ამირან გამყრელიძე: ეპიდსიტუაციის გაუარესება დაკავშირებულია ქელეხებსა და ქორწილებთან
“როგორმე გავითავისოთ, თუ არ გვინდა, რომ კორონავირუსის მესამე ტალღაში შევიდეთ და განმეორდეს ნოემბერი და დეკემბერი, უნდა დავიცვათ რეკომენდაციები”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს.
მისივე თქმით, ბოლო პერიოდში ეპიდსიტუაციის გაუარესება შეიმჩნევა, რაც ქელეხებსა და ქორწილებთანაა დაკავშირებული.
“ბოლო 2 კვირა, 20 დღის განმავლობაში ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუარესების დინამიკა შეიმჩნევა. ამ დინამიკას არ აქვს ნახტომისებური სახე. ის ნელ-ნელა იმატებს. ასევე, შეიმჩნევა დინამიკა აქტიური შემთხვევების და ეს არის დაახლოებით ისეთი სურათი, რომელიც ჩვენ გვქონდა გასული ოქტომბრის დასაწყისში. ამიტომ, ყველაფერი უნდა გაკეთდეს პრევენციისთვის. გამოვიყენოთ ის გამოცდილება, რაც გვქონდა. მთავარია, მაქსიმალურად ავწიოთ და, ოდნავ გამოჩნდა დინამიკა პირბადის ტარების მაჩვენებელი ჩამოვარდნილი იყო 75%-დან 43%-ზე, ბოლო მონაცემით გვაქვს 51%. უნდა ავიდეთ სულ მცირე 75-80 და საუკეთესო შემთხვევაში 90%-ზე, რომ ვიყოთ შესაბამისად, მშვიდად. ასევე, დისტანციის დაცვა, ჰიგიენური პირობები და რაც მთავარია, რამდენიმე ადგილზე ჩვენ გვაქვს კლასტერული გავრცელება, შიდა ქართლში, სამეგრელოში, გურიაში. ყველა ეს დაიწყო ისევ და ისევ დიდი თავშეყრებისგან, დაკავშირებულია ქელეხებსა და დიდ ქორწილებთან. ამიტომ, ისევ და ისევ მოწოდება, რომ როგორმე თავი შევიკავოთ. მოსახლეობა არ დაჰყვება ამ შეზღუდვებს. როგორმე გავითავისოთ, თუ არ გვინდა, რომ მესამე ტალღაში შევიდეთ და განმეორდეს ნოემბერი და დეკემბერი, გავითავისოთ, რომ უნდა დავიცვათ რეკომენდაციები”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.