გიორგი ტურაზაშვილი: როდესაც პარლამენტს გარეთ რჩებოდნენ, პარტიებს აუცილებლად უნდა გაეთვალისწინებინათ, რომ პარლამენტი მათ გარეშე მიიღებდა ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს

მე-10 მოწვევის პარლამენტი რიგგარეშე სესიაზე ამინისტიის კანონპროექტს მე-2 მოსმენით განიხილავს. გუშინ ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიული კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტს, რომელიც თავდაპირველად 46 მუხლისგან შედგებოდა, 20-მდე ახალი მუხლი დაემატა. კანონპროექტის განხილვაში ,,ქართული ოცნების“ დეპუტაციის გარდა მონაწილეობას იღებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, უცხოელი სპეციალისტები. ,,კვირა“ ამინისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელს, გიორგი ტურაზაშვილს დაუკავშირდა, რომელიც კანონპროექტის არსობრივ განხილვაში ადვოკატთა ასოციაციის სახელით იღებდა მონაწილეობას:

-დღეს დილიდან პარლამენტში არშესული ოპოზიცია პრეტენზიას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ ,,ქართული ოცნება“ ერთპიროვნულად განიხილავს ისეთ მნიშნელოვან სამართლებრივ აქტს, როგორიც ამინისტიაა. აცხადებენ იმასაც, რომ ასე ერთპარტიულად განხილული კანონპროექტი ლეგიტიმაციას კარგავს.

-ოპოზიცია ამ შემთხვევაში პოლიტპრეტენზიულია და მათი განცხადებები არა სამართალს, არამედ პოლიტიკას უკავშირდება. ამინისტიის კანონი უმნიშვნელოვანესია ადამიანებისთვის, მთლიანად ქართული საზოგადოებისთვის, ქვეყნის ხელისუფლება სისხლის სამართლის პოლიტიკით ადგენს მოქმედების ახალ სტრატეგიას და ეს არ შეიძლება, მეორეხარისხოვანი იყოს როგორც პოზიციისთვის, ისე – ოპოზიციისთვის. შეწყალებას, როგორც ჰუმანურ აქტს, ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან მიმართვდნენ დიდი იმპერიის მმართველები, ქართველი მეფეები. ამინისტიის კანონი ადამიანთა დანაშაულებრივ ქმედებებსა თუ უმოქმედობას უკავშირდება და გარკვეული მუხლების ჩამონათვალს მოიცავს, რომელიც ამ დანაშაულის პატიებას უკავშირდება. ასე რომ, ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ პოლიტპრეტენზიები და სამართალი. როდესაც პარლამენტს გარეთ რჩებოდნენ, პარტიებს აუცილებლად უნდა გაეთვალისწინებინათ, რომ პარლამენტი მათ გარეშე მიიღებდა ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშნელოვან გადაწყვეტილებებს.

-გუშინ საკომიტეტო მოსმენაზე ადვოკატთა ასოციაციის სახელით თქვენ წარადგინეთ რამდენიმე მნიშნელოვანი მუხლი, რომელიც დაემატა კანონპროექტს. რა მუხლებზე იყო საუბარი?

-ზოგადად, სახელისუფლებო პარტია განწყობილი იყო იმისათვის, რომ მსჯავრდებულთა რაც შეიძლება ფართო ფენას შეხებოდა ამინისტია, გაზრდილიყო იმ მუხლების ჩამონათვალი, რომლებსაც ამინისტია შეეხებოდა. სასჯელი გაუნახევრდება და გაუმეოთხედდება მსუბუქ დანაშაულში მხილებულ ბევრ მსჯავრდებულს, თუმცა, მძიმე სასჯელისთვის ბრალდებულებზეც დაიშვა გარჯვეული შემამსუბუქებელი საკანონდბელო შეღავათები. ასეთი იყო, მაგალითად, უვადო პატიმრობის მუხლი, რომელიც თავისუფლების 20 წლით აღკვეთით შეიცვალა და ისიც დროთა გაანმავლობაში შესაძლოა, კიდევ უფრო შემსუბუქდეს. კომიტეტების მუშაობისას საუბარი იყო იმაზეც, რომ პარლამენტარებს არ უნდა დაეშვათ სუბიექტური მიდგომები.

-,,სუბიექტურ მიდგომებში“ რა იგულისხმება?

-სხვადასხვა მმართველობისა და ხელისუფლების დროს, ქართულ სინამდვილეში, არაერთხელ მომხდარა კანონისა და ამინისტიის მუხლების მისადაგება კონკრეტულ დანაშაულებებსა თუ კონკრეტულ პატიმრებზე. სწორედ ეს იგულისხმება ,,სუბიექტურ მიდგომებში“. კანონი ყველასთვის თანაბარი უნდა იყოს და სუბიექტივიზმი ქართულმა პოლიტელიტამ, ვინც უნდა იყოს ის, ახლანდელი თუ მომავალი, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაივიწყოს. რაც ყველაზე მთავარია, ამინისტიის კანონი უნდა ჰგავდეს ამინისტიას და არ დარჩეს ფორმალურად. ის უნდა შეეხოს მსჯავრდებულთა დიდ მასას, ამის მზაობა ნამდვილად იგრძნობა დღევანდელ პარლამენტში.

-ამინისტიის შესახებ სხვადასხვა დროს მიღებული კანონებში ყოველთვის იგრძნობოდა ხელისუფლების ხელწერა. რა მიდგომებით გამოირჩევა 2021 წლის ამინისტია?

-სახელმწიფომ პირველად განიხილა სისხლის სამართლის კოდექსის მუხლებით გათვალისწინებული ის დანაშაულებები, რომლებიც მიმართულია სახელმწიფოებრიობის, სახელმწიფო წესრიგის ხელყოფისკენ. შემსუბუქდება ოჯახური ძალადობის გამო დაწესებული სასჯელებიც, ოღონდ – გარკვეული დათქმებით. მაგალითად დაზარალებულის თანხმობით, ზარალის ანაზღაურებით, მომჩივანი მხარის დაკმაყოფილებით ან ასეთის არარსებობის შემთხვევაში. შემსუბუქდება ნარკოდანაშაულისთვის განსაზღვრული სასჯელები სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილში, ოღონდ არა – ნარკორიალოზატორების კუთხით.

-რაც შეეხებათ ქალებსა და არასრულწლოვნებს?

-იმ მანდილოსნებს, რომლებსაც სასჯელის შედარებით მსუბუქი ფორმა აქვთ მისჯილი და სახლში არასრულწლოვანი შვილები ელოდებიან, მსუბუქ დანაშაულში ბრალებულ სტუდენტებს, აღმკვეთ ღონისძიებად შიდაპატიმრობა განესაზღვრებათ, რომლებიც სასჯელს სახლში მოიხდიან და საშუალება მიეცემათ, განაგრძონ სწავლა ონლაინ ლექციების მეშვეობით. გუშინდელ საკომიტეტო მოსმენაში მონაწილეობდნენ საპატრიარქოს წარმომაგენლები, ის მოძღვრები, რომლებსაც ყოველღიური ურთიერთობა აქვთ მსჯავრებულებთან. მათი პოზიცია გააზრებული, ახსნადი და არგუმენტირებული იყო, ისაუბრეს უვადო პატიმრებზეც და თავიანთი მოსაზრება სულიერი თვალსაზრისითაც დაასაბუთეს. საკომიტეტო მოსმენაზე ამინისტიის კანონპროექტი მრავალი თვალსაზრისითა და კუთხით იყო განხილული, მას ესწრებოდნენ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები; ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, ,,იემსი“, ,,მსჯავრდებულები საელმწიფოს განვითარებისთვის“, ადვოკათთა ასოციაცია, ისე – საპატრიარქოს წარმომადგენლები. პანდემიის გამო მაქსიმალურად შეზღუდულ აუდიტორიაში მოგვიწია მუშაობა, თუმცა, ყველა დაინტერესებული მხარე კანონმდებლობის შემუშავებაში მაინც წარმოდგენილი იყო, გარდა ოპოზიციური პარტიებისა, რომლებმაც თავადვე თქვეს უარი საპარლამენტო მუშაობაზე.

-ქართული კანონმდებლობა, განსაკუთრებით – სისხლის სამართლის კუთხით, მეტი ლიბერალიზმისკენ მიდის?

-არც სისხლის და არც საჯარო სამართალში გადამეტებულად მკაცრი კანონები საქართველოში აღარ გვაქვს.
უბრალოდ, მეტი პროფესიონალიზმია საჭირო ყველგან. კანონი თოხი არ არის, რომ ყანაში გამოგადგეს, ის სასამართლო დარბაზში უნდა გამოიყენო ისე, როგორც – ჩანგალი საჭმელში ჩასარჭობად და არა – სხეულის დაზიანების მისაყენებლად. კანონი უნდა კანონობდეს და ის სამართლიანი უნდა იყოს, რომელსაც პროფესიონალები განახორციელებენ.

ია დანელია

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები