მეუფე ანტონი: ვერ ვიტყვი, რომ პირველ ყოვლისა გავიკეთებ აცრას, თუმცა, მტკიცე უარიც არ მაქვს, 2000 წლის წინ გაფრთხილებულნი ვართ და ველოდებით, რომ მოსახლეობა ნიშანს მიიღებს მარჯვენა ხელსა და შუბლზე
ვანისა და ბაღდათის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონმა პირდაპირ ეთერში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციასა და ამ საკითხის გარშემო ეკლესიისა და ასევე პირადად თავის დამოკიდებულებაზე ისაუბრა.
კითხვაზე, იქადაგებთ თუ არა, რომ ვაქცინაცია აუცილებელია, მეუფემ განმარტა, რომ ფიქრისა და მსჯელობის გარეშე ამ საკითხის განხილვა არ შეიძლება, თუმცა, პირადად იგი მტკიცე უარზე არ არის.
„ფიქრისა და მსჯელობის გარეშე არ შეიძლება, მე – როგორც ერთი, ამ საკითხს ვერ გადავწყვეტ. დავსხდებით მღვდელმთავრები, განვიხილავთ, ყველას აქვს თავისი მოსაზრება.
ჩვენ 2000 წლის წინ გაფრთხილებულნი ვართ და ველოდებით, რომ მოსახლეობა ნიშანს მიიღებს მარჯვენა ხელსა და შუბლზე, ამიტომ, სიფრთხილით ვეკიდებით ყველაფერს. მე პირადად პირდაპირ აპოკალიფსზე ვერ მივუთითებ, მაგრამ რომ არ დავუფიქრდეთ, ასეც არ შეიძლება. ამიტომ, ქვეყანაში რაც კი შემოდიოდა, ეკლესია ყველაფერს სიფრთხილის თვალით უყურებდა, ამაში არაფერი არ არის გასაკვირი. ელექტროენერგია რომ შემოვიდა, მასაც კი არ შეხვდა ეკლესია დიდი აღტაცებით.
ფაქტია, რომ საზოგადოებისთვის ახალია კორონავირუსი და ყველაფერი სიახლე ჩვენში განსჯას იწვევს, ტრადიციონალისტები ვართ.
დღეს ისეთი სიტუაციაა, რომ ჩვენ, ეკლესია საზოგადოებას ვერც იმას მოვუწოდებთ რომ ადექით და გაიკეთეთ ვაქცინა და ვერც იმას ვეტყვით, რომ არ გაიკეთონ. ყველა ადამიანს თავისი შინაგანი ხმა აქვს და ისე უნდა მოიქცეს,“ – თქვა მეუფე ანტონმა.
მეუფემ ასევე განმარტა, რომ ვაქცინაციაზე პირადად მისი პოზიცია უარყოფა არ არის.
„ვაქცინაციაზე პირადად ჩემი პოზიცია უარყოფითი არ არის. ყველაფერს სჭირდება ინფორმირება. არიან მეცნიერები, ექიმები რომლებიც სწავლობენ ბუნებას, ავადმყოფობას და ა.შ, ხოლო რელიგია სწავლობს სულიერებას. მეცნიერება და რელიგია ერთმანეთის გარეშე ერთი კოჭლი იქნება და მეორე ბრმა.
მე ვერ ვიტყვი, რომ პირველ ყოვლისა გავიკეთებ აცრას, თუმცა, მტკიცე უარიც არ მაქვს და ვერც იმას ვიტყვი, რომ მოვიკლავ თავს და აცრას არ გავიკეთებ-მეთქი.
ვინც გაიკეთებს აცრას, მე მას არ უარვყოფ, ზიარებაზეც დავუშვებ და ჩვეულებრივად ყველაფერი. გახსოვთ, ალბათ, ID ბარათებზეც მსგავსი შემთხვევა იყო, როდესაც ადამიანებმა პირდაპირი მნიშვნელობით მიიღეს და მაშინაც ნიშნის მიღებაზე საუბრობდნენ.
მე არ მგონია, რომ სინოდის გადაწყვეტილებით მოხდეს ისე, რომ აცრილ მოსახლეობას უარი ეთქვას ზიარებაზე,“ – განაცხადა მეუფე ანტონმა.