ირაკლი კობახიძე: მამუკა ხაზარაძე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად თვითონ მონაწილეობდა არაერთი რეკეტის საქმეში

“დღეს იმდენად გაითქვიფნენ ერთმანეთში პარტია „ლელო“ და „ნაცმოძრაობა“, რომ ხაზარაძისა და ჯაფარიძის პარტიამ საერთოდ დაკარგა ავტონომიურობის აღქმა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „აიპრესთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ 3%-დან მათი რეიტინგი 1%-ზე ჩამოვიდა.

„მამუკა ხაზარაძე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად თვითონ მონაწილეობდა არაერთი რეკეტის საქმეში და ეს უნდა იყოს მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ ვერ ახერხებს გამიჯვნას „ნაცმოძრაობისგან“. დღეს იმდენად გაითქვიფნენ ერთმანეთში პარტია „ლელო“ და „ნაცმოძრაობა“, რომ ხაზარაძისა და ჯაფარიძის პარტიამ საერთოდ დაკარგა ავტონომიურობის აღქმა და აქედან ასეთ ვითარებაში აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ 3%-დან მათი რეიტინგი 1%-ზე ჩამოვიდა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, რა ფაქტებს ეყრდნობა კობახიძის განცხადებები, როდესაც მან ამ რამდენიმე დღის წინაც სამ ადამიანს: ელენე ხოშტარიას, გიგა მაქარაშვილსა და შოთა დიღმელაშვილს რუსეთის აგენტობა დააბრალა, კობახიძემ განაცხადა, რომ აღნიშნულ შემთხვევებზეც კონკრეტული არგუმენტები ჰქონდა.

„იქაც კონკრეტული არგუმენტები იყო, რაც ამ სავარაუდო კავშირზე მიუთითებს, ერთი იყო ელენე ხოშტარია და იქ იყო კონკრეტული კვალი, რომელიც არის, ბუნებრივია, სერიოზული ეჭვის საფუძველი. გიგა მაქარაშვილი, რომელიც პირდაპირ იყო მინდია გულუას პრეს-სპიკერი და იზიარებდა მთლიანად იმ სულისკვეთებას, რომელიც ჰქონდა მინდია გულუას და მისი კავშირები რუსეთთან ძალიან კარგად ვიცით. შოთა დიღმელაშვილზე, ვფიქრობ, ჩემზე უკეთ იცით არგუმენტები და ასე შემდეგ… პლუს, ამ საეჭვო კავშირებს ემატება ის, რომ მათი თითოეული ნაბიჯი შედის რუსეთის ინტერესებში. ანუ რასაც აკეთებენ, შედეგი რაც არის მათი საქმიანობის, მთლიანად შედის რუსეთის ინტერესებში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ინტერვიუში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები