„დასავლელი პარტნიორები საქართველოს პოლიტიკურ ძალებს შეთანხმებისკენ მოუწოდებენ” – ამერიკის ხმა
„საქართველო: ოპოზიციას სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე უარი უთხრეს“, – სტატიას ამ სათაურით „ამერიკის ხმა“ აქვეყნებს.
„დასავლელი პარტნიორები საქართველოს პოლიტიკურ ძალებს შეთანხმებისკენ მოუწოდებენ”, – წერს სტატიის ავტორი და აქვე აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“, რომელიც უმრავლესობას ფლობს, უარს ამბობს ოპოზიციონერი დეპუტატების მანდატების გაუქმებაზე, რომლებიც საკუთარი უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვენ.
„51 ოპოზიციონერი ამტკიცებს, რომ 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და უკვე მეოთხე თვეა ბოიკოტს უცხადებენ მეათე მოწვევის პარლამენტს. ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა, ზურაბ ჯაფარიძემ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა და ამტკიცებს, რომ მუშაობის იძულება, ამ შემთხვევაში პარლამენტში, საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლს ეწინააღმდეგება.
„მანდატთან ერთად მე შეზღუდული მაქვს სხვადასხვა უფლება, საგანმანათლებლო საქმიანობის გარდა არაფრის კეთების უფლება არ მაქვს იმის გამო, რომ ფორმალურად მანდატი არ გამიუქმეს. გარდა ამისა, სახელმწიფო ჩემგან ითხოვს დეკლარაციის ჩაბარებას და ჩაუბარებლობის შემთხვევაში ჯერ ჯარიმას დამაკისრებენ, შემდეგ კი – სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. ეს ყველაფერი არაკონსტიტუციურია, ეს სიგიჟეა, რომ ადამიანს ავალებდე, გინდა თუ არა აქ იმუშაო“, – ციტირებს „ამერიკის ხმა“ ჯაფარიძეს.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებით, მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნება“ ხმათა 48.22% მიიღო და ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში 150 ადგილიდან 90 მოიპოვა. ოპოზიციური პარტიებიდან ყველაზე მეტი მანდატი – 36 ახალ პარლამენტში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო, რომლესაც ხმა ამომრჩეველთა 27.18%-მა მისცა. მას „ევროპული საქართველო“ მოჰყვება 5 მანდატით (3.79%) – პარტია, რომელიც სააკაშვილის თანამებრძოლებმა „ენმ-ში“ განხეთქილების შემდეგ შექმნეს. პარლამენტში შესულმა კიდევ ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ ერთიდან ოთხ მანდატამდე მიიღო, მათ შორის პრორუსულმა „პატრიოტთა ალიანსმა“ (4 მანდატი).
„პარლამენტში ადგილებზე უარი ორი პარტიიდან ექვსმა დეპუტატმა არ თქვა: „მოქალაქეებმა“ და „ევროპელმა სოციალისტებმა“. სავარაუდოდ, მათ კიდევ 4 ოპოზიციონერი შეუერთდება პარტიიდან „გირჩი“. ამასთან, ხელისუფლების წარმომადგენლები არ მალავენ, რომ პარლამენტში მეტი ოპოზიციონერი დეპუტატის ნახვა სურთ. დანარჩენი ოპოზიციონერები ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, თუმცა ხელისუფლება ამას გამორიცხავს და აცხადებს, რომ ამ საკითხის გარდა მზად არიან კომპრომისზე მთელ რიგ სხვა საკითხებში წავიდნენ, მათ შორის: დაწიონ საარჩევნო ბარიერი, შეცვალონ ცესკოს, საოლქო და საუბნო კომისიების შემადგენლობის შერჩევის წესი და საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიები დანერგონ“, – ნათქვამია სტატიაში.