ეკატერინე ტიკარაძე: უკვე ნათლად გამოიკვეთა, რომ კოვიდინფექციით დაღუპულთა ასაკი მნიშვნელოვნად გაახალგაზრდავდა
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, უკვე ნათლად გამოიკვეთა, რომ კოვიდინფექციით დაღუპულთა ასაკი მნიშვნელოვნად გაახალგაზრდავდა.
მინისტრმა აღნიშნულის მაგალითად კორონავირუსით გუშინ გარდაცვლილი 58 წლის პაციენტი მოიყვანა.
“დღეის მდგომარეობით, 24 საათში 4 ახალი შემთხვევა დაგვიფიქსირდა და გვაქვს კორონავირუსის 593 დადასტურებული შემთხვევა. ამ ეტაპისთვის, სტაციონარში მკურნალობას გადის 333 პაციენტი, ხოლო 223 არის უკვე გამოჯანმრთელებული. მნიშვნელოვანია ის, რომ დღესდღეობით ლეტალობის რიცხვი არის 9. ამ შემთხვევაში, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გუშინ გარდაიცვალა ქალბატონი, რომელიც 58 წლის იყო. ეს ფაქტი არის აღსანიშნავი და ჩვენი ექიმები ამ მიმართულებით გაცილებით მეტი ყურადღებით იქნებიან სხვა პაციენტებთან მიმართებით, ვინაიდან უკვე ნათლად გამოიკვეთა, რომ კოვიდინფექციით დაღუპულთა ასაკი მნიშვნელოვნად გაახალგაზრდავდა”, – განაცხადა მინისტრმა.