“დღეს მოხდა აფხაზეთში უგზო-უკვლოდ დაკარგული ხუთი სამხედრო და ერთი სამოქალაქო პირის იდენტიფიცირება და მათი მიბარება მიწას; ეს მომენტი გვახსენებს, რა ვიწრო არის ზღვარი მშვიდობასა და ომს შორს” – პაპუაშვილი
“დღეს მოხდა აფხაზეთში უგზო-უკვლოდ დაკარგული ხუთი სამხედრო და ერთი სამოქალაქო პირის იდენტიფიცირება და მათი მიბარება მიწას. ეს მომენტი გვახსენებს, რა ვიწრო არის ზღვარი მშვიდობასა და ომს შორს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილი ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო.
„დღეს მოხდა აფხაზეთში უგზო-უკვლოდ დაკარგული ხუთი სამხედრო და ერთი სამოქალაქო პირის იდენტიფიცირება და მათი მიბარება მიწას, მათი ოჯახებისთვის გლოვისთვის შესაძლებლობის მიცემა. ეს ერთი მხრივ, არის მწუხრის მომენტი, როდესაც ოჯახებს კიდევ ერთხელ ეხსნებათ ის იარა, რომელიც ოჯახის წევრების დაკარგვასთან არის დაკავშირებული და მეორე მხრივ, ეს არის სიხარულის მომენტი, როდესაც ეძლევათ შესაძლებლობა, რომ დაიტირონ საკუთარი, რამდენიმე ათწლეულის წინ დაკარგული ოჯახის წევრები. ჩვენ დღეს კვლავ გვყავს 2 000-მდე უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედრო და სამოქალქო პირი, როგორც აფხაზეთის, ისე ცხინვალის რეგიონში კონფლიქტების დროს და მნიშვნელოვანია, რომ ყველა ოჯახს მიეცეს შესაძლებლობა, დაიტიროს საკუთარი ოჯახის წევრები.
ამავე დროს, ეს ის მომენტებია, როცა ჩვენ ვფიქრობთ ჩვენს იარებზე, რომელიც სამი ათეული წლის წინათ გაგვეხსნა და რომელიც ყოველდღიურად გვახსენებს თავს. ამავე დროს, გვახსენებს, რა ვიწრო არის ზღვარი მშვიდობასა და ომს შორს. ამას ჩვენ განსაკუთრებით ბოლო სამი წელი ვაკვირდებით რეგიონში. ვხედავთ იმ ტრაგედიას, რომელიც უკრაინაში ტრიალებს, ვხედავთ ახალ მგლოვიარე ოჯახებს და ჩვენს საზოგადოებასაც ესმის, რომ ამ ზღვართან ჩვენ ძალიან ახლოს ვიყავით ბოლო სამი წლის განმავლობაში. ბევრს უნდოდა, ჩვენთვის ებიძგა, ეს ზღვარი გადაგველახა და ჩვენი ქვეყანა კვლავ მგლოვიარე ქვეყანად ქცეულიყო, მაგრამ საზოგადოება დადგა მტკიცედ, არ ავყევით არავის ყალბ, ცრუ მოწოდებებს”, – აღნიშნა პაპუაშვილმა.