მთავრობა თავშესაფრის დაფინანსებისა და საორგანიზაციო საკითხების დეტალებს აქვეყნებს

  საქართველოს მთავრობა უსახლკაროთა თავშესაფრის დაფინასებისა და საორგანიზაციო საკითხების დეტალებს აქვეყნებს. მთავრობის ინფორმაციით, უსახლკაროთათვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების საქმეში ყველა სამინისტროა ჩართული. „2013 წლის დეკემბერში უპრეცედენტო ფაქტი მოხდა. საქართველოს მთავრობამ უსახლკაროებისთვის დროებითი თავშესაფრის ორგანიზება განახორციელა. 2014 წლის იანვრის მონაცემებით, დროებითი თავშესაფრის 19 კარავში 200-მდე მუდმივი მაცხოვრებელია. 1600 ადამიანი სამედიცინო აღრიცხვაზეა აყვანილი.
თავშესაფრისთვის ტერიტორია ეკონომიკის სამინისტრომ გამოყო, თავდაცვის სამინისტრომ თავშესაფარი უზრუნველყო კარვებით, ღუმელებით, საწოლებით, მატრასებითა და პლედებით. ენერგეტიკის სამინისტრომ მოაგვარა ელექტროენერგიის მუდმივი წყაროს საკითხი. შს სამინისტრო უსაფრთხოების ზომებს იცავს და, ამავდროულად, ახორციელებს თავშესაფარში მიუსაფართა გადმოყვანას. ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს ბენეფიციართა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მეთვალყურეობას. თავშესაფარს ფინანსთა სამინისტრო შეშითა და ტანსაცმლით ამარაგებს. რეგიონული განვითარების სამინისტრო ახორციელებს თავშესაფრის საქმიანობის ადმინისტრირებას.
თავშესაფრის ოპერირებისთვის ხელშეკრულება გაფორმდა „კათარზისთან“, რომელიც საკვების მომზადებას, ტერიტორიის დასუფთავებას, ბენეფიციართა ჰიგიენური ნორმების დაცვას, მათთვის ტანსაცმლის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საკითხებს ყოველდღიურად უზრუნველყოფს. თავშესაფარში ასევე ყოველდღიურად მორიგეობენ რეგიონული განვითარებისა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და შპს „ქურთის საავადმყოფოს“ მედპერსონალი“, – აღნიშნულია მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები