ურსულა ფონ დერ ლაიენმა უნდობლობის ვოტუმი დაძლია

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, 10 ივლისს, ევროპარლამენტში უნდობლობის ვოტუმი დაძლია, რითაც ის თანამდებობის შენარჩუნებას შეძლებს,- ამის შესახებ “პოლიტიკო” წერს.

ევროპარლამენტის წევრების უმრავლესობამ კომისიის პრეზიდენტს მხარი დაუჭირა. კენჭისყრაში მისი წაგების შემთხვევაში, ფონ დერ ლაიენს და მისი კომისიის დანარჩენ წევრებს თანამდებობების დატოვება მოუწევდათ, რაც, მედიის ცნობით, ევროკავშირს ქაოსში ჩააგდებდა.

კენჭისყრაზე 720 ევროპარლამენტარიდან ხმის მისაცემად 553 მათგანი გამოცხადდა, წინადადებას მხარი 360-მა ევროპარლამენტარმა არ დაუჭირა, 175 მიემხრო, ხოლო 18-მა თავი შეიკავა ხმის მიცემისგან. ფონ დერ ლაიენისთვის კი უნდობლობის გამოსაცხადებლად 357 ხმა იყო საჭირო.

როგორც მედია იუწყება, ევროპარლამენტის ბევრი წევრი აცხადებს, რომ ეს ფონ დერ ლაიენისთვის „აბსოლუტურად უკანასკნელი შანსი“ იქნება.

შეგახსენებთ, ფონ დერ ლაიენისადმი ნდობის საკითხი მემარჯვენე ევროდეპუტატებმა დააყენეს და ამ საკითხის პარლამენტში გასატანად საჭირო რაოდენობის ხელმოწერები შეაგროვეს. მემარჯვენე ევროპარლამენტარები ფონ დერ ლაიენს „ფაიზერგეითის“ საქმის გამო აკრიტიკებენ, ევროკომისიას კი გამჭვირვალობის ნაკლებობასა და არასწორ მენეჯმენტში ადანაშაულებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები