კუკია, ვარდის უბანი და ელიას უბანი – ცნობილი დასახელებების წარმოშობის ისტორია
თ. კვირკველიას წიგნი – „ძველთბილისური დასახელებანი“ საინტერესოა იმით, რომ მასში თავმოყრილია როგორც დამკვიდრებული, ასევე, ხმარებიდან ამოღებული ძველთბილისური დასახელებები. იქვეა განმარტებული სახელწოდებების წარმოშობის წყაროები და მოცემულია მოკლე ცნობები ქალაქის მოედნების, ქუჩების, შენობებისა თუ წეს-ჩვეულებების შესახებ. ეს ინფორმაცია განსაკუთებით საინტერესო იქნება მათთვის, ვისაც თბილისი და მისი ისტორია უყვარს. დღეს გვინდა, კუკიაზე, ვარდის უბანსა და ელიას უბანზე მოგიყვეთ და გაჩვენოთ, თუ როგორაა დახასიათებული 1985 წელს გამოცემულ წიგნში თითოეული მათგანი.
კუკია – დღევანდელი პლეხანოვის პროსპექტის (აღმაშენებლის გამზირი) დასაწყისში, მარქსის მოედნის მიდამოებში ვახუშტი ბატონიშვილს თბილისის 1735 წლის გეგმაზე ნაჩვენები აქვს მცირე დასახლება „ახალი სოფლის“ სახელწოდებით. იგივე სოფელი ნაჩვენებია შედარებით გვიანდელ გეგმებზეც. რუსეთის აკადემიის აკადემიკოსი გიულდენშტედტი მას უკვე კუკიის სახელით იხსენიებს (1772 წელი). მისივე მოწმობით, ადრე აქ ციხესიმაგრეც ყოფილა. იგი მის ნანგრევებს აღნიშნავს. სოფელი კუკია გალავანშემორტყმული ეკლესიითა და ვრცელი კერძო ბაღით ნაჩვენებია თბილისის 1800 წლის გეგმაზეც. თეიმურაზ ბერიძის ვარაუდით, „კუკია“ თრიალეთის სოფელ კუკიას სახელიდან უნდა მოდიოდეს, საიდანაც მოსახლეობა თბილისის გარეუბანში გადმოსახლდა მე-18 საუკუნის 40-იან წლებში. მისივე განმარტებით, „კუკიას“ ეტიმოლოგიური ახსნა უნდა ვეძიოთ ადამიანის გამომსახველ თოჯინის სახელწოდებასთან („კუკი“). თოჯინას იყენებდნენ მიწათმოქმედებასთან დაკავშირებულ რიტუალებში. სოფელ კუკიას საზღვრებს შეადგენდა მტკვარი, ხევი, რომელიც დღევანდელი მარჯანიშვილის ქუჩის ხაზზე გადიოდა და ასეთივე ხევი, რომელიც დღევანდელი მარჯანიშვილის ქუჩის ხაზზე გადიოდა და ასეთივე ხევი „კვირაცხოველი“ მოპირდაპირე მხარეზე. 1823 წლისათვის კუკიაში 1000-მდე მცხოვრები იყო. ამ სოფელში, ძირითადად, სოფლის მეურნეობითა და ხელოსნობით იყვნენ დასაქმებულნი.
1824 წელს სოფელი კუკია თბილისს მიაწერეს. კუკიის ფარგლები განსაკუთრებით გაფართოვდა 1840-იან წლებში.
1818 წელს კუკიის ნაწილსა და მიმდებარე ტერიტორიაზე ვიუტენბერგიდან გადმოსული გერმანელი კოლონისტები სახლდებიან. მიდამო ბაღებითა და ბოსტნებით დაიფარა. გასული საუკუნის 30-იან წლებში აქ არსებული ვიწრო გზა თანდათან ქუჩის სახეს იღებს. 1853 წელს ამ მიდამოებზე ვრცელდება ქალაქური გაშენების წესები, ხოლო 1862 წელს იგი ჩართულ იქნა ქალაქის ფარგლებში.
ვარდისუბანი – ვერის უბანში მდებარე ადგილია, მელიქიშვილის ქუჩასა და „სემიონოვკის“ დასახლებას შორის. ადრე ერთ–ერთ ქუჩასაც (ამჟამინდელ ჯანაშიას ქუჩას) ვარდისუბნისა ერქვა, სადაც ამავე დასახლების სოფელი იყო. არსებული ცნობებით, ეს ტერიტორია ასკილის ბუჩქებით ყოფილა დაფარული და ალბათ სწორედ ამიტომ მიიღო ეს პოეტური დასახელება. აქ ქალაქური განაშენიანება 1880–იან წლებში ისახება.
ელიას უბანი – ელია ანუ ილია ქართულ ღვთაებათა პანთეონში განაგებდა წვიმას, სეტყვას, ჭექა–ქუხილს. პლატონ იოსელიანის ცნობით, ადრე მახათას მთაზე ილია წინასწარმეტყველის სახელზე აშენებული სალოცავი იდგა. იგი შესწრებია ამ ეკლესიის ნაშთებს. მისივე ცნობით, ამ ადგილზე 20 ივლისს წმინდა დღესასწაული იმართებოდა ხოლმე. ამ ეკლესიიდან უნდა მოდიოდეს უბნის დასახელება, რომელიც განლაგებულია თბილისის ჩრდილო–აღმოსავლეთ ნაწილში, რკინიგზის გადაღმა, კიბალჩიჩის ხევის (დღესდღოებით ფშავის ქუჩა) აყოლებით.