, რიგით მოქალაქეს რომ გაეკეთებინა, არ აგებინებდნენ პასუხს?- რა თქმა უნდა, აგებინებდნენ, ამიტომ ამ თემაზე დანარჩენი ყველაფერი სპეკულაციაა და მეტი არაფერი. ჩვენი პარტნიორები, მერწმუნეთ, ქართველ პოლიტიკოსებზე უკეთესად ხედავენ იმას, რაც ჩვენთან ხდება.
ჩემი აზრით, პოლიტიკური კრიზისი სხვაგვარად უნდა მოგვარდეს. ბოლოს და ბოლოს, უნდა გამოჩნდეს ახალი შუალედური ძალა, რომელიც “ქართულ ოცნებასაც” და “ნაციონალურ მოძრაობასაც” განზე გასწევს.
როცა შეზღუდულ პოლიტიკურ უნარ-ჩვევებზე ვლაპარაკობდი, ამის დასტურია ისიც, რომ ოპოზიციამ 15 მაისის აქცია მანამ დააანონსა, ვიდრე დანიელსონი მეორედ ჩამოვიდოდა. არანაკლები შეცდომა დაუშვა “ქართულმა ოცნებამაც” იმის ლაპარაკით, ისეთი სუსტები არიან, ხალხის მობილიზაციისთვის ორი თვე სჭირდებათო. არადა, მათთვის პოლიტიკურად ყველაზე მოგებიანი იქნებოდა ეთქვათ, რადგან ოპოზიცია აქციას დანიელსონის ჩამოსვლამდე ააანონსებს, ესე იგი შეთანხმებაზე წამსვლელები არ არიანო. ეს ხომ პოლიტიკური კულტურის ელემენტარული დეტალებია. თუმცა არც ოპოზიციაში და არც ხელისუფლებაში ამის დამნახავი კაცი არ გამოჩნდა, რაც გასაოცარია. რა თქმა უნდა, “ნაციონალური მოძრაობა” და მასთან ერთად პატარა პარტიები თავის “პარტიზანებს, ანუ აქტიურ მხარდამჭერებს გაჰყვანენ ქუჩაში, ალბათ, რეგიონიდან რეგიონშიც ატარებენ, მაგრამ ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი მათ გვერდით არ დაუდგება. ხომ ნახეთ, ბოლო კვლევებში გამოკითხულთა 70% ეუბნება ოპოზიციურ პარტიებს, შედით პარლამენტშიო.
ქვეყანაში მასშტაბური აქციების გამართვისა და არეულობისთვის არავითარი რესურსი არ არსებობს. გაცილებით უფრო სახიფათოა ისეთი აქციები, რაც “ნამოხვანჰესის” გამო იმართება. ეს აქციები არ არის პოლიტიკურად მოტივირებული. სხვა საქმეა, ვისგან და რა ტექნოლოგიებით არის მართული. მაგრამ ამ აქციებზე გასული მოქალაქეების დიდი უმრავლესობა გულწრფელია,”- განაცხადა თვალჭრელიძემ.
ექსპერტი მესამე პოლიტიკური ძალის, კერძოდ, გიორგი გახარიას შესახებაც საუბრობს. მისი თქმით, გახარია ტექნოკრატია და ზუსტად ამგვარი ტიპის მთავრობა სჭირდება საქართველოს.
,,გახარიას პრემიერობიდან გადადგომის განცხადებიდან, ალბათ, 3 წუთში უკვე ვიცოდი, რომ ის აუცილებლად შექმნიდა პარტიას. გახარიას საკმაოდ საინტერესო პოლიტიკური იმიჯი აქვს, არ არის ანგაჟირებული და ძალიან საინტერესოდ აანალიზებს მოვლენებს.
ის “ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიებში კი მონაწილეობდა, მაგრამ პარტიის იდეოლოგი არასდროს ყოფილა. გახარია ტექნოკრატია და ზუსტად ამგვარი ტიპის მთავრობა სჭირდება საქართველოს. მხოლოდ ტექნოკრატიულმა გუნდმა შეიძლება მოახერხოს საზოგადოების დიდი ნაწილის კონსოლიდაცია და ამომრჩევლის იმ ნაწილის გააქტიურება, რომელიც დღესდღეობით ყველა პოლიტიკური პარტიის მიმართ ნიჰილისტურად არის განწყობილი და არჩევნებზე აღარ დადის. ამ ხალხის გულის მოგება გახარიას შეუძლია, რომელმაც, ჩემი აზრით, ერთი ჭკვიანური რამ გააკეთა – საპარლამენტო არჩევნებისას, სადაც მოახერხა, მაჟორიტარებად თავისი ხალხი გაიყვანა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების აუცილებლობა სწორედ გახარიას ფენომენმა შეიძლება გააჩინოს.
ჩემი აზრით, გახარიას გუნდი თავის ძალას გამოცდის თვითმმართველობის არჩევნებზე და ურიგო შედეგსაც არ მიიღებს. ამის მერე, ვფიქრობ, იმ საპარლამენტო გუნდით, რაც ნელ-ნელა იკვეთება, ის საკანონმდებლო ორგანოში ისე იმუშავებს, რომ დაშლის უმრავლესობას, რაც ავტომატურად გამოიწვევს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების 2022 წელს ჩატარების აუცილებლობას. თუმცა ვერც იმას გამოვრიცხავთ, რომ უფრო მეტად მომაგრება გადაწყვიტოს და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები აქციოს წარმატების სამიზნედ. ვნახოთ, მას პოლიტიკური მანევრისთვის უზარმაზარი შესაძლებლობა აქვს. ძალიან კარგია, რომ ის ჯერჯერობით გაჩუმებულია, ბექა ლილუაშვილსაც თუ გააჩუმებს, კიდევ უკეთესი იქნება.
რაც შეეხება იმ ვერსიას, რომ გახარიას ახალი პარტია შესაძლოა ბიძინა ივანიშვილის პროექტი იყოს, ამაზე დაბეჯითებით ვერაფერს ვიტყვი… ერთადერთი შესაძლებელია გახარიას მობილიზებულ თანხებში იყოს ივანიშვილის ფინანსების წილიც, თუმცა, ჩემი აზრით, ივანიშვილისგან არც მასშტაბური დაფინანსება იქნება და არც პოლიტიკური მხარდაჭერა.
მე იმასაც ვუშვებ, რომ გახარია დამოუკიდებლად მოქმედებდეს. გაგახსენებთ, პრემიერობისას ის იყო ერთადერთი ამ თანამდებობაზე, რომელიც პირდაპირ არ იყო მიბმული ივანიშვილზე, არ იყო მისი ყურმოჭრილი მონა. ის ხშირად ატარებდა იმ პოლიტიკას, რასაც საჭიროდ მიიჩნევდა. რა თქმა უნდა, კომპრომისზეც მიდიოდა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებდა. მაგალითად, პანდემიის მართვისას მისი სწორი პოლიტიკა იმაში გამოჩნდა, რომ ის უსმენდა ეპიდემიოლოგებსა და ინფექციონისტებს.
საუბედუროდ, ახლა ნაკლებად უსმენენ მათ და შედეგიც შესაბამისი გვაქვს. მთელმა საზოგადოებამ ვნახეთ გახარიას პრემიერმინისტრობაც, მისი სიხისტეც და სირბილეც, როდესაც საჭირო იყო, მან შეცდომებიც დაუშვა, მათ შორის მძიმეც, მაგრამ უშეცდომობა და სრულიად სუფთა კაცი პოლიტიკაში არ არსებობს. ვფიქრობ, მას მოუწევს ალიანსებზე წასვლა კონკრეტულ პოლიტიკურ ფიგურებთან თუ ძალებთან, მიუხედავად იმისა, მოსწონს ეს თუ არა. ამას მისგან პოლიტიკური პრაგმატიზმი მოითხოვს. მას აქვს ქვეყნის მმართველისთვის აუცილებელი თვისებები. მიმაჩნია, რომ გახარია გახლდათ ერთ-ერთი საუკეთესო პრემიერ-მინისტრი.
დღეს “ქართულ ოცნებაში” არის რამდენიმე ლიდერი და ერთფეროვანი მასა, რომლის წევრებიც სიამოვნებით გაიქცევიან სხვა პარტიაში, სადაც პერსპექტივას დაინახავენ. ამ ხალხს ძალაუფლების გარდა, ერთმანეთთან არაფერი აკავშირებს. მაგალითად, თუ დაინახეს, რომ გიორგი გახარია იგებს არჩევნებს, სიამოვნებით მიეკედლებიან, ფულსაც მისცემენ და სხვა დახმარებასაც შესთავაზებენ.
ამ სისტემაში ლიდერობას აქვს უმნიშვნელოვანესი როლი, ამიტომაც, რაც პოლიტიკას ჩამოსცილდა ბიძინა ივანიშვილი, “ქართულ ოცნებაში” შიდა ბრძოლა მიდის. პარტიაში არის 3-4 კაცი, რომელთა შორის პაექრობა მიდის. მათ შორის არის კალაძეც… მე როგორც ვიცი, მას მართლაც აქვს ჯანმრთელობის პრობლემა, შესაბამისად, მისი ამ ბრძოლაში მონაწილეობის სიმძაფრე თუ საზოგადოდ პოლიტიკურ პროცესში აქტიურობა, დამოკიდებული იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე”, – განაცხადა ექსპერტმა.
16 აპრილს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ცნობილი გახდა, რომ “ქართულმა ოცნებამ” ევროკავშირისა და ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ეგიდით შექმნილი და მისი პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ მომზადებული დოკუმენტის ხელმოწერა გადაწყვიტა, რაც მმართველმა პარტიამ უკვე მეორე დღეს, 17 აპრილს შეასრულა. დოკუმენტს ხელს ირაკლი კობახიძე და არჩილ თალაკვაძე აწერენ.