“დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით ვანო მერაბიშვილი, ეკა გიგაური და ნინო კალანდაძე უნდა დაიკითხონ”, – ამის შესახებ დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ლორთქიფანიძე ინიციატივით გამოდის, შეიქმნას სპეციალიზებული
პროკურატურა და დაინიშნოს სპეციალური პროკურორი, რომელიც საზოგადოებას აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ანგარიშს ჩააბარებს.
„პირდაპირ გეტყვით, რომ საკითხთან დაკავშირებით დაკითხული ვარ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. არის რიგი საკითხები, რომელიც გაუხმაურებლობაზე, ხელმოწერიდან გამომდინარე, ჩემს ბრიფინგზე არ იქნება გაჟღერებული, თუმცა, იქნება მნიშვნელოვანი აქცენტები ისეთ თემებზე – რომელზეც, სამწუხაროდ, ჩვენი მედია არ საუბრობს. გუშინ ტელეკომაპნია „მთავარში“, გადაცემის წამყვანმა, ეკა კვესიტაძემ გამოვლინა პირობითი რეფლექსი, ფაქტობრივად, გაამჟღავნა ის მწვავე წერტილი, რაც პრობლემას უქმნის ჩვენი ლიბერალური მედიის, გნებავთ ოპოზიციის, გნებავთ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, რომლებიც გააფთრებული პოზიციით გამოდიან დაწყებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. ეკა კვესიტაძის გასაგონად მინდა, ვთქვა: კარგად მესმის, ქალბატონო ეკა, თქვენი აღშფოთება, როცა გუშინდელ ეთერში საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, ნინო კალანდაძის ბრიფინგთან დაკავშირებით ჩემი კომენტარი არ დატოვეთ უყურადღებოდ და მიეცით მწვავე რეაქცია. ნინო კალანდაძემ 2012 წელს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ჩიჩხიტურის თხემთან დაკავშირებული საკითხი არ განიხილიბა, რადგან ის, საბჭოთა კავშირის რუკებიდან გამომდინარე, აზერბაიჯანის ტერიტორიაზეაო. აღარაფერს ვამბობს იმდროინდელ კულტურის მინისტრზე, ბატონ ნიკა რურუაზე, რომელმაც მსგავსი განცხადება გააკეთა. თუმცა, ამ საკითხებთან დაკავშირებული პირდაპირი პასუხისმგებლობა ეკისრებოდა ორ უწყებას. ეს იყო საგარეო საქმეთა სამინისტრო და შსს. აქ იმალება ძაღლის თავი, ქალბატონო ეკა, რაზეც გული გეწვით. თქვენი მეუღლე, შოთა უტიაშვილი იმ დროს იყო ანალიტიკური სამსახურის უფროსი. იმ დროს შს მინისტრი იყო პირველი მიწათმომწყობი, გეოდეზისტი, რომელმაც ყველაზე კარგად იცოდა, ვინ უნდა ყოფილიყო დემარკაციის კომისიაში და ვინ უნდა დაეყენებინა მასზე ზედამხედველ პირად. ვინ, თუ არა კაპიტანი – ეკა გიგაური? გაგახსენებთ, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ხელმძღვანელი, ეკა გიგაური მაშინ იყო სასაზღვრო პოლიციის ხელმაღვანელის მოადგილე. ის პირდაპირ კურირებდა სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტის, ნატალია ილიჩოვას საქმიანობას. ის პირადად კურირებდა ილიჩოვას 2006 წელს. ეს ჯაჭვი არის გამოძიების ის მნიშვნელოვანი საგანი, რასთან დაკავშირებითაც შემოვდივარ ინიციატივით მთავრობის წინაშე, რომ შეიქმნას სპეციალიზებული პროკურატურა, დაინიშნოს სპეციალური პროკურორი, რომელიც სამშობლოს ღალატის უმნიშვნელოვანეს, უპრეცედენტო მოვლენებთან დაკავშირებით ანგარიშს ჩააბარებს საზოგადოებას.
მე, როგორც იურისტი, ვაცხადებ, რომ პროკურატურა ვალდებულია, დაკითხოვს ყველა ის პირი, ვინც ვახსენე: ეკა გიგაური, ვანო მერაბიშვილი, ნინო კალანდაძე. ახორციელებდა თუ არა ეკა გიგაური პირდაპირ ზედამხედველობას ნატალია ილიჩოვაზე? იყო თუ არა ეს ყველაფერი კოორდინიებული ვანო მერაბიშვილთან? ამ კითხვებზე პასუხის გაცემის მიზნით ეს ადამიანები უნდა დაიკითხონ“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.