აფბა – ლარის მიმართ ნდობა გაზრდილია, რაც კურსის სტაბილურობას და სავალუტო რეზერვების ზრდას უზრუნველყოფს

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბას“ შეფასებით ლარის მიმართ ნდობა მნიშვნელოვნად გაზრდილია, რაც უზრუნველყოფს, როგორც კურსის სტაბილურობას, ასევე სავალუტო რეზერვების მნიშვნელოვან ზრდას.

“ახალგაზრდა ფინანსისტების განცხადებით, ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობის ზრდას ადასტურებს სებ-ის მონაცემები, რომლის მიხედვითაც ლარში ნომინირებული დეპოზიტების მოცულობა 1.2 %-ით არის გაზრდილი, ხოლო ლარიზაციის მაჩვენებელი 49.2%-ს შეადგენს.
გარდა ამისა, როგორც აფბაში აცხადებენ, ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრები ჯანსაღია, სავალუტო შემოდინებები კვლავ ნარჩუნდება მაღალ ნიშნულზე, ხოლო მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით, საქართველოში ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელია დაფიქსირებული,რაც ბუნებრივია, ხელს უწყობს უცხოური ვალუტის შემოდინებას და ლარის სტაბილურობის დამატებით ფაქტორად გვევლინება.
„გასათვალისწინებელია ექსპორტის, მათ შორის ადგილობრივი ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდის ტენდენცია. მაისში მთლიანი ექსპორტის ზრდამ 15.7% შეადგინა, ხოლო ადგილობრივი ექსპორტი 10%-ითაა გაზრდილი. ამავდროულად, 12%-ით გაიზარდა ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა და რაც ყველაზე საყურადღებოა, ზრდის ტენდენცია დაფიქსირდა სწორედ აშშ-დან და ევროკავშირიდან გზავნილების მიმართულებით. ასევე, იანვარ-მაისში დაფიქსირებული ტურისტული ვიზიტების რეკორდული რაოდენობა აჩენს იმის მოლოდინს, რომ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებიც მნიშვნელოვნად გაიზრდება. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ზაფხულის აქტიური ტურისტული სეზონი ჯერ კიდევ წინაა. მთლიანობაში, ყველა ეს ძირითადი ფაქტორი უზრუნველყოფს უცხოური ვალუტის შემოდინებას, რაც ბუნებრივია,ეროვნული ვალუტის სტაბილურობას უწყობს ხელს”, – აცხადებენ აფბაში.

ახალგაზრდა ფინანსისტების შეფასებით, კურსის სტაბილურობის მიმართულებით საფრთხე რომ არ არსებობს, ამას ადასტურებს ეროვნული ბანკის პოლიტიკაც, რომელიც საერთაშორისო სავალუტო რეზერვების დაგროვებაზეა ორიენტირებული და ძლიერი შემოდინებების პარალელურად, რეზერვების მოცულობაც ყოველთვიურად იზრდება. წლის დასაწყისიდან საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 710 მილიონ აშშ დოლარზე მეტით გაიზარდა და 4.7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ სებ-ის მიერ რეზერვების ზრდა მოხდა იმ პერიოდშიც, როდესაც კომერციული ბანკების მხრიდან ხდებოდა დოლარის ყიდვა დივიდენდებისათვის, რაც ბუნებრივია დამატებითი ზეწოლაა ეროვნულ ვალუტაზე.

აფბა, კიდევ ერთხელ აღნიშნავს სებ-ის იმ გადაწყვეტილების მართებულობას, რომელიც მან თავის დროზე მიიღო და რაც მონეტარული ოქროს შეძენას უკავშირდება. ამ გადაწყვეტილების სისწორეს ადასტურებს ბოლო ტენდენციებიც, რომელთა მიხედვითაც, ოქროს ფასის ცვლილების შედეგად, მონეტარული ოქროს ღირებულება, მისი შეძენის მომენტიდან დღემდე, 250 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. რაც შეეხება ოქროს წილს მთლიან საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში, იგი 16% (754 მლნ აშშ დოლარი) შეადგენს.
როგორც ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ არა მაღალი ინფლაციური მოლოდინები, რომელსაც ძირითადად გლობალურ ბაზრებზე არსებული გეოპოლიტიკური დაძაბულობა განაპირობებს, ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირების შესაძლებლობაც ექნებოდა. თუმცა, არსებული ვითარების გათვალისწინებით აფბა ვარაუდობს, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე აღნიშნული განაკვეთი უცვლელად, 8%-ზე შენარჩუნდება,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები