ვახტანგ ძაბირაძე: მოლაპარაკებების ჩაშლაში სააკაშვილის ფაქტორი გადამწყვეტი იყო
“მოლაპარაკებების ჩაშლაში სააკაშვილის ფაქტორი გადამწყვეტი იყო”, – ამის შესახებ ექსპერტი, ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ ,,კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში საუბრობს.
ესპერტის თქმით, ამდენი ლაპარაკისა და პარტნიორების გაწეული ძალისხმევის შემდეგ, ყველაფერი ისევ საწყის ეტაპს დაუბრუნდა.
,,ექსპერტთა წრეებშიც თუ საზოგადოებაშიც დიდწილად ველოდით, რომ მოლაპარაკება ჩაიშლებოდა. საქმე ის არის, რომ, მიუხედავად განცხადებებისა, თითქოს პროცესი მეტნაკლებად კარგად მიდიოდა, აშკარად ჩანდა, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან წითელი ხაზები ყოველთვის იყო. ამ შეხვედრებს ერთი დადებითი მხარე მაინც ჰქონდა – დასავლეთი და ჩვენი პარტნიორები ქართულ პოლიტიკურ სივრცესა და აქაურ პროცესებს კარგად გაეცნენ, რისი დეფიციტი აქამდე იგრძნობოდა. ამ ხანგრძლივმა მოლაპარაკებამ, ვფიქრობ, დანიელსონსაც და საზოგადოდ, ევროპელებსაც, ქართული პოლიტიკის რეალური სურათი აჩვენა, კარგად დაანახა, თუ რას წარმოადგენს ჩვენი პოლიტიკური სპექტრი. სამწუხაროდ, თავის მოსაწონი არაფერი გვაქვს.
როდესაც ვამბობდით, რომ შეხვედრების შედეგი შეიძლება, ძალიან მცირე ყოფილიყო, ვამბობდით სწორედ იმიტომ, რომ კარგად ვიცნობთ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს. ერთია, ისინი რას ამბობენ და მეორე, რას აკეთებენ. ახლა მათ მშვენივრად გააცნეს თავი ჩვენს დასავლელ პარტნიორებსაც.
ხელს ერთმანეთისკენ იშვერენ, რამდენად გულწრფელია ერთი ან მეორე მხარე, ამაზე რთულია ლაპარაკი, მაგრამ ცხადია, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ქვეყნის საწინააღმდეგო დინებით მიდიან. ორივე ლაპარაკობს ხალხის სახელით, მაგრამ მოქმედებს ხალხისა და სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ.
ამ მოლაპარაკებამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რასაც 30 წელია, თავი ვერ დავაღწიეთ – ჩვენ მოწინააღმდეგის განადგურებას ვცდილობთ და არა – მის დაყოლიებასა და დათანხმებას. კომპრომისი ასე გვესმის – ჩვენ არაფერს დავთმობთ, მხოლოდ მეორე მხარემ უნდა გადმოგდას ჩვენკენ ნაბიჯი. ამის ნათელი მაგალითია ,,ნაციონალური მოძრაობა”, რომლის წევრისგან გაუგონარი რამ მოვისმინეთ – თურმე მათი კომპრომისი ის ყოფილა, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ. როდესაც ქვეყანაში ნომერ მეორე პარტიის წარმომადგენელი ასეთ განცხადებას აკეთებს, იქ სერიოზულ და ლოგიკურ განზრახვაზე ლაპარაკი შეიძლება?
ამდენი ლაპარაკისა და ჩვენი პარტნიორების გაწეული ძალისხმევის შემდეგ ყველაფერი ისევ საწყის ეტაპს დაუბრუნდა – ოპოზიცია ისევ ქუჩის აქციებზე ლაპარაკობს, პარლამენტი და მთავრობა კი განაგრძობენ საქმიანობას”, – აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.
ექსპერტის თქმით, ოპიზიციას არ შეუძლია აქციაზე იმდენი ხალხის გამოყვანა, რომ ხელისუფლება დააფიქროს.
,,ოპოზიცია პარლამენტში შესვლით არაფერსაც არ კარგავდა, მეტიც, ის პოლიტიკურ ქულებს ჩაიწერდა და საერთაშორისო მხარდაჭერასაც მიიღებდა, მაგრამ პარლამენტის ტრიბუნაზე უარი თქვეს. ოპოზიციას თუ აქვს ამის თავი, ერთ რამეს შევთავაზებ – ერთხელ გამოიყვანოს ხალხის ის რაოდენობა, რაც 2011 თუ 2012 წელს გამოიყვანა ივანიშვილმა თავისუფლების მოედანზე. ხელისუფლება მხოლოდ ამ შემთხვევაში დაფიქრდება, რა ქნას. ახლა 20 კაცით გინდა შუშის სასახლეს მიადექი, გინდა პარლამენტს და გინდ კანცელარიას…
უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა ყველასთვის გასაგებად თქვა, რომ ევროკავშირი ცნობს არჩევნების ლეგიტიმურობას, რამაც საბოლოოდ გამოაცალა ოპოზიციას არგუმენტი იმის სათქმელად, რომ არჩევნები გაყალბდა. მათი რიტორიკაც შეიცვალა, ახლა ცდილობენ, არჩევნების გაყალბება აღარ ახსენონ, ამბობენ, პოლიტიკური კრიზისის გადასაწყვეტად უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნებიო.
მოკლედ, დანიელსონს ქართულ პოლიტიკურ სპექტრზე სრული წარმოდგენა შეექმნა. მას აუცილებლად ექნება შეხვედრა შარლ მიშელსა და ევროპარლამენტარებთან და მეეჭვება მისი აზრი ოპოზიციის სასარგებლო იყოს.
ჩემი აზრით, მოლაპარაკების ჩაშლაში სააკაშვილის ფაქტორი გადამწყვეტი იყო. ოპოზიციაში ამას ვინ აღიარებს და ვინ არა, უმნიშვნელოა, რადგან ეს ფაქტია. დღეს ოპოზიცია, გარდა ელისაშვილის პარტიისა და ,,გირჩისა”, მიხეილ სააკაშვილის ორბიტაზე ტრიალებს. სასაცილო იქნება, თუ ვინმე დაიჩემებს, რომ გადწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებს. სააკაშვილი არა მარტო ,,ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკას განსაზღვრავს, არამედ – მთელი ოპოზიციისას. ამასთან, ამ პროცესმა ცხადყო ისიც, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის” რეალური თავმჯდომარე სწორედ მიხელ სააკაშვილია და მელია ვერაფერსაც ვერ წყვეტს. ის დამოუკიდებლად თამაშს ვერასდროს შეძლებს და თავმჯდომარედაც მანამ დარჩება, ვიდრე სააკაშვილი მოინდომებს”, – აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.
შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა, რა დროსაც ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებებს მედიატორობდა. მოლაპარაკებები კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა.