ვახტანგ ძაბირაძე: არცერთი ჩვენი პარტნიორი მხარს არ დაუჭერს რევოლუციურ სცენარს

“არ ვფიქრობ, რომ 2020 წლის არჩევნების შედეგები გაბათილდება. მეორე ტურებში მონაწილეობით ოპოზიციას შეუძლია, დაადასტუროს, რომ კონსტრუქციულია”, – ამის შესახებ ექსპერტი, ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით საუბრობს.

მისივე თქმით, შესაძლოა, ოპოზიცია და ხელისუფლება რიგგარეშე არჩევნებზე შეთანხმდნენ.

“დიდი ხანია, ჩვენი პოლიტსპექტრი უცხოელი პარტნიორების აზრს უფრო მეტად ითვალისწინებს, ვიდრე – საკუთარი ხალხისას. უნდა ვაღიაროთ, რომ ხელისუფლების შეცვლა, შევარდნაძის გუნდი იყო თუ სააკაშვილის, მხოლოდ გარე ჩარევით შევძელით, საარჩევნო სისტემა მანამდე ვერ შევცვალეთ, სანამ საქმეში დასავლეთი არ ჩაერია. რეალობა დღესაც ასეთია. როგორც კი ქვეყანაში არჩევნები ან სხვა მნიშვნელოვანი საკითხი დავის საგანი ხდება, ხალხი იმის მოლოდინშია, როდის ჩაერევიან დასავლელი პარტნიორები და როგორ მოარიგებენ ხელისუფლებასა და ოპოზიციას. რას ელიან ამჯერად მოლაპარაკების პირველი რაუნდისგან? ვფიქრობ, ოპოზიცია შევა პარლამენტში.

თუ ოპოზიციას სურს დასავლეთის მხარდაჭერის მოპოვება, კონსტრუქციული უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისევ “ოცნება” დარჩება ხელისუფლებაში. არ ვფიქრობ, რომ 2020 წლის არჩევნების შედეგები გაბათილდება. მეორე ტურებში მონაწილეობით ოპოზიციას შეუძლია, დაადასტუროს, რომ კონსტრუქციულია. დღეს არცერთი ჩვენი პარტნიორი მხარს არ დაუჭერს რევოლუციურ სცენარს. ეს მხოლოდ ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს აძლევს ხელს. ამიტომ მგონია, რომ ოპოზიცია მაინც შევა პარლამენტში. შესაძლებელია, შეთანხმდნენ რიგგარეშე არჩევნებზე… მე დიდი ხანია, ვამბობ იმას, რაც ვაშაძემ ახლახან თქვა. მისი განცხადება ჩემთვის სასიამოვნო მოულოდნელობა იყო. 2008 წელს ოპოზიცია პარლამენტში რომ არ შევიდა, ხელისუფლებას ამით არაფერი დაუკარგავს. მიკვირს, დღევანდელი ოპოზიცია, რომელიც 2008 წელს ხელისუფლებაში იყო, მეორე ნაწილი კი ქუჩაში, ამას ვერ აანალიზებს. ცუდია, თუ პარლამენტი ერთპარტიული იქნება, მაგრამ ამით ქვეყანა არ დაიქცევა – პარლამენტი ორგანულ კანონებს ვერ მიიღებს, მაგრამ სხვა მხრივ ჩვეულებრივად იმუშავებს – 2008 წელს თურქმენიზაცია მოხდა?!

არ მგონია, ხელისუფლება რადიკალურ დათმობაზე წავიდეს. როცა დარღვევებზეა ლაპარაკი, კანონი მარტივ გამოსავალს გვთავაზობს – უბნების 10% გადაითვალოს და შეფასდეს საერთო სურათი. თუ 10% ბათილად იქნა ცნობილი, მაშინ ბათილია არჩევნები და თავიდან უნდა ჩატარდეს. მაგრამ გადათვლიან?! არა მგონია – თალაკვაძის განცხადება უფრო ტაქტიკური სვლა იყო, ვიდრე რეალური შეთავაზება. ამის გაკეთება თუ უნდოდათ, აქამდე გააკეთებდნენ… პანდემია რომ არ იყოს, ხელისუფლებას არც ისე რთულად ექნებოდა საქმე. არჩევნების ლეგიტიმურობისთვის პარლამენტის 2/3-ც საკმარისია, ოპოზიციის მიტინგებსაც დიდი ხანია შევეჩვიეთ. ახლა კი, როცა პანდემიაა, პოლიტიკური კრიზისი რომც არ იყოს, ხელისუფლება მაინც რთულ ვითარებაშია და თავი რომ დააღწიოს, კარდინალურად უნდა შეცვალოს პოლიტიკა და მნიშვნელოვანი რეფორმები გაატაროს. მაგრამ აქვს ამის რესურსი?! ვფიქრობ, არა.

ოპოზიცია საპროტესტო აქციებს გააგრძელებს თუ არა, ხელისუფლებას პრობლემები მაინც ექნება. “ოცნება” ვერც კი აღიქვამს, რა პრობლემების წინაშე დგას. კიდევაც რომ გაიფორმოს არჩევნები, 2024 წლამდე ძალიან გაუჭირდება მისვლა. ამიტომ ვამბობ, თუ ოპოზიცია ახლა პარლამენტში შევა, ყოველგვარი ძალდატანებისა და რიგგარეშე არჩევნების გარეშეც შეცვლის ხელისუფლებას. ძალიან დიდი შანსია, რომ “ქართულმა ოცნებამ” პარლამენტში დაკარგოს უმრავლესობა. ესეც გასათვალისწინებელი აქვს ოპოზიციას – რა ჯობს, ხელისუფლებაში ქუჩიდან მოსვლა თუ პარლამენტიდან?”, – აცხადებს ძაბირაძე.

კითხვაზე – “ამ ფონზე ხომ არ ვდგავართ საფრთხის წინაშე, რომ კავკასიის რეგიონში ძალთა ახლებურად გადანაწილება შესაბამისად ვერ შევაფასოთ და უფრო ვიწრო ჩიხში მოვექცეთ?”, ექსპერტი პასუხობს:

“მე თუ მკითხავთ, საზეიმოდ არც ერთს არა აქვს საქმე – მას შემდეგ, რაც ყარაბაღში რუსული ჯარი ჩადგა სამშვიდობო სტატუსით, აზერბაიჯანიც დამარცხებულია და სომხეთიც. ჩვენ ხომ კარგად ვიცით, რა შეიძლება მოჰყვეს რუსული ბაზების განთავსებას ასეთ უკონტროლო ტერიტორიაზე. ცუდად მენიშნა სალომე ზურაბიშვილის განცხადება, როცა მან აზერბაიჯანსა და სომხეთს ყარაბაღის კონფლიქტის დასრულება მიულოცა და მომრიგებელ ქვეყნებს, ანუ თურქეთსა და რუსეთს, მადლობა გადაუხადა. ნუთუ პრეზიდენტი მართლა ვერ ხედავს, რა სავალალო ვითარებაა რეგიონში? ვერ ხვდება, რომ რუსეთის გავლენა აზერბაიჯანშიც გაძლიერდა? დღეს რეგიონში ჩვენ ერთადერთი ქვეყანა დავრჩით, რომელიც რუსეთზე არ არის მიბმული, ეს კი ნიშნავს, რომ ახლა კრემლის ყურადღება საქართველოზე გადმოვა”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები