უცხოური მედია: საქართველოს კეთილმეზობლური ურთიერთობები აქვს ორივე ქვეყანასთან, ხოლო მისი ხელისუფლება ხაზს უსვამს თბილისის ნეიტრალურ პოზიციას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან მიმართებით

“თბილისმა გამოთქვა მზადყოფნა, უმასპინძლოს შეხვედრას ბაქოსა და ერევნის წარმომადგენლებს შორის. საქართველოს კეთილმეზობლური ურთიერთობები აქვს ორივე ქვეყანასთან, ხოლო მისი ხელისუფლება ხაზს უსვამს თბილისის ნეიტრალურ პოზიციას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან მიმართებაში”, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა emerging-europe სტატიაში სახელწოდებით “ცეცხლის შეწყვეტას პირი არ უჩანს – ბრძოლა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო გრძელდება” აქვეყნებს.

“გარდა ამისა, საქართველოში ცხოვრობს სომხეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეთა დიდი რაოდენობა. მათი თანაცხოვრება მშვიდობიანია, თუმცა ისინი ძალიან მგრძნობიარენი არიან ერევანსა და ბაქოს შორის დაძაბული ურთიერთობების მიმართ. უჭერს რა მხარს სამშვიდობო მოლაპარაკებებს და აცხადებს რა ნეიტრალიტეტს, საქართველო ძირითადად კონცენტრირებულია საშინაო და რეგიონალურ სტაბილურობაზე. კონფლიქტის გამძაფრების კვალდაკვალ, სომხეთი და აზერბაიჯანი სულ უფრო აქტიურად მოუწოდებენ თავიანთ რეგიონალურ მხარდამჭერებს სამხედრო დახმარებისკენ. როგორც მთავარმა სატრანზიტო ქვეყანამ, საქართველომ აკრძალა ნებისმიერი სამხედრო შეიარაღების გატარება საკუთარ ტერიტორიაზე: „ესკალაციის დაწყებისთანავე დროებით შეაჩერა ნებართვების გაცემა საკუთარ ტერიტორიაზე, სახმელეთო და საჰაერო მარშრუტებით სამხედრო ტვირთების გატარებაზე ორივე ქვეყნის მიმართულებით“. საქართველომ უარყო ბრალდებები, რომელთა თანახმად მან თითქოს საკუთარ ტერიტორიაზე გაატარა თურქეთიდან აზერბაიჯანისკენ მიმავალი სირიელი მებრძოლები, და ამას „საქართველოსა და ფართო რეგიონში სიტუაციის ესკალაციისკენ მიმართული“ დეზინფორმაცია უწოდა. რუსეთისა და თურქეთისთვის კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის უკვე ათწლეულებია, რაც წარმოადგენს ინტერესთა კონფრონტაციის წყაროს. ანკარა არ აცხადებს ნეიტრალიტეტს ამ კონფლიქტში. თურქებისა და აზერბაიჯანელებისთვის რეგიონის პოლიტიკას განსაზღვრავს მათი ეთნიკური კავშირები. შესაბამისად, არ არის გასაკვირი, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უპირობო მხარდაჭერა გამოუცხადა აზერბაიჯანს. ჯერჯერობით ანკარის მხარდაჭერა გამოიხატება მხოლოდ მორალურ და პოლიტიკურ სოლიდარობაში, თუმცა ბოლო შეტყობინებების თანახმად, თურქეთი, სავარაუდოდ, სადაზვერვო და სამხედრო მხარდაჭერასაც ახორციელებს. ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეთა ერთობლივი განცხადების პასუხად, პრეზიდენტმა ერდოღანმა უარი თქვა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ „ზედაპირული“ მოთხოვნების შესაბამისად მოქმედებაზე. მისი აზრით, კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის წინაპირობაა „აზერბაიჯანის ყველა ოკუპირებული ტერიტორიის გათავისუფლება“,- წერს გამოცემა.
როგორც სტატიაშია აღნიშნულია, ესკალაცია კიდევ უფრო მეტ სირთულეს წარმოადგენს რუსეთისთვის და მისი ურთიერთობებისთვის სომხეთთან.
ავტორის თქმით, ისტორიულად კრემლი ნეიტრალობას აცხადებს და ცდილობს კონფლიქტის მოგვარების პროცესის ხელშეწყობას ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარის როლში.
,,მიუხედავად ამისა, მოსკოვსა და ერევანს აკავშირებთ შეთანხმება, რომელიც რუსეთს ავალდებულებს, გაუწიოს სომხეთს სამხედრო მხარდაჭერა ამ უკანასკნელის ოფიციალურად აღიარებულ ტერიტორიაზე თავდასხმის შემთხვევაში. გარდა ამისა, სომხეთის სიდიდით მე-2 ქალაქში – გიუმრიში ქვეყნის ხელისუფლების თანხმობით (ერთადერთი შემთხვევა სამხრეთ კავკასიაში) განლაგებულია რუსეთის გარნიზონი. მიუხედავად ამისა, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს რთული ურთიერთობები აქვს ფაშინიანის მთავრობასთან მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი ქვეყნის სათავეში მოვიდა 2018 წლის ხავერდოვანი რევოლუციის შედეგად. ამის მიზეზი კი გახლავთ ის ფაქტი, რომ მოსკოვს არ უყვარს ფერადი რევოლუციები თავის სამეზობლოში (როგორც ეს დავინახეთ საქართველოს, უკრაინის და, ამ ბოლო პერიოდში, ბელარუსის მაგალითზე). ამასთან, პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი ცდილობს დასავლეთთან პოლიტიკის დაბალანსებას. გარდა ამისა, კრემლმა გააღრმავა კავშირები ბაქოსთან. რუსეთისგან სამხედრო აღჭურვილობას ყიდულობს როგორც ბაქო, ისე ერევანი. როგორც ჩანს, ბაქო ბევრად უფრო სწრაფად ახორციელებს მილიტარიზაციას და უფრო მეტ ფულს ხარჯავს ამ მიმართულებით, ვიდრე ერევანი, რომელიც მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია რუსულ გარნიზონზე გიუმრიში. გარდა ამისა, აზერბაიჯანი ნავთობით მდიდარი ქვეყანაა, რაც ზრდის მოსკოვის დაინტერესებას პრეზიდენტ ალიევთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნებაში. მთიანი ყარაბაღის გამო მიმდინარე სამხედრო კონფლიქტზე მოსკოვის რეაქცია ჯერჯერობით უჩვეულოდ დაბალანსებულია, მიუხედავად თურქეთის მხრიდან აზერბაიჯანის ურყევი მხარდაჭერისა. დიდი ალბათობით, კრემლი ელოდება მოვლენების შემდგომ განვითარებას და აკვირდება თურქეთის ჩართულობის ხარისხს. იგი ასევე შეეცდება ერევნის დაყოლიებას დათმობებზე და შემდეგ განიხილავს ვარიანტებს, რომელ მხარეს დაუდგეს გვერდში. მოსკოვში კარგად ესმით, რომ ომში პირდაპირი ჩარევა მას ან ერევანთან ან ბაქოსთან ურთიერთობების ფასად დაუჯდება. ამჯერად სასწორზე ძალიან ბევრი დევს და რუსეთს არ უღირს არც ერთი მხარის განაწყენება. მეორე მხრივ, ნეიტრალიტეტი და სამხედრო მხარდაჭერაზე უარის თქმა, რაც ეწინააღმდეგება ხსენებულ შეთანხმებას, გამოიწვევს სომეხი ხალხისა და მთავრობის სერიოზულ უკმაყოფილებას“, – ნათქვამია სტატიაში.

სტატია იხილეთ ლინკზე – https://emerging-europe.com

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები