დავით ზალკალიანმა სუამ-ის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტებზე ისაუბრა
სუამ-ის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ონლაინ-შეხვედრა 28 დეკემბერს გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა – დავით ზალკალიანმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა – ჯეიჰუნ ბაირამოვმა, მოლდოვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის მინისტრმა – აურელიო ჩოკოიმ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვასილი ბოდნარმა და სუამ-ის გენერალურმა მდივანმა, ალთაი ეფენდიევმა.
აღსანიშნავია, რომ 2021 წლის პირველი იანვრიდან საქართველო აზერბაიჯანიდან გადმოიბარებს სუამ-ის თავმჯდომარეობას 1 წლით. ამ კონტექსტში, ონლაინ-შეხვედრის ფარგლებში, დავით ზალკალიანმა კოლეგებს გააცნო სუამ-ში საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტები და აღნიშნა, რომ ყურადღება გამახვილდება ორგანიზაციის ფარგლებში ურთიერთქმედების გაძლიერებაზე როგორც პოლიტიკური, დარგობრივი და საპარლამენტო თანამშრომლობის მიმართულებებით, ისე, ხალხთაშორისი კონტაქტების გაღრმავების კუთხით. მინისტრებმა დავით ზალკალიანს წარმატებები უსურვეს ორგანიზაციაში საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდში, ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს კოლეგებმა მიულოცეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და მთავრობის დამტკიცება.
ონლაინ-შეხვედრაზე მინისტრებმა მიმოიხილეს კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ორგანიზაციის ფარგლებში გამართული ღონისძიებები, ისაუბრეს სამუშაო ჯგუფების/ქვეჯგუფების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ. მხარეებმა განსაკუთრებით აღნიშნეს წევრი ქვეყნების საბაჟო უწყებებს შორის აქტიური და წარმატებული თანამშრომლობა, რაც პანდემიით გამოწვეული სირთულეების ფონზე უაღრესად მნიშვნელოვანია.
ასევე, მინისტერიალზე ყურადღება გამახვილდა ორგანიზაციის დღის წესრიგში არსებულ ყველა აქტუალურ საკითხზე, მათ შორის, პოლიტიკური, დარგობრივი, პარლამენტთაშორისი და პარტნიორებთან თანამშრომლობის მიმართულებით.
სხდომის ფარგლებში, მინისტრებმა დადებითად შეაფასეს სუამ+ ფორმატის თანამშრომლობა ორგანიზაციის ძირითად პარტნიორ ქვეყნებთან და განიხილეს თანამშრომლობის პერსპექტივები სხვა ქვეყნებთან. ახალი პარტნიორების კონტექსტში, განსაკუთრებით აღინიშნა თანამშრომლობის ჩამოყალიბების შესაძლებლობა ისრაელის სახელმწიფოსთან.
შეხვედრის დასასრულ, ხელი მოეწერა გადაწყვეტილებებს საორგანიზაციო საკითხების შესახებ და გაფორმდა ონლაინ-სხდომის ოქმი.