მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევები იზრდება – დიდ ბრიტანეთში, ბოლო 24 საათში, კოვიდინფიცირების 34 693 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, თურქეთში უქმეებზე მკაცრი კარანტინია დაწესებული

“ექსპერტები ვარაუდობენ, რომ აშშ-ში, დღესასწაულების შემდეგ გაიზრდება ინფიცირების მაჩვენებელი, ისევე, როგორც ინფიცირების მაჩვენებლის მკვეთრი ზრდა გამოიწვია მადლიერების დღესასწაულზე გაზრდილმა მობილობამ და კოვიდ რეგულაციების უგულებელყოფამ”,- ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

მათივე ცნობით, მიუხედავად მოწოდებებისა, რომ მოსახლეობას თავი შეეკავებინა მოგზაურობისგან, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აშშ-ის აეროპორტებში 7 მილიონზე მეტი ადამიანი აღირიცხა.

„CDC გასცემს რეკომენდაციებს, როგორ უნდა აღინიშნოს ახალი წელი – ყველაზე უსაფრთხო გზა არის, რომ ადამიანები დარჩნენ სახლებში და ვირტუალურად აღნიშნონ დღესასწაულები. იმ შემთხვევაში, თუ მაინც გადაწყვეტენ შეკრებას, პირბადის ტარება აუცილებელია და ადამიანები უნდა მოერიდონ ალკოჰოლის მიღებას, რადგან შესაძლოა ეს ნეგატიურად აისახოს წესებისა და რეგულაციების დაცვაზე. ნებისმიერ შემთხვევაში, აუცილებელია ადამიანებმა თავი აარიდონ ხალხმრავალ ადგილებს, ხელები ხშირად დაიმუშავონ სადეზინფექციო სითხით და გაანიავონ დახურული სივრცეები. CDC მოუწოდებდა მოსახლეობას თავი შეეკავებინათ სიმღერისგან, რათა არ შეექმნათ ვირუსის გავრცელების დამატებითი წინაპირობები. აშშ-ში, პანდემიის მეორე ტალღის დროს განსაზღვრული ფინანსური დახმარების პაკეტის მიღების ვადა ამოიწურა და შესაძლოა მილიონობით მოქალაქე აღმოჩნდეს პირისპირ პანდემიის მძიმე შედეგებთან. ახალ პროექტს ხელი ისევ არ მოეწერა, შეუთანხმებლობის გამო შესაძლოა 14-მა მილიონმა ადამიანმა დაკარგოს ფინანსური შეღავათები უმუშევრებისთვის, რაც იქნება დიდი ფინანსური დარტყმა მილიონობით ადამიანისთვის“,- წერს უცხოური მედია.

ასევე საუბარია ლოს-ანჯელესში არსებული ვითარებაზე და ხაზგასმულია, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, პანდემიის მხრივ ზოგადი სიტუაცია კონტროლს აღარ ექვემდებარება და ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი იწვევს ჯანდაცვის სექტორის სრულ კოლაფსს – მზარდია კოვიდით გარდაცვალების მაჩვენებელი, იწურება საავადმყოფოების რესურსები და ექიმების შიშობენ, რომ მოუწევთ იზრუნონ იმ პაციენტების გადარჩენაზე, რომელთა მდგომარეობაც მეტადაა სიცოცხლესთან თავსებადი.

ექიმების განცხადებით, ადამიანური რესურსებისა და საწოლების ნაკლებობა გამოიწვევს კოვიდ პაციენტების მოვლის ხარისხის ვარდნას, რაც თავისთავად, აისახება სიკვდილიანობის ზრდაზე. კოვიდ აფეთქებების მიზეზებად სახელდება რეგულაციების უგულებელყოფა მოლებში, სასურსათო და არაძირითად მაღაზიებში, რესტორნებსა და საჯარო დაწესებულებებში,-წერს უცხოური მედია.

ევროპაში არსებულ ვითარებაზე საუბრისას კი აღნიშნულია, რომ დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი კოვიდის ახალი შტამის არსებობა დაადასტურეს ევროპის ქვეყნებმა – საფრანგეთმა, ესპანეთმა, შვედეთმა, კოვიდის ახალი შტამი აღმოჩენილია გერმანიაში, იტალიაში, დანიაში, ნიდერლანდებსა და ავსტრალიაში.

„ახალი შტამის არსებობა დადასტურდა იაპონიაშიც, კანადაშიც. ქვეყნები შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ კოვიდის ახალი შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორის განმარტებით, წინა შტამებისგან განსხვავებით, ახალი ვარიანტი ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფებში ვრცელდება“,- წერს უცხოური მედია.

კოვიდ 19-ის მსოფლიო სტატისტიკაზე საუბრისას ყურადღება გამახვილებულია დიდ ბრიტანეთში, იაპონიაში, ესპანეთში, თურქეთში, იტალიასა და რუსეთში არსებულ ვითარებაზე.

„დიდ ბრიტანეთში, ბოლო 24 საათში, კოვიდინფიცირების 34 693 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. უკანასკნელი დღეების განმავლობაში, ნარჩუნდება ინფიცირების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი – 30 ათასზე მეტი იაპონიაში კორონავირუსის ახალი სახეობით ინფიცირების შემთხვევები დადასტურდა. იაპონიაში კორონავირუსის ახალი სახეობის 5 შემთხვევა გამოვლინდა, ამის შესახებ იაპონიის ჯანდაცვის მინისტრმა ნორიჰისა ტამურამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრ იოშიჰიდე სუგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ახალი შტამით ინფიცირების შემთხვევები გაერთიანებული სამეფოდან დაბრუნებულ მოქალაქეებში დაფიქსირდა. ცნობისათვის, იაპონიამ გაერთიანებული სამეფოდან მგზავრების მიღება დროებით შეაჩერა. გამონაკლისს მხოლოდ იაპონიის მოქალაქეები და ქვეყანაში ცხოვრების უფლების მქონე პირები წარმოადგენენ. იაპონიაში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის ოთხი ათასამდე ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 214 259-მდე გაიზარდა. ესპანეთში კორონავირუსის ახალი სახეობით ინფიცირების შემთხვევები გამოვლინდა. ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში კორონავირუსის ახალი ე.წ. „ბრიტანული“ ვარიანტით ინფიცირების ოთხი შემთხვევა დადასტურდა, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, ერთ-ერთი ინფიცირებული ესპანეთში დიდი ბრიტანეთიდან ჩავიდა. მოგვიანებით კი დაავადება მისი ოჯახის სამ წევრსაც დაუდასტურდა. ინფიცირებულები მსუბუქი სიმპტომებით საავადმყოფოში არიან გადაყვანილები იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ-19 10 407 ადამიანს დაუდასტურდა, ვირუსით 261 ადამიანი დაიღუპა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე იტალიაში კოვიდ-19-ის 2 000 000-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 70 909 ადამიანი. თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ-19-ის 15 118 შემთხვევა გამოვლინდა, 253 ადამიანი გარდაიცვალა. კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, თურქეთში უქმეებზე მკაცრი კარანტინია დაწესებული, კვირის დღეების განმავლობაში კი კომენდანტის საათი მოქმედებს. რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 3 მილიონს გადააჭარბა. ბოლო 24 საათის განმავლობაში, კოვიდ 19-ის 29 258 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 3 021 964-ს მიაღწია. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით კიდევ 567 პაციენტი დაიღუპა და გარდაცვლილთა რიცხვი 54 226 -მდე გაიზარდა. რუსეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსისგან 2.4 მილიონზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა“,-წერს უცხოური მედია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები