ვანში დაკარგული გოგონას მოსაცმელი მდინარეში იპოვეს
ვანის რაიონში 6 წლის ბავშის სამძებრო ღონისძიებები ამ დრომდე გრძელდება, თუმცა, უშედეგოდ. მთელი დღის განმავლობაში სამძებრო ღონსძიებას იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილიც ესწრებოდა – ამის შესახებ „კვირას“ ვანის გამგებელმა მურად ახვლედიანმა განუცხადა.
მისი თქმით, ძებნის ოპერაციიის დროს, მყვინთავებმა მდინარე ყუმურში გოგონას მოსაცმელი აღმოაჩინეს. „სამწუხაროდ, დღეს მთელი დღის განმავლობაში ძებნა უშედეგოდ მიმდინარეობდა. გარდაცვლილის ცხედარს ამ დრომდე ვერ მივაკვლიეთ. მდინარეში გოგონას მოსაცმელი აღმოაჩინეს, რაც ადასტურებს იმ ვერსიას, რასაც მისი 8 წლის ძმაც ამბობს. სამწუხაროდ, სხვა თვითმხილველი არ არსებობს და მხოლოდ 8 წლის ბავშვის ნაამბობის მიხედვით ვაგრძელებთ მუშაობას“, – აღნიშნა ვანის რაიონის გამგებელმა მურად ახვლედიანმა. შეგახსენებთ, რომ ვანის რაიონის სოფელ შუამთაში 6 წლის გოგონა გუშინ დაიკარგა. სამძებრო ღონისძიებაში შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მყვინთავები ჩაერთვნენ. გოგონას გაუჩინარების ფაქტზე იმერეთის შს სამმართველოში სისხლის სამართლის საქმე 115 -ე მუხლით აღიძრა.