გიორგი გახარია მთავრობის წევრებს: თითოეულ თქვენგანს მინდა, მოვუწოდო, საზოგადოების ყველა კითხვას გავცეთ პასუხი – ჩვენ უნდა დავიცვათ საჯაროობის მაღალი პრინციპი
“ჩვენი წარმატების საფუძველი, რა თქმა უნდა, პირველ ყოვლისა, არის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის და გამოწვევის დაძლევა, ეკონომიკის ეფექტური, სწრაფი აღდგენა, მაგრამ, ამავე დროს, ჩვენ უნდა დავიცვათ საჯაროობისა და ტრანსფარენტობის მაღალი პრინციპი, რომლითაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ ჩვენი საქმიანობის ყოველდღიურ რეჟიმში”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერმინისტრმა მთავრობის წევრებს მოუწოდა, საზოგადოების ყველა შეკითხვას გასცენ პასუხი.
„ბოლო თვეების განმავლობაში, ჩვენ ვცხოვრობთ და ვმუშაობთ, ვმოქმედებთ ყოველდღიურად, საგანგებო მდგომარების პირობებში და, რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ, ჩვენი კანონი გვაძლევს საშუალებას, გარკვეული დაშვებები საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებების თვალსაზრისით, ასე თუ ისე, ეფექტურობის თვალსაზრისიდან გამომდინარე, დროში გადავდოთ, მაგრამ მე თითოეულ თქვენგანს მინდა, მოვუწოდო, რომ ჩვენ გვაქვს უკვე ის შესაძლებლობა, აღარ ვართ ფორსმაჟორში, ვმართავთ, როგორც ეპიდემიოლოგიურ მდგომაროებას და ვიწყებთ უკვე ეკონომიკის აღდგენის გეგმის განხორციელებას, თითოეულ თქვენგანს მინდა, მოვუწოდო, საზოგადოების ყველა კითხვას, რომელიც შეეხება, როგორც საგანგებო მდგომაროების პირობებში მიღებულ გადაწყვეტილებებს, შეიძლება იყოს კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე საუბარი, ამა თუ იმ კომპანიას რატომ მიეცა ნებართვა და რატომ არ მიეცა სხვას, სხვადასხვა სახის შეკითხვები შეიძლება იყოს, რატომ ჩაიკეტა ეს ქალაქი და არ ჩაიკეტა სხვა, რატომ მივიღეთ ზოგ შემთხვევაში ჩვენი მოქალაქეებისთვის ერთი შეხედვით მკაცრი შეზღუდვები. თითოეულ თქვენგანს მინდა, მოვუწოდო, აბსოლუტურად ღიად და ტრანსფარენტულად, ყველა ამ შეკითხვას, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის, გავცეთ პასუხი”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.