არჩილ თალაკვაძე: საპარლამენტო არჩევნების დროს კოვიდუსაფრთხოების წესებთან დაკავშირებით მუშაობა დავიწყეთ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების დროს კოვიდუსაფრთხოების წესებთან დაკავშირებით მუშაობა დაწყებულია.
არჩილ თალაკვაძის თქმით, დღეს გამართულ შეხვედრაზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს საკითხთან დაკავშირებით თავიანთი ხედვები გააცნეს.
“დავიწყეთ მუშაობა საპარლამენტო არჩევნების დროს კოვიდუსაფრთხოების წესებთან დაკავშირებით. გვაქვს ამასთან დაკავშირებით ხედვა, მონახაზი. დღეს შევხვდით დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, გავუზიარეთ ჩვენი ხედვა. ამასთან დაკავშირებით ვგეგმავთ, კონსულტაციების გავმართოთ ასევე მხარეებთან, მათ შორის, პოლიტიკურ პარტიებთან და მივიღოთ საბოლოოდ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც, ერთი მხრივ, დაიცავს ჩვენს მოქალაქეებს კოვიდინფექციის გავრცელებისგან არჩევნების დროს და, ასევე, რა საკვირველია, უზრუნველყოფს მათი საარჩევნო უფლებების სრულ რეალიზებას”, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.