საარჩევნო საკითხების სპეციალისტის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის ხელმძღვანლის, ლადო ბოჟაძის განცხადებით, მითი, თითქოს, გაერთიანებული ოპოზიცია არის 11 სხვადასხვა პარტიის ერთობა, დაიმსხვრა.
ამის შესახებ ბოჟაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
“ის პროცესი, რომელიც ახლა ოპოზიციაში მიმდინარეობს, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ოპოზიციის გაერთიანება ბუნებაში არ არსებობს. ის პოლიტიკური პარტიები და ლიდერები, რომლებიც გაერთიანდნენ, თითქოსდა, მხოლოდ საარჩევნო სისტემის ცვლილების გამო, საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ გაერთიანებულები არიან არა გარკვეული პრინციპების, ღირებულებების, თუნდაც საგარეო ორიენტაციის, სავარაუდო მომავალი თანამშრომლობის მიზნით, არამედ – ერთადერთი მიზნით, დაუპირისპირდნენ ბიძინა ივანიშვილს, „ქართულ ოცნებას“. თუმცა, არცერთი რეიტინგი, არცერთი სხვადასხვა დონის ჩატარებული არჩევნების შედეგები არ აძლევს საფუძველს ოპოზიციას, იფიქროს, რომ ის რაიმე სახის წარმატებას მიაღწევს მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე. რაც ყველაზე მთავარია, მითი, რომ, თითქოს, გაერთიანებული ოპოზიცია არის 11 სხვადასხვა პარტია, არაა „ნაციონალური მოძრაობა“ და არის ოპოზიციური ერთობა, დაიმსხვრა, რადგან ვნახეთ, შიგნით როგორი გაუგებრობა მოჰყვა თუნდაც გიორგი ვაშაძის დასახელებას, „ნაციონალური მოძრაობა“ კატეგორიულად გამორიცხავს მის მხარდაჭერას. გიორგი ვაშაძე, მიუხედავად იმისა, რომ თავის პოლიტიკური ორგანიზაცია აქვს, „ნაცმოძრაობის“ ყოფილი წევრი და გაშლილი „ნაციონალური მოძრაობის“ სპექტრის წარმომადგენილია. სავარაუდოდ, „ნაციონალურ მოძრაობას“ პრემიერის კანდიდატურად სურს სანდრა რულოვსი, რომ კიდევ ერთხელ ხაზგასმა გაკეთდეს მიხეილ სააკაშვილის ფიგურაზე. არ გამოვრიცხავ, რომ „ევროპული საქართველოს” კანდიდატი გიგა ბოკერია იყოს. მაგრამ ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რეალურად ვის უფრო მეტი რესურსი, წონა და სიებში ადგილები ექნება საიმისოდ, რომ წარმოდგენილი იყოს მომავალ საპარლამენტო სიაში და არა ის, რომ ვიღაც შეძლებს, გაიმარჯვოს და ამით წინასწარ ჩრდილოვან კაბინეტს აყალიბებს. ყველაზე მთავარი: საუბარი მაჟორიტარული ოლქების გაერთიანებასა და კანდიდატების შეთანხმებაზე – აქაც ხედავთ, როგორი გაუგებრობები და დაპირისპირებებია. ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ იმას, რომ ოპოზიცია ერთიანი ფრონტით გამოვა არჩევნებზე, თუნდაც პროპორციულ ნაწილში ან თუნდაც მაჟორიტარული ოლქების თაობაზე შეთანხმდებიან. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს იმას, რომ კდიევ უფრო დაიქსაქსოს ოპოზცია და მათი ელექტორატის ხმები”, – განაცხადა ლადო ბოჟაძემ.