გარდაბანში, პირველ ეტაპზე, წყლის სისტემის რეაბილიტაციის 18 პროექტი დაფინანსდა
გარდაბნის მუნიციპალიტეტს 2014 წელს, პრიორიტეტული პრობლემების გადასაწყვეტად, პირველ ეტაპზე 1 837 420 ლარი მოხმარდება. პრიორიტეტების განსაზღვრასა და პროექტების შემუშავებას მუნიციპალიტეტები და გუბერნატორები ახდენენ, რის შემდგომაც მათ რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისია განიხილავს. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, გამოყოფილი თანხა მთლიანად სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს მოხმარდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები სოფლებში: ახალი სამგორი, ნორიო, მარტყოფი, ახალსოფელი, ყარაჯალარი, ლემშვანიერას ზედა და ქვედა უბანი, ლელაშხა, გამარჯვება, საცხენისი, ნაგები, ყარათაკლია, თბილწყაროს დასახლება, კალინინო, კრწანისი, ახალწყალი, ქვემო თელეთი და ჯანდარაში განხორციელდება. წელს გარდაბნის მუნიციპალიტეტში სულ 18 პროექტი დაფინანსდა. შესრულებულ სამუშაოებს მონიტორინგს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაუწევს.