„მნიშვნელოვანია, ყველამ ერთად მიიღოს ეს ისტორიული ცვლილება“ – გრიგოლ გეგელია საკონსტიტუციო ცვლილებებზე

პარტია „ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე ყველა მხარემ ბოლოდე ითანამშრომლოს. ამის შესახებ გეგელიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„მგონია,  ყველა წინაპირობა არსებობს იმისათვის, რომ ეს საკონსტიტუციო ცვლილება გავიდეს. იმედი მინდა, გამოვთქვა, რომ ეს მართლაც ასე იქნება. ეს არის ჩვენი სახელმწიფოსა და დემოკრატიის საუკეთესო ინტერესებში. ეს არ არის ვიწრო პარტიულ-პოლიტიკური საკითხი, რომელიც ერთ ან ორ მხარეს ადარდებს. ეს ეროვნული საკითხია, რომელიც მომავალს, ჩვენი დემოკრატიის ბედს წყვეტს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ცვლილებები ბოლომდე მივიდეს. მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით ყველა მხარემ ითანამშრომლოს ბოლოდე, რათა გამოვრიცხოთ ნებისმიერი ფორმის რისკი და ამ მიმართულებით კითხვის ნიშნის დარჩენა.

იმ შემთხვევაში, თუ ცვლილებები მიღებული იქნება, რა თქმა უნდა, ეს ლეგიტიმური იქნება, მაგრამ ლეგიტიმაცია ნიშნავს საერთო კონსენსუსზე დამყარებულობას. სწორედ იმიტომ, რომ ეს პროცესი იყოს კონსენსუსზე დამყარებული, იყოს მთელი ქართული პოლიტიკური კლასის ერთობლივი გადაწყვეტილება იმისათვის, რომ ერთად წავიდეთ წინ. ძალიან მნიშვნელოვანია, ყველამ ერთად მიიღოს ეს ისტორიული ცვლილება იმისათვის, რომ ეს საქართველოს ისტორიაში ჩაიწეროს, როგორც ფართო საზოგადოებრივ კონსენსუსზე დამყარებული გადაწყვეტილება. გვახსოვს, თუ როგორ უჭერდა მხარს პროპორციულ არჩევნებს ჩვენი მოსახლეობის 77 %”, –  განაცხდა გეგელიამ.

ცნობისთვის, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტის მეორე მოსმენა და კენჭისყრა დღეს იმართება. პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით 21 ივნისს დაამტკიცა.
რეგისტრაცია პარლამენტის 142-მა წევრმა გაიარა, საიდანაც 136-მა საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციურ კანონის პროექტს მხარი დაუჭირა. წინააღმდეგი 5 დეპუტატი წავიდა.

პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. კერძოდ, პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს.

ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები