ათეშგა და ამარათი – ძველი, ძველი, ძველი თბილისი

თ. კვირკველიას წიგნი – „ძველთბილისური დასახელებანი“ საინტერესოა იმით, რომ მასში თავმოყრილია როგორც დამკვიდრებული, ასევე, ხმარებიდან ამოღებული ძველთბილისური დასახელებები. იქვეა განმარტებული სახელწოდებების წარმოშობის წყაროები და მოცემულია მოკლე ცნობები ქალაქის მოედნების, ქუჩების, შენობებისა თუ წეს-ჩვეულებების შესახებ. ეს ინფორმაცია განსაკუთებით საინტერესო იქნება მათთვის, ვისაც თბილისი და მისი ისტორია უყვარს. დღეს გვინდა, ათეშქასა და ამარათზე მოგიყვეთ და გაჩვენოთ, როგორაა დახასიათებული აღნიშნულ წიგნში ეს ორი ძველთბილისური ადგილი.


ათეშგა (ათეშქა) – ათეშგა ცეცხლთაყვანისმცემელთა სალოცავის სახელწოდებაა. იგი სპარსული „ათეშ–ქიადე“–დან მოდის, რაც ცეცხლის ტაძარს ნიშნავს. სპარსეთში, იეზდში დღემდე შემორჩენილ ათეშ–ქიადეში ცეცხლი ანთია ნახევრად ჩაბნელებულ სალოცავში, საფეხურებზე შეყენებულ ბრინჯაოს ლანგარის ფორმის საცეცხლურზე. ცეცხლისთვის მხოლოდ ხეხილის შეშას იყენებენ, რის გამოც სათავსში სასიამოვნო, მოტკბო სურნელი ტრიალებს. „წმინდა ცეცხლთან“ მუდმივად იმყოფება ქურუმი, რომელიც იცავს „ავი თვალისგან“ და არ აძლევს ჩაქრობის საშუალებას.

კლდისუბანში, ფეთხაინის სამრეკლოს სიახლოვეს, შემაღლებულ ადგილზე დგას აგურით ამოყვანილი ოთხკუთხა შენობა, ჩამონგრეული გადახურვით, რომლისგანაც კამარის მცირე ნაწილიღაა შემორჩენილი. პლატონ იოსელიანის ცნობით, აქ უძველეს დროიდან ცეცხლთაყვანისმცემელთა საკერპე – ათეშქა მდგარა. იგი, როგორც უძველესი ძეგლი, შემოუნახავთ ქართველ მეფეებს. პლატონ იოსელიანისავე თქმით, XVIII საუკუნის 20–იან წლებში ოსმალებს თბილისში ორი მეჩეთი აუგიათ, ერთი მათგანი – ძველი ათეშქას ადგილზე. თურქების განდევნის შემდეგ, ნადირ შაჰის ბრძანებით, ორთავე დაუნგრევიათ 1735 წელს. XIX საუკუნეში ერთ ხანს შენობა კერძო მფლობელობაში ყოფილა. უძველესმა სახელწოდებამ კი საუკუნეებს გაუძლო.

ამარათი – ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შედგენილ თბილისის 1735 წლის გეგმარზე სოლოლაკის უბანში №41–ით ნაჩვენებია კედლით შეზღუდული ნაგებობათა კომპლექსი, რომელსაც იგი ამარათს უწოდებს. „ამარათი“ სპარსული წარმოშობის სიტყვაა და სხვა სინონიმთა შორის „შენობას“ და „სასახლესაც“ ნიშნავს. იგივე კომპლექსს ნახევარი საუკუნის შემდეგ (1758 წელს) აღნიშნავს თბილისის გეგმაზე ა. პიშჩევიჩიც. ამჯერად შენობა მიტოვებული და გაპარტახებულია. ექსპლიკაციაში ნათქვამია: „ნანგრევები საქართველოს მეფის ძველი რეზიდენციისა“. ქალაქგარეთა ეს რეზიდენცია მდებარეობდა სოლოლაკის მთის ფერდობზე, დაახლოებით, აწინდელი მახარაძის ქუჩის ღერძის მიმართულებით, ენგელსის ქუჩის (დღეის მდგომარეობით, ასათიანის) გადაღმა, ძველ გეგმებზე ამარათის დასავლეთით მხოლოდ თოფის წამლის ქარხანა და თბილისის ბაღია ნაჩვენები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები