უცხოური მედია: მთიანი ყარაბაღის გამო, მიმდინარე სამხედრო კონფლიქტზე მოსკოვის რეაქცია ჯერჯერობით უჩვეულოდ დაბალანსებულია, მიუხედავად თურქეთის მხრიდან აზერბაიჯანის ურყევი მხარდაჭერისა
“მთიანი ყარაბაღის გამო მიმდინარე სამხედრო კონფლიქტზე მოსკოვის რეაქცია ჯერჯერობით უჩვეულოდ დაბალანსებულია, მიუხედავად თურქეთის მხრიდან აზერბაიჯანის ურყევი მხარდაჭერისა. დიდი ალბათობით, კრემლი ელოდება მოვლენების შემდგომ განვითარებას და აკვირდება თურქეთის ჩართულობის ხარისხს”, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა emerging-europe სტატიაში სახელწოდებით “ცეცხლის შეწყვეტას პირი არ უჩანს – ბრძოლა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო გრძელდება” აქვეყნებს.
როგორც სტატიაშია აღნიშნულია, ესკალაცია კიდევ უფრო მეტ სირთულეს წარმოადგენს რუსეთისთვის და მისი ურთიერთობებისთვის სომხეთთან.
ავტორის თქმით, ისტორიულად კრემლი ნეიტრალობას აცხადებს და ცდილობს კონფლიქტის მოგვარების პროცესის ხელშეწყობას ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარის როლში.
“მიუხედავად ამისა, მოსკოვსა და ერევანს აკავშირებთ შეთანხმება, რომელიც რუსეთს ავალდებულებს, გაუწიოს სომხეთს სამხედრო მხარდაჭერა ამ უკანასკნელის ოფიციალურად აღიარებულ ტერიტორიაზე თავდასხმის შემთხვევაში. გარდა ამისა, სომხეთის სიდიდით მე-2 ქალაქში – გიუმრიში ქვეყნის ხელისუფლების თანხმობით (ერთადერთი შემთხვევა სამხრეთ კავკასიაში) განლაგებულია რუსეთის გარნიზონი. მიუხედავად ამისა, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს რთული ურთიერთობები აქვს ფაშინიანის მთავრობასთან მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი ქვეყნის სათავეში მოვიდა 2018 წლის ხავერდოვანი რევოლუციის შედეგად. ამის მიზეზი კი გახლავთ ის ფაქტი, რომ მოსკოვს არ უყვარს ფერადი რევოლუციები თავის სამეზობლოში (როგორც ეს დავინახეთ საქართველოს, უკრაინის და, ამ ბოლო პერიოდში, ბელარუსის მაგალითზე). ამასთან, პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი ცდილობს დასავლეთთან პოლიტიკის დაბალანსებას. გარდა ამისა, კრემლმა გააღრმავა კავშირები ბაქოსთან. რუსეთისგან სამხედრო აღჭურვილობას ყიდულობს როგორც ბაქო, ისე ერევანი. როგორც ჩანს, ბაქო ბევრად უფრო სწრაფად ახორციელებს მილიტარიზაციას და უფრო მეტ ფულს ხარჯავს ამ მიმართულებით, ვიდრე ერევანი, რომელიც მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია რუსულ გარნიზონზე გიუმრიში. გარდა ამისა, აზერბაიჯანი ნავთობით მდიდარი ქვეყანაა, რაც ზრდის მოსკოვის დაინტერესებას პრეზიდენტ ალიევთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნებაში. მთიანი ყარაბაღის გამო მიმდინარე სამხედრო კონფლიქტზე მოსკოვის რეაქცია ჯერჯერობით უჩვეულოდ დაბალანსებულია, მიუხედავად თურქეთის მხრიდან აზერბაიჯანის ურყევი მხარდაჭერისა. დიდი ალბათობით, კრემლი ელოდება მოვლენების შემდგომ განვითარებას და აკვირდება თურქეთის ჩართულობის ხარისხს. იგი ასევე შეეცდება ერევნის დაყოლიებას დათმობებზე და შემდეგ განიხილავს ვარიანტებს, რომელ მხარეს დაუდგეს გვერდში. მოსკოვში კარგად ესმით, რომ ომში პირდაპირი ჩარევა მას ან ერევანთან ან ბაქოსთან ურთიერთობების ფასად დაუჯდება. ამჯერად სასწორზე ძალიან ბევრი დევს და რუსეთს არ უღირს არც ერთი მხარის განაწყენება. მეორე მხრივ, ნეიტრალიტეტი და სამხედრო მხარდაჭერაზე უარის თქმა, რაც ეწინააღმდეგება ხსენებულ შეთანხმებას, გამოიწვევს სომეხი ხალხისა და მთავრობის სერიოზულ უკმაყოფილებას“,- ნათქვამია სტატიაში.
როგორც გამოცემა წერს, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი, რომელიც ჯერ კიდევ 1988 წელს დაიწყო, ყველაზე ხანგრძლივი კონფლიქტია სამხრეთ კავკასიაში.
ავტორი აცხადებს, რომ ეს რეგიონი, რომელიც მჭიდროდაა დასახლებული ეთნიკური სომხებით, წარსულში გახლდათ აზერბაიჯანის საბჭოთა რესპუბლიკის ავტონომიური ოლქი.
,, კონფლიქტი გაჩაღდა მას შემდეგ, რაც მთიანი ყარაბაღის საკანონმდებლო ორგანომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მიიღო რეზოლუცია სომხეთთან შეერთებასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ იურიდიულად ოლქი აზერბაიჯანის საზღვრებში მდებარეობდა. 1991-1994 წლების ომმა მოიტანა ორივე მხრიდან იძულებით გადაადგილებულთა და გარდაცვლილთა დიდი რაოდენობა (დაახლოებით 700 000 აზერბაიჯანელი და 235 000 სომეხი იძულებული იყო, გადახვეწილიყო, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობამ შეადგინა თითქმის 25 000). მთიან ყარაბაღს და აზერბაიჯანის ოფიციალურ ტერიტორიაზე მყოფ მის 7 მიმდებარე ტერიტორიას სრულად ან ნაწილობრივ აკონტროლებენ სომხები. ეუთოს მინსკის ჯგუფის ეგიდით 1994 წელს ხელმოწერილ შეთანხმებაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაწერილია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების მრავალწლიანი გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს მთიანი ყარაბაღის საკითხის მშვიდობიანი გზით მოგვარებას“,- წერს გამოცემა.
ავტორის თქმით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი წარმოუდგენლად რთულია. ეს გახლავთ ეთნიკურ-ტერიტორიული კონფლიქტი, რომელიც ასახავს დაპირისპირებას 2 ფუნდამენტურ პრინციპს შორის: ტერიტორიული მთლიანობა აზერბაიჯანის შემთხვევაში და რეგიონში მცხოვრები ეთნიკური სომხების თვითგამორკვევის უფლება.
“კონფლიქტის დინამიკაზე დიდი გავლენა აქვს ორივე რესპუბლიკის საშინაო პოლიტიკას და მოვლენებს. შეიძლება ითქვას, რომ კონფლიქტის ფესვები ღრმად არის გამჯდარი სომხურ და აზერბაიჯანულ საზოგადოებებში და მნიშვნელოვანწილად აღიქმება, როგორც სახელმწიფოებრივი საკითხი. ორივე მხარის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს განსაზღვრავს ბრაზი, ტრავმა და „ნულოვანი ჯამის“ რეალობის აღიარება. გარდა ამისა, ეს კონფლიქტი ორივე რესპუბლიკას უბიძგებს მილიტარიზაციის შემდგომი გაძლიერებისკენ. 2019 წელს აზერბაიჯანსა და სომხეთში მთავრობის ხარჯებმა სამხედრო სფეროზე შეადგინა 11.3 და 19.8%, შესაბამისად. ორივე ხელისუფლება არ იშურებს ინვესტიციებს შეიარაღების მოდერნიზაციისთვის. კრიზისების საერთაშორისო ჯგუფის თანახმად, 2006-2015 წლებში დაფიქსირდა მძიმე შეიარაღების დაახლოებით 176 ერთეული, 2015 წლიდან განხორციელდა 70 სპეცოპერაცია, ხოლო დაზვერვის მიზნებისთვის გამოიყენება დრონები (მათ შორის კამიკაძე დრონები). მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს ხშირად მოიხსენებენ, როგორც „გაყინულს“, თუმცა 2016 წლის აპრილში 4-დღიანმა შეიარაღებულმა დაპირისპირებამ შეარყია „არც ომის და არც მშვიდობის“ ატმოსფერო და როგორც ორივე რესპუბლიკის, ისე კონფლიქტის შუამავლების, წინაშე დააყენა ჩიხიდან გამოსვლის გზების მოძიების საკითხი. სამშვიდობო პროცესმა ეუთოს მინსკის ჯგუფისა და მისი თანათავმჯდომარეების შუამავლობით ვერ მოიტანა შედეგად კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარება, თუმცა 1994 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ მართლაც შედგა მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი, მათ შორის დისკუსიები პარიზში, კი-უესტში და პრაღის პროცესის ფარგლებში, რომელთა შედეგად აზერბაიჯანის ახალდანიშნულმა პრეზიდენტმა ალიევმა და სომხეთის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა, რობერტ კოჩარიანმა დადეს დიალოგის გაგრძელების პირობა. იმედით სავსე მოლოდინების მიუხედავად, პრაღის პროცესმა სიტუაციაში გარდატეხა ვერ შეიტანა და მას მალევე მოჰყვა „მადრიდის პრინციპები“ (ასევე ცნობილი „ძირითადი პრინციპების“ სახელით), რომლებითაც განისაზღვრა ისეთი ასპექტები, როგორიცაა რეგიონის სტატუსის შუალედური და საბოლოო დადგენა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უფლება შინ დაბრუნებასთან დაკავშირებით, საერთაშორისო უსაფრთხოების გარანტიების საჭიროება და მთიანი ყარაბაღის მიმდებარე ტერიტორიების დაბრუნება აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ. როგორც სომხური, ისე აზერბაიჯანული საზოგადოება გააფთრებით შეეწინააღმდეგა ამ პრინციპების განხორციელებას, რასაც რიგი მიზეზები ჰქონდა. იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნება რეგიონის სტატუსის დადგენამდე განსაკუთრებით საგანგაშო აღმოჩნდა სომხეთისა და მთიანი ყარაბაღისთვის“,- წერს გამოცემა.
ავტორი მიიჩნევს, რო როგორც აზერბაიჯანელებს, ისე სომხებს შორის ბევრი მიზეზით იზრდება უკმაყოფილება, მათ შორისაა ნულოვანი ჯამის რეალობის აღიარება, მოლაპარაკებების რაუნდების შემდეგ ხელშესახები შედეგების ნაკლებობა და ორივე რესპუბლიკაში მილიტარისტული რიტორიკის წახალისება.
,,მიუხედავად ამისა, 2018 წელს ჩიხში შესულ სამშვიდობო პროცესში გარდატეხის პოზიტიური ნიშნები გაჩნდა, რაც დაკავშირებული იყო სომხეთის ხავერდოვან რევოლუციასთან და ფაშინიანის არჩევასთან ქვეყნის პრეზიდენტად, ასევე ყარაბაღის აზერბაიჯანული თემის ახალი ხელმძღვანელის დანიშვნასთან, რომელიც, მოლოდინების თანახმად, უნდა ყოფილიყო უფრო მოქნილი სომხურ მხარესთან კონტაქტების დამყარების მხრივ. 2019 წლის იანვარში ორივე რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ მოსახლეობის მშვიდობისთვის მოსამზადებლად აუცილებელი ზომების მიღებასთან დაკავშირებით. რიტორიკაში გარკვეული ცვლილებების მიუხედავად, ორივე მხარე იჩენდა სიფრთხილეს სამშვიდობო პროცესის შეფასებისას და არ ამჟღავნებდა კომპრომისებზე წასვლის სურვილს“,- ნათქვამია სტატიაში.
ავტორის თქმით, საერთაშორისო ყურადღების და თავშეკავებისკენ მოწოდებების მიუხედავად, ომი გრძელდება და ორივე მხარეს იზრდება მსხვერპლთა რაოდენობა.
როგორც სტატიაშია აღნიშნულ, არსებობს გარკვეული ოპტიმიზმი, რომ ძალადობა შეწყდება და მხარეები ისევ მოლაპარაკებებს მიუბრუნდებიან.
მიუხედავად ამისა, პრობლემის მშვიდობიანი გადაჭრის მნიშვნელობაზე საუბრისას გასათვალისწინებელია ორი რამ: 1) შიდა პოლიტიკა და იდენტობის საკითხი, რაც ასე ხშირად უშლის ხელს სომეხ და აზერბაიჯანელ ლიდერებს კომპრომისებზე წასვლაში; 2) აუცილებელია თანმიმდევრული და ეფექტიანი საერთაშორისო და რეგიონალური ჩართულობა, რათა შეიქმნას პოზიტიური შედეგის მოლოდინი და მხარეები დარწმუნდნენ, რომ აუცილებელია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა კონფლიქტის მოსაგვარებლად. სამხრეთ კავკასიელებმა კარგად იციან ომის ფასი და მშვიდობის მნიშვნელობა, მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტი საწინააღმდეგოზე მიუთითებს. მთელი რეგიონის მასშტაბით იგრძნობა იმედისმომცემი მინიშნებები: ქართველი ექსპერტები და მშვიდობისმყოფელი აქტივისტები მოუწოდებენ მშვიდობისკენ, აზერბაიჯანის მემარცხენე ახალგაზრდობამ გააკეთა განცხადებები ომის დასაგმობად, ხოლო სომეხი სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების პოსტები სოციალურ მედიაში ადასტურებს მშვიდობის მხარდამჭერი სულისკვეთების არსებობას. მშვიდობისკენ ხსენებულ მოწოდებებში გაჟღერებულია არა მხოლოდ ძალადობის შეწყვეტის მოთხოვნა, არამედ კონფლიქტის ძირეული ტრანსფორმაციის მოთხოვნაც რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად“,- წერს უცხოური მედია.
სტატია იხილეთ ლინკზე – https://emerging-europe.com/