საპარლამენტო დელეგაციამ, ონლაინ ფორმატში, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის, სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა

სუამი-ის საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ხელაშვილის ხელმძღვანელობით, დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე დებატები გამართა.

ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ და პარლამენტის წევრებმა კახა კახიშვილმა, დავით მათიკაშვილმა, ლევან მგალობლიშვილმა, ირაკლი ზარქუამ.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განხილვის თემას ყარაბაღის კონფლიქტი წარმოადგენდა. მხარეების მიერ აღინიშნა, რომ რეგიონის სამომავლო ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარებისთვის კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტას ალტერნატივა არ გააჩნია. გიორგი ხელაშვილმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. მათ შორის, საუბარი შეეხო ცხინვალის უკანონო რეჟიმის მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის საკითხს. საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა რუსეთის აგრესიულ ქმედებებს, მიმდინარე მცოცავ ოკუპაციას და აღნიშნა, რომ ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზება, რადგან როგორც ადამიანის უფლებების, ასევე ჰუმანიტარული ვითარების მხრივ სიტუაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყოველდღიურად უარესდება.

ასამბლეაზე მხარეებმა კოვიდ-19-ის პანდემიასთან ბრძოლის გამოცდილებაზე იმსჯელეს. გიორგი ხელაშვილმა კოლეგებს გააცნო საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება და ხაზი გაუსვა, რომ ეპიდემიის ეფექტურ მართვასთან ერთად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ეკონომიკურ რეაბილიტაციაზე. სუამ-ის სადამკვირვებლო მისიის წევრებმა, რომელიც 2020 წლის ოქტომბერში საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდნენ თავიანთ დასკვნაში, რომელიც წარედგინა ასამბლეას, აღნიშნეს, რომ არჩევნები ჩატარდა საერთაშირისო დემოკრატიული სტანდარტების გათვალისწინებით თავისუფალ და სამართლიან ვითარებაში, რომელიც სრულად გამოხატავდა საქართველოს მოსახლეობის ნებას.

ასამბლეაზე პარლამენტის წევრებმა ასევე იმსჯელეს სუამ-ის ფარგლებში სამომავლო ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე და ერთობლივი პროექტების წარმოებაზე. აღინიშნა, რომ სუამ-ის ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობისა და სატრანსპორტო კორიდორის პოტენციალი ეფექტურად არის გამოსაყენებელი. საუბარი შეეხო ბალტიის ქვეყნებთან თანამშრომლობის გააქტიურებას კონკრეტული მიმართულებებით. 2021 წელს დემოკრატიისა და განვითარების ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა საქართველო იქნება.

ასამბლეის მუშაობაში საქართველოს, აზერბაიჯანის, მოლდოვას რესპუბლიკის და უკრაინის საპარლამენტო დელეგაციებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ბალტიის ასამბლეის, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეისა (PABSEC) და თურქულენოვანი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეების წარმომადგენლებმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები