ირაკლი გოგავა: ირაკლი ღარიბაშვილს ძალიან რთულ ვითარებაში უწევს პრემიერობა
“ირაკლი ღარიბაშვილს ძალიან რთულ ვითარებაში უწევს პრემიერობა. ქვეყანა პანდემიის გამო ძალიან დაზარალდა, ეკონომიკა განადგურებულია, პოლიტიკურ გუნდშიც არ არის ერთიანობა”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ირაკლი გოგავა გაზეთ “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში აცხადებს.
ანალიტიკოსი ინტერვიუში ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს აფასებს.
“ცოტა ხნის წინ ტელეკომპანია “პირველზე” გავრცელებული ფარული აუდიომასალა სამეგრელოს კასრებში გადანახული ბინძური ჩანაწერების კონტექსტში უნდა განვიხილოთ. ეს ის მასალაა, რომელსაც სააკაშვილის რეჟიმი ინდუსტრიული წესითა და კონვეიერული სისტემით ამზადებდა. როგორც ცნობილია, ამ მასალების დიდი ნაწილი ნაპოვნი და განადგურებულია, მაგრამ ეტყობა, დუბლიკატები ან სხვა ჩანაწერები სააკაშვილს კიდევ აქვს, რასაც ადამიანების დასაშანტაჟებლად და დასაშინებლად იყენებს. მიზანს ვერ მიაღწიეს და ამიტომაც არიან გაგიჟებული. სულ რომ ოქროები დაყაროს მიწაზე, სააკაშვილი ქართველ ხალხს ეზიზღება. ,,ნაცმოძრაობა,, ქართველი ხალხისთვის წითელი ხაზია, რაშიც დასავლეთიც დარწმუნდა და ამ ეტაპზე სააკაშვილის დაბრუნებაზე “ჩალიჩი” შეწყვიტა. ამის დასტურია ვიოლა ფონ კრამონის განცხადებაც, სადაც მან სააკაშვილს “დესტრუქციული” უწოდა. აღარაფერს ვამბობ იმის შესახებ, რომ ევროკავშირის ერთ-ერთმა ყველაზე უფრო რეიტინგულმა გამოცემა “ევროაქტივმა” სააკაშვილი “კრემლის სასარგებლო იდიოტად” გამოაცხადა. უკრაინაში ყველამ იცის, რომ სააკაშვილი თავის მოვალეობას არ ასრულებს. მოგეხსენებათ, კაბინეტში ვერ გააჩერებ. უბრალოდ, უკრაინა სააკაშვილისთვის არის თავშესაფარი – სთხოვეს ზელენსკის და მანაც შეიფარა.
ფაქტია, რომ სააკაშვილი ხან რუსებს ემსახურება და ხან – ნეოკონსერვატებს. ნებისმიერ შემთხვევაში, ლევან მამალაძეს მადლობა უნდა გადავუხადოთ, რომელმაც ქვეყანას სერიოზული ხათაბალა ააცილა. ჩვენ ვნახეთ და მოვისმინეთ მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ სააკაშვილი და ადეიშვილი ჟურნალისტების – ნოდარ მელაძისა და მაკა ჩიხლაძის მკვლელობას გეგმავენ. სააკაშვილი რომ ამ სიბინძურეზეა წამსვლელი, ნაცებში ყველამ იცის, ხოლო თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ლევან მამალაძეს უკრაინაში ძალიან სერიოზული კავშირები აქვს, მაშინ შეგვიძლია, დარწმუნებით განვაცხადოთ, რომ ის, რაც მან ილაპარაკა, სიმართლეა. კერძოდ, უკრაინის უშიშროების სამსახურის ყოფილმა თანამშრომლებმა, რომლებიც ამ ტიპის ინფორმაციებზე ნადირობენ და მერე ამ მასალებს ყიდიან, ხელში ჩაიგდეს სააკაშვილის და ადეიშვილის სატელეფონო ჩანაწერი და სააკაშვილის ვიდეო საუბარი, სადაც ლაპარაკია ჟურნალისტების ნოდარ მელაძისა და მაკა ჩიხლაძის ფიზიკურ ლიკვიდაციაზე.
ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საკითხი საბოლოოდ დახურულია, თუ არ ჩავთვლით იმას რომ ეს იდეა ნაცებმა აიკვიატეს. დასავლეთმა გარკვევით თქვა – საქართველოში ოპოზიციამ არჩევნების გაყალბების შესახებ მტკიცებულებები ვერ დადო. ამით თემა დახურულია და ვინც რა გინდა თქვას, საუბარი მორჩა. “ნაცებს” ბიულეტენების თავიდან გადათვლა ხელს არ აძლევთ, რადგან დარწმუნებულნი არიან, რომ ხმები სწორედ მათ სასრგებლოდ გაყალბდა. ბიულეტენები გააყალბეს ნაცებმა, რომლებსაც თავიანთი აგენტურა “ქართულ ოცნებაში” ჰყავთ ჩანერგილი.
ირაკლი ღარიბაშვილს ძალიან რთულ ვითარებაში უწევს პრემიერობა. ქვეყანა პანდემიის გამო ძალიან დაზარალდა, ეკონომიკა განადგურებულია, პოლიტიკურ გუნდშიც არ არის ერთიანობა. ღარიბაშვილის სწორად მოიქცა, როცა განაცხადა რომ მაისის ბოლომდე უნდა დაიდოს ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების პოლიტიკურ-ეკონომიკური გეგმა. ირაკლი პატრიოტი კაცია, მაგრამ ძალიან მძიმე და ცუდი დროა. როცა ევროპა ეუბნება სააკაშვილის ზონდერებსა და ადამიანის მწამებლებს ყველაფერი უნდა აპატიო და მასთან ერთად კოჰაბიტაციაში იცხოვრო, იქ უკვე ყველაფერი ინგრევა.
ამიტომ, ჩვენ დასავლეთთან ურთიერთობას უნდა გადავხედოთ და ყველაფერი ახალ ფორმატში დავიწყოთ. არადა, იმ კონტრიბუციის საპირწონედ, რასაც ჩვენ ვიხდით, დასავლეთისგან, ფაქტობრივად, არაფერს ვიღებთ”, – განაცხადა გოგავამ.