“საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები საქართველოში ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობას აღიარებენ” – ამერიკის ხმა

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები საქართველოში ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობას აღიარებენ და აცხადებენ, რომ შესაძლო დარღვევების გამოძიება ოპოზიციამ არა ბოიკოტის, არამედ სასამართლოს გზით უნდა მოითხოვოს. ეს მოსაზრება დიპლომატებმა ჟურნალისტებთან საუბარში არაერთხელ დააფიქსირეს“ – ნათქვამია „ამერიკის ხმის“ სტატიაში სათაურით „საქართველო: ოპოზიციას სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე უარი უთხრეს“

როგორც სტატიაშია აღნიშნული, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა უარი თქვეს ოპოზიციონერი კოლეგების მანდატების შეწყვეტაზე, აშშ-ის საელჩოში ამ გადაწყვეტილებას „პოზიტიური ნაბიჯი“ უწოდეს და აღნიშნეს, რომ ახლა პარტიებს უფრო მეტი დრო ექნება იმისთვის, რომ „კონსენსუსს მიაღწიონ, თუკი ეს შესაძლებელი იქნება და მოკლე დროში მიაღწიონ ისეთ შეთანხმებას, რომელიც საქართველოში დემოკრატიულ პროცესს გააძლიერებს და პირველ ადგილზე ქვეყნის ინტერესებს დააყენებს“.
ამასთანავე, ავტორის თქმით, აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ სოციოლოგიური კვლევების თანახმად, კერძოდ, NDI-ის ბოლო გამოკითხვის მიხედვით, ამომრჩეველთა 76%-მა თქვა, რომ მათ მიერ არჩეული დეპუტატების პარლამენტში ხილვა სურთ.
აქვე სტატიის ავტორს ექსპერტთა მოსაზრებებიც მოჰყავს.
„საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი, ნიკა ჩიტაძე აცხადებს, რომ ოპოზიციონერი დეპუტატების მანდატების შეწყვეტაზე უარის თქმით, „ქართული ოცნება“ ცდილობს, „გაწელოს დრო“, რათა პარლამენტში შესვლაზე ოპოზიციის ნაწილი მაინც დაითანხმოს. ექსპერტის აზრით, მმართველ ძალას ეს საკუთარი მოსახლეობისა და უცხოელი პარტნიორების თვალში უფრო მეტი ლეგიტიმურობის მისაღწევად სჭირდება. „ქვეყანაში, რომელსაც დემოკრატიულობაზე აქვს პრეტენზია, პარლამენტში 6 ან 10 ოპოზიციონერი დეპუტატის ყოფნა ძალიან არასერიოზულია. „ქართული ოცნება“ ცდილობს, მოიგოს დრო, რათა პარლამენტში მუშაობაზე პატარა პარტიები მაინც დაითანხმოს“, – განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.
სახელმწიფო მართვის ინსტიტუტის პროფესორის, თორნიკე შარაშენიძის აზრით, ოპოზიციონერი დეპუტატების მანდატების შეწყვეტაზე უარის თქმისას, საქართველოს ხელისუფლებას შემდეგი მიზანი ამოძრავებს: დაიყოლიოს პატარა პარტიები პარლამენტში შესვლაზე და ამგვარად, იზოლაციაში მოაქციოს ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია – მიხეილ სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.
„ქართულმა ოცნებამ“, ფაქტობრივად, უკვე დაითანხმა 3 პატარა პარტია პარლამენტში შესვლაზე. დიდია ალბათობაა, რომ მოლაპარაკებების შედეგად მათ სხვა პატარა პარტიებიც შეუერთდებიან. ამ პროცესის საბოლოო მიზანი სააკაშვილის პარტიის და „ევროპული საქართველოს“ იზოლაციაა. ამ უკანასკნელს ხელისუფლება „ნაციონალური მოძრაობის“ პრიზმაში განიხილავს. პარლამენტს მიღმა დარჩენილი ეს პარტიები, დიდი ალბათობით, ძველ გავლენასა და ელექტორატის ნაწილს დაკარგავენ. ზუსტად ეს აწყობს მმართველ ძალას“, – აცხადებს შარაშენიძე“ – ნათქვამია „ამერიკის ხმის“ სტატიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები