იგორ კვესელავა: “ქართული ოცნების” საპირწონე ძალა, როგორც ჩანს, ჩამოყალიბდა ისევ და ისევ “ქართულ ოცნებაში” – გიორგი გახარია პირდაპირ “ქართულ ოცნებას” წაართმევს ხმებს
ანალიტიკოსი და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი იგორ კვესელავა გაზეთ “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს აფასებს.
ინტერვიუში კვესელავამ “ქართული ოცნებიდან” გიორგი გახარიას წასვლის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ “ქართული ოცნების” საპირწონე ძალა, როგორც ჩანს, ისევ და ისევ “ქართულ ოცნებაში” ჩამოყალიბდა.
“დავიწყოთ იმით, რომ გიორგი გახარიას გარეშე “ქართულო ოცნებას” 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება ძალიან გაუჭირდებოდა. გახარია იყო სიის პირველი ნომერი და იმ კონკრეტულ სიტუციაში ბიძინა ივანიშვილმა სწორედ მასზე გათვალა “ქართული ოცნების” გამარჯვება, რაც აბსოლუტურად სწორი იყო, მაგრამ გახარია წინააღმდეგობაში მოვიდა კობახიძე-თალაკვაძის ჯგუფთან. ნიკანორ მელიას დაპატიმრება იყო საბაბი, რათა გახარია წასულიყო. გახარიას სანამ პოლიტიკიდან განდევნიდნენ, მანამდე დაასწრო და წავიდა, რათა მოვიდეს. დიახ, გიორგი გახარია აქამდე პოლიტიკაში არ ყოფილა, ის პოლიტიკაში ახლა მოდის.
როცა შენი გადაწყვეტილება რაღაც ამბიციური ჯგუფის მხრიდან რევიზიას ექვემდებარება, ალბათ, ჯობს, წახვიდე, რაც გახარიამ გააკეთა კიდეც. ყველაზე მეტად იმაზე მწყდება გული, რომ პროცესებში, რაც აუცილებლად მოხდება ირაკლი ღარიბაშვილი და გიორგი გახარია სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდებიან. გასათვალისწინებელია ერთი რამეც – გახარიას ამომრჩეველი არ იქნება “ნაცმოძრაობის” ამომრჩეველი და გიორგი გახარია პირდაპირ “ქართულ ოცნებას” წაართმევს ხმებს, რაც ძალიან დამაფიქრებელია.
უახლოეს პერიოდში პარლამენტში შეიქმნება გიორგი გახარიას მხარდამჭერთა საკმაოდ ძლიერი ფრაქცია. უფრო მეტიც, ველოდები გიორგი გახარიას შესვლას პარლამენტში. დარწმუნებული ვარ ნებისმიერ მაჟორიტარულ ოლქში, რომელიც აუცილებლად გამოთავისუფლდება, გახარია ადვილად გაიმარჯვებს. ის იქნება კონსტრუქციული და არავითარ შემთხვევაში ქუჩის ოპოზიცია.
“ქართული ოცნების” საპირწონე ძალა, როგორც ჩანს, ჩამოყალიბდა ისევ და ისევ “ქართულ ოცნებაში” და არავითარ შემთხვევაში “ნაცმოძრაობაში”.
გიორგი გახარია სწორედ ქართული წიაღიდან მოდის. აქედან დასკვნა ბიძინა ივანიშვილის სურვილი გაცხადდა და “ქართული ოცნების” წიაღში შეიქმნა ძალა, რომელიც უახლოეს პერიოდში შეიქმნება და 2021 წლის შემოდგომაზე აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას ადგილობრივ არჩევნებში, რომელსაც ფაქტობრივად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობა ექნება. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიცია აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას. გიორგი გახარიას როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილის და დასავლეთის მხარდაჭერა ექნება. ამასთანავე, გიორგი გახარიამ ორიენტაცია უნდა გააკეთოს იმ ხალხზე, რომელიც ხმას არავის აძლევს. ასეთი ხალხი კი 30 პროცენტზე მეტია. გარდა ამისა, გახარიამ უნდა წარმოადგინოს აბსოლუტურად განსხვავებული, არა მილიონერებსა და ბანკირებზე, არამედ საშუალო ფენაზე გათვლილი პროგრამა, წინააღმდეგ შემთხვევაში მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს.
ოპოზიცია იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, იძულებულია იფართხალოს. ახლა ისინი ცდილობენ, მთელი საქართველო შემოიარონ, რათა ხელისუფლებას როგორმე სუსტი წერტილი უპოვონ და იქიდან ააგორონ წინააღმდეგობის ტალღა, მაგრამ აშკარაა, რომ ეს ვერ მოხერხდება. სააკაშვილმა წინააღმდეგობის ტალღა ააგორა შევარდნაძის მიერ ყველაზე მეტად აოხრებული და გადათელილი სამეგრელოდან, კერძოდ წალენჯიხიდან. სამეგრელო იყო შევარდნაძის სუსტი წერტილი. კახეთში, რომ ყოფილიყო, ცხადია, წინააღმდეგობა კახეთიდან დაიწყებოდა. დღევანდელ ხელისუფლებას ასეთი სუსტი წერტილი არა აქვს. მგონია, რომ ოპოზიცია პარლამენტში მაისში შევა, სხვა შანსი მას არ აქვს”,- განაცხადა კვესელავამ.