ეკატერინე ტიკარაძე: რთულია იმის თქმა, ეს რიცხვი იქნება სამი ათასი თუ ხუთი ათასი, ვინაიდან ჩვენ ვართ სრულად დამოკიდებული 3 700 000 მოქალაქის კეთილსინდისიერ ქმედებებზე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის გამცხადებით, კორონავირუსის შემთხვევებთან დაკავშირებით პროგნოზი დამოკიდებულია ჩვენი 3 700 000 მოქალაქის კეთილსინდისიერ ქმედებებზე. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენი მოქალაქეების დამყოლობა და ქცევა. ვინაიდან ის, რასაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო აკეთებენ, ეს არის მხოლოდ პროგნოზი. სწორედ პროგნოზებიდან გამომდინარე, ჩვენ მუდმივ რეჟიმში მოვუწოდებთ ჩვენს მოსახლეობას, დაიცვან სოციალური დისტანცირება და გამოიყენონ ნიღაბი, რომლის გამოყენება დღევანდელი მოცემულობით, ყველაზე ეფექტური არის პანდემიასთან ბრძოლაში. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენი მოქალაქეების ქცევა იქნება იმის შესაბამისი, რაც არის ჩვენი მოწოდებები, ის პროგნოზები, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ, საერთაშორისო ინსტრუმენტებზე დაყრდნობით, იქნება ცვალებადი. შესაბამისად, რთულია იმის თქმა, ეს რიცხვი იქნება სამი ათასი თუ ხუთი ათასი, ვინაიდან ჩვენ ვართ სრულად დამოკიდებული 3 700 000 მოქალაქის კეთილსინდისიერ ქმედებებზე. ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს გარკვეული ხარვეზები. აქტიურად ვართ ჩართული შესაბამისი მითითებებით და მოვუწოდებთ ყოველდღიურად ჩვენს მოსახლეობას, რომ მეტი ყურადღებით მოეკიდონ ამ ქმედებას და იცით, რომ ქუჩებში გამოჩდნენ პატრულები, რომლებიც მოსახლეობას თავიანთი ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის, ახსენებენ პირბადის სწორად გამოყენება არის მნიშვნელოვანი. პროგნოზი სრულიად დამოკიდებული არის იმაზე, თუ როგორი იქნება ჩვენი ქცევა მომდევნო დღეებში. არ მინდა, მოსახლეობა ზედმეტად შევაშინო და ამ რიცხვს მე არ დავასახელებ, თუმცა ეს რიცხვი პროფესიის ჭრილში ყველასთვის ცნობილია. ჩვენ ვდგამთ იმ ნაბიჯებს, რომ მოსახლეობას არ შეექმნას არანაირი პრობლემა და მიიღონ ყველა საჭირო დახმარება, რაც მათ ესაჭიროებათ. პირბადე და სოციალური დისტანცირება – ეს ხდება პირველი რიგის ამოცანა და უნდა უმკაცრესად მივუდგეთ ამის გამოყენებას როგორც შენობებში, უკვე ისე შენობების გარეთაც“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები