კორონავირუსის 1872 ახალი შემთხვევიდან 913 თბილისში, 337 იმერეთში, 296 კი აჭარაში გამოვლინდა
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 1872 ახალი შემთხვევიდან თბილისში ინფექცია 913 პაციენტს დაუდასტურდა, იმერეთში – 337-ს, ხოლო აჭარაში – 296-ს.
რაც შეეხება სხვა რეგიონებს, როგორც ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ქვემო ქართლში ბოლო 24 საათში, 89 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, შიდა ქართლში 54, გურიაში 32, სამეგრელო-ზემო სვანეთში 90, კახეთში 13, მცხეთა- მთიანეთში 30, სამცხე -ჯავახეთში 11, რაჭა- ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში კი -7.
“ფრთხილი ოპტიმიზმით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეინიშნება გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის დინამიკა და მომდევნო დღეების განმავლობაში ამ კუთხით გვაქვს პოზიტიური მოლოდინები. რაც შეეხება აქტიურ შემთხვევას, დღეის მდგომარეობით 18 692 აქტიური შემთხვევაა. 3 832 ადამიანი მკურნალობის კურსს გადის საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში გადანაწილებულია 1969 პირი, ხოლო აჭარაში 657. მათ შორის მძიმე პაციენტია 401, საიდანაც თბილისში 159, ხოლო აჭარაში 80. მათგან ხელოვნურ სუნთქვაზეა 117 პირი, საიდანაც თბილსში 71 მკურნალობს, აჭარაში 23. 12611 მკურნალობის კურსს გადის ბინაზე. თვითიზოლაციაში იმყოფება 27736 პირი”, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
ცნობისთვის, დღეს კორონავირუსით 14 პაციენტი გარდაიცვალა, კორონავირუსით გარდაცვლილთა ოდენობა 215-ს შეადგენს. ქვეყანაში დღეს ახალი 1872 შემთხვევა დაფიქსირდა და, ჯამურად, დადასტურებულ შემთხვევათა ოდენობა 30303-ს შეადგენს.