რევაზ სოხაძე: მნიშვნელოვანია საბავშვო ბაღებისა და სკოლების მშენებლობა, რომელთა ნაწილი აქტიურ ფაზაშია

„გურიის რეგიონში დავათვალიერეთ ინფრასტრუქტურული პროექტები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საბავშვო ბაღებისა და სკოლების მშენებლობა, რომელთა ნაწილი  აქტიურ ფაზაშია. თუმცა, რამდენიმე პროექტში დაფიქსირდა შეფერხება  და პრობლემები, რის  გამოც მუნიციპალური განვითარების ფონდმა შეწყვიტა კონტრაქტები, უახლოეს მომავალში გამოცხადდება ახალი ტენდერები და სამუშაოები განახლდება. ასევე, მიმდინარეობს წყალმომარაგების სისტემების მოწესრიგება. ვიმყოფებოდით გრიგოლეთი-ქობულეთის ავტომაგისტრალზე, სადაც კონტრაქტორმა ვალდებულებები არ შეასრულა, რის გამოც  უკვე გაეგზავნა ხელშეკრულების შეწყვეტის შეტყობინება. ახალი ხელშეკრულების ფარგლებში, ვეცდებით, წელსვე დავასრულოთ პროექტი“- ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ გურიაში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობისა და გამოწვევების ადგილზე გაცნობის შემდეგ განაცხადა.

რევაზ სოხაძე გურიის მუნიციპალიტეტებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად  გაეცნო. რეგიონში საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი გზების, წყალმომარაგებისა და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლება მიმდინარეობს.

მინისტრმა დაათვალიერა აღმოსავლეთ-დასავლეთის E60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამტრედია–გრიგოლეთის 12 კმ-იანი მესამე მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც აქტიურ ფაზაშია. უკვე დასრულებულია ქვის სვეტებისა და სადრენაჟე ფენის მოწყობა, მიმდინარეობს გზის საფარის და სახიდე გადასასვლელების სამუშაოები. გზა  ქალაქ ლანჩხუთსა და მიმდებარე სოფლებს აუვლის გვერდს. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით  ხორციელდება.

ასევე, აქტიურად  მიმდინარეობს ოზურგეთი–ნატანები–ურეკის გზაზე მდ. მერიას ხიდის რეაბილიტაცია, რაც უსაფრთხოებისა და გამტარობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს ოზურგეთი–ნინოშვილი–ლესას საავტომობილო გზის დაზიანებულ მონაკვეთებზე. სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში,  საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 7.2 კმ-იან მონაკვეთზე.

რეგიონში მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება მოსახლეობის უწყვეტი და სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებისთვის.

ლანჩხუთში  წყალმომარაგების ახალი ინფრასტრუქტურა შენდება. პროექტი ითვალისწინებს 6 ახალი ჭაბურღილის, რეზერვუარების, საქლორატოროსა და სატუმბი სადგურის მშენებლობას, ასევე არსებული სათავე ნაგებობების მოდერნიზაციას. სამუშაოების დასრულების შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობა 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

ოზურგეთში მიმდინარეობს წყალმომარაგების სისტემის ოპტიმიზაცია, ხოლო ქვემო ნატანების ადმინისტრაციულ ერთეულში – წყალმომარაგების ქსელის სრულად მოწყობა. პარალელურად, დაბა ურეკში  ორი ახალი ჭაბურღილი ეწყობა. პროექტების დასრულება 2026 წლის გაზაფხულისთვისაა დაგეგმილი.

აქტიურად გრძელდება საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციაც. მინისტრი ადგილზე გაეცნო მიმდინარე პროექტებს.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ფარცხმაში შენდება 110 მოსწავლეზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა. რეაბილიტაცია მიმდინარეობს ქალაქ ოზურგეთის №3 საბავშვო ბაღში, რომელიც 200 აღსაზრდელზეა გათვლილი. ახალი ბაღი შენდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში, ხოლო სოფელ  ნატანებსა და ქვემო  ნატანებში რეაბილიტაცია უტარდება, საერთო ჯამში, 500 აღსაზრდელზე გათვლილ საბავშვო ბაღებს.

ასევე, ახალი ბაღი შენდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გულიანში, რომლის დასრულება მიმდინარე წელს იგეგმება.

ყველა პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე, უსაფრთხო, ინკლუზიური გარემოს შექმნას და სრულად არის მორგებული ბავშვების საჭიროებებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები