დავით ზურაბიშვილი: კრიზისის მთავარი მიზეზი მაინც პოლიტიკური მართლმსაჯულებაა – კომპრომისი ცალმხრივი არ არსებობს, ორივე მხარემ უნდა დათმოს

პოლიტიკის ექსპერტი­, დავით ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის მთავარი მიზეზი პოლიტიკური მართლმსაჯულებაა.

როგორც ზურაბიშვილი გაზეთ ,,კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს, კომპრომისი ცალმხრივი არ არის და დათმობებზე ორივე მხარე – მმართველი გუნდიც და ოპოზიციაც უნდა წავიდეს.

“მხარეების გაჯიუტებას საფრთხეები­ და რისკები ახლავს, მაგრამ მაინც იმედი მაქვს, რომ ამის თავიდან აცილებას შევძლებთ, ოღონდ დაპირისპირებული მხარეების შეგნებული ნაბიჯებით კი არა, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ზეწოლით. მთავარი რისკია საქართველოს ინტეგრაციის პროცესი დასავლეთში, ნატოსა­ და ევროკავშირში.

შესაძლებელია მინიმუმამდე დაიყვანონ დახმარებები, შეამცირონ ურთიერთობის სიხშირე, არც სანქციებს გამოვრიცხავ, თუნდაც კონკრეტულ პოლიტიკოსებზე. ამან კი შესაძლოა ხელისუფლებას ალტერნატივისკენ უბიძგოს.

საქართველოში ასეთი ვითარებით ყველაზე კარგად რუსეთი ისარგებლებს. ამ რეალობაში სხვა ალტერნატივა არც არის – დასავლეთისკენ სვლა და იქ მიღებული თამაშის წესების მიღება, ცხადია, მეტ-ნაკლებად. საქართველოს არავინ სთხოვს ახლავე შვეიცარიის სტანდარტის დემოკრატიას აკმაყოფილებდეს, მაგრამ იქით უნდა მიდიოდეს და არა რუსეთის, აზერბაიჯანის ან თურქმენეთისკენ.
ჩვენი სტრატეგიული მეგობრების ამხელა ძალისხმევის შემდგომ სწორედ შვეიცარიისკენ, ჰოლანდიისკენ, საზოგადოდ, ევროპისკენ უნდა მივდიოდეთ, რაც არც ერთი მხარისგან არ ჩანს.

რაც შეეხება იმას, თუ რა შეიძლება დათმონ მხარეებმა, კომპრომისი ცალმხრივი არ არსებობს, ორივემ უნდა დათმოს. დასავლეთის გააქტიურება და ხელისუფლების გაკრიტიკება მას შემდეგ დაიწყო, რაც ნიკა მელია დააპატიმრეს, რისი აუცილებლობა არც არსებობდა. არადა, მანამდე მუდმივად ოპოზიციას აკრიტიკებდნენ პარლამენტში შეუსვლელობის გამო.

კრიზისის მთავარი მიზეზი მაინც პოლიტიკური მართლმსაჯულებაა, ანუ ისინი, ვინც პოლიტიკური მოტივით არიან დაპატიმრებული. ევროპა ხელისუფლებას მათ ამნისტირებას სთავაზობს, რათა ხელისუფლებას არ მოუწიოს თავის გამტყუნებამ. პოლიტიკური თანხმობისთვის ძალზე საჭირო გადაწყვეტილება იქნებოდა ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გამოშვება დანიელსონის ჩამოსვლამდე. ის უკვე გასამართლებულია და სალომე ზურაბიშვილს შეუძლია ამ შემთხვევაშიც ისე მოიქცეს, როგორც გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შემთხვევაში მოიქცა. სხვათა შორის, ასეთი რამ “ქართულმა ოცნებამ” 2012 წელსაც გააკეთა – პოლიტპატიმრებთან ერთად ისეთი პირებიც გაათავისუფლა, ვისი გამოშვებაც არ შეიძლებოდა. ასე რომ, ამნისტიის შემთხვევაში ჯერი უკვე ოპოზიციაზე მიდგება, მას პარლამენტში შესვლას მოსთხოვენ.

თუ პოლიტიკოს ლიდერებს გაათავ­ისუფლებენ, ხელისუფლებისთვის სასაყვედურო აღარ ექნებათ. ამერიკის სენატის განცხადებებიდან ჩანს, რომ სენატორებს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე დეტალური ინფორმაცია აქვთ – მელიამ სამაჯური რომ მოიხსნა კი არა, რომელი ქვეყნის გამოშვება იყო, ისიც იცოდნენ. ისიც თქვეს, მელიამ კანონი დაარღვია, მაგრამ ხელისუფლებას ჰქონდა კრიზისის განმუხტვის რესურსიო. ხომ შეიძლებოდა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტი არ მოეხსნათ. ოპოზიცია რაც უნდა ცუდად იქცეოდეს, ხელისუფლება ვალდებულია კარგად მოიქცეს. რაც უფრო უზნეო იქნება ოპოზიცია, მეტ ამომრჩეველს დაკარგავს და ასეც მოხდა. როდესაც­ ბოიკოტი გადაწყვიტეს, მაშინვე ითქვა, რომ სულელურად მოიქცნენ, ფატალური შეცდომა დაუშვეს. არჩევნების დასრულებისთანავე­ ის ტოტალურად გაყალბებულად გამოაცხადეს, ხელისუფლება თავისით­ ჩაგვბარდესო­ – ანუ თავიდანვე­ ისე ასწიეს თამასა, რომ რადიკალურის გარდა, სხვა ქმედებების საშუალება აღარ დაიტოვეს. ამის შემდეგ ჯერი ხელისუფლებაზე მიდგა, მასზე იყო დამოკიდებული ოპოზიციას ამ ჩიხიდან გამოიყვანდა, თუ ისედაც გაჭედილს თავში­ კიდევ უროს ჩაარტყამდა და გადაწყვიტა ურო ჩაერტყა. არადა, კონსტრუქციული ქმედებებით ხელისუფლება მოგებული დარჩებოდა, იმდენად, რომ ქვეყანაში კი არა, მის გარეთაც ძალიან დიდ ბენეფიტებს აიღებდა. თუმცა,­ რადგან ოპოზიციას დასავლეთი აკრ­იტიკებდა, ეგონა, ბოლომდე ჩააფლავებდა… ერთადერთი, ვინც ამ ვითარებას გაერიდა, ყოფილი პრემიერ-მინისტრი აღმოჩნდა. ასეთი ორმხრივი შეცდომებით პოზიცია-ოპოზიციამ ქვეყანა დააზარალა, მაგრამ მაინც არ აპირებენ არაფრის დათმობას.

რაც შეეხება გიორგი გახარიას – ორი ვარიანტია: პირველი – გახარია იქნება “დავარცხნილი” “ოცნება”, ოღონდ ევროპული ყაიდის, რომელიც ლოიალური იქნება ბიძინა ივანიშვილისა და არაფორმალური მმართველობის მიმართ. კი გააკრიტიკებს ივანიშვილს, მაგრამ მსუბუქად, მთელი აქცენტი ამჟამინდელი ხელისუფლების – ღარიბაშვილის, კობახიძისა და საერთოდ, გუნდის წინააღმდეგ ექნება მიმართული; მეორე – ის არ და ვერ იქნება ისეთი რადიკალური ოპოზიცია. რეალური ოპოზიცია იქნება ის, ვინც ბიძინა ივანიშვილის უზენაესობას არ აღიარებს. იტყვის, რომ არაფორმალურ მმართველობას წერტილი უნდა დაესვას და მის წინააღმდეგ გაილაშქრებს,­ ალბათ, თან უნდა დასძინოს, მიუხედავად მის მიმართ ჩემი პატივისცემისაო. გახარიას ორივე ვარიანტში აქვს რესურსი, რომ საკმარისი ხმები აიღოს.­ “ნაცმოძრაობის” მხარდამჭერებზე არ მაქვს ლაპარაკი, ერთიანი ოპოზიციის მხარდამჭერთა ნაწილში კი იქნებიან მისი გულშემატკივრები. ყველაზე მეტად მას ხმას მისცემს ის ნაწილი, ვისაც “ქართული­ ოცნება” მაინცდა­მაინც არ მოსწონს, მაგრამ სააკაშვილის დაბრუნების ეშინია, არსებული ოპოზიცია კი უფრო მეტად არ მოსწონთ. ასე რომ, ეს იქნება “ოცნება 2” თუ სხვა სახის ოპოზიცია, მას მაინც ეყოლება მხარდამჭერები, იმდენი, რომ შესაძლოა “ოცნებას”­ ხმების­ 10% წაართვას და ოპოზიციის სხვა ძალებთან ერთად შემდეგ არჩევნებზე ჩააჩოჩოს კიდეც. გახარიას გვერდით, შესაძლოა ვიხილოთ ისინი, ვისაც ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა­ არ მოსწონს. კონკრეტულ პირებზე ვერაფერს ვიტყვი, მის გარშემო შეკრებილთა მიხედვით გამოჩნდება, როგორი პოლიტიკური ძალა იქნება – პრობიძინური, ოღონდ ანტიკობახიძე-ანტიღარიბაშვილი თუ რეალური ოპოზიცია, რომელიც ივანიშვილთანაც ოპოზიციაში იქნება და სხვებთანაც, მაგრამ იქნება კონსტრუქციული ძალა და არ დაიწყებს­ იმაზე ლაპარაკს, რომ ივანიშვილი კრემლის პროექტია და ა.შ. მისი განცხადებების მიხედვით, ერთ რამეში დავრწმუნდი, საგარეო ფლანგზე ის პროდასავლური ძალა იქნება. რაც შეეხება მისი გუნდის წევრებს, მათ შორის კალაძეც მოიხსენიეს, ბოლო დროს ის ნამდვილად არ არის “ოცნების” ფლანგზე. ან ძალზე თავშეკავებულია, ან საერთოდ არ ჩანს. იყრის კენჭს თუ არა ან რომელი ძალიდან, არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ პარლამენტში თავისი გუნდი ჰყავს. თუმცა ის პარტიის გენერალური მდივანია და შესაძლებელია მერიის საქმიანობის ან მშენებლობების შესახებ კომპრომატები ჰქონდეთ და შავი პიარი აუგორონ. თუ ის პოლიტიკურ ცვლილებებს გადაწყვეტს, ალბათ, ამისთვისაც მზად იქნება. ისე კი, არა მგონია, “ოცნებაში” არსებულ ვითარებას დიდხანს გაუძლოს. ივანიშვილი­ ძალიან ეჭვიანია, გახარია და კალაძე კი ის ფიგურები არიან, ვისაც თავიანთი რეიტინგები ჰქონდათ და მხოლოდ ბიძინას ხარჯზე არ იყვნენ, როგორც, მაგალითად, კობახიძე ან ღარიბაშვილი. ირაკლი კობახიძე საერთოდ მინუსია, რასაც ღარიბაშვილზე ვერ ვიტყვი, რადგან მას ვიღაცები მხარს უჭერენ. გიორგი კვირიკაშვილზე “ლელოს” დაფუძნების დროსაც იყო ლაპარაკი, მაგრამ ის თავის მოსაზრებებს­ იტყვის და მერე იმალება. ნებისმიერ შემთხვევაში ქართულ პოლიტიკაში მისი მოსვლა საინტერესო ფაქტია.

გაჩეჩილაძეს რაც შეეხება, ვეჭვობ გიორგი­ გაჩეჩილაძე იმავე მდინარეში მეორედ შევიდეს, ბევრი ხალხი შეკრიბოს, რადგან მისი, როგორც პოლიტიკოსი ლიდერის დრო წასულია, არც ისეთი აქტუალური პერსონაა,­ როგორიც მაშინ იყო, როცა “საკანი #5” ჰქონდა და შოუ მიჰყავდა. მაშინ ომი ახალი დასრულებული იყო, უმძიმესი­ მდგომარეობა გვქონდა, ხელისუფლება ყველაფერს აკონტროლებდა, თავისუფალი სიტყვის თქმა დიდი რისკი იყო, შესაბამისად, უკმაყოფილება მწვავე იყო. ახლა კი ოპოზიციის წინააღმდეგ ოპოზიცია ძალიან უცნაური ამბავია, თან “უცნობი” ის ფიგურაა, რომელიც პოლიტიკაში უკვე იყო, ლამის ლიდერიც გახლდათ და პირდაპირ რომ ვთქვათ, ერთხელ ვერ გაქაჩა. შესაბამისად, საზოგადოება მისგან ახალს არაფერს ელოდება”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები