გიორგი გახარია: მთავრობას გვაქვს 3 ძირითადი საპასუხისმგებლო მიმართულება: ეპიდემიის დაძლევა, მოსახლეობის სოციალური დაცვის უზრუნველყოფა და ეკონომიკის სწრაფი ამუშავება

“მთავრობას გვაქვს 3 ძირითადი საპასუხისმგებლო ზონა: ესაა ეპიდემიის დაძლევა, მოსახლეობის სოციალური დაცვის უზრუნველყოფა და ეკონომიკის სწრაფი ამუშავება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის წარდგენისას უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პანდემიასთან ბრძოლა იყოფა გარკვეულ ეტაპებად.

„პირველი ეტაპი გახლდათ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება როგორც ჩვენი მოქალაქეების სოციალური თვალსაზრისით უზრუნველყოფის მიმართულებით, ისე – ჩვენი ეკონომიკის, მეწარმეების დახმარების თვალსაზრისით და ამას თავისი ახსნა და ლოგიკა ჰქონდა. შემდგომ ჩვენ გვქონდა სამუშაო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებსა და ფონდებთან იმისთვის, რომ ის დანაკლისი, რომელიც ჩვენმა კრიზისულმა ბიუჯეტმა განიცადა თანმიმდევრულად შეგვევსო იმ ფინანსური რესურსებით, რომელიც საჭირო იყო და არის დღესაც როგორც ვირუსთან გამკლავების თვალსაზრისით, ასევე, ჩვენი მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და შემდგომი ეკონომიკის აღდგენის თვალსაზრისით. ჩვენ დღეს უკვე გვაქვს გარკვეული შედეგები ამ მიმართულებით და უნდა წარმოვადგინოთ პრეზენტაციის სახით როგორც ეკონომიკური ჯგუფის, ისე – ჩვენი მოქალაქეების წინაშე. რა თქმა უნდა, აქ შესაძლოა, იყოს გარკვეული სადისკუსიო თემები, რაზეც შემდგომში შეგვეძლება, ვიმსჯელოთ”, – განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, აღნიშნული პრეზენტაცია ერთობლივი შრომის შედეგია.

„ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო ის ფასეულობა, რომელიც ამ ეკონომიკურ ჯგუფს აქვს, სადაც წარმოდგენილია ხელისუფლების ყველა შტო – პარლამენტი, ეროვნული ბანკი, პრეზიდენტი, საინვესტიციო საბჭო, მთავრობა და, საბოლოოდ, თითქმის ყველა აქ ვართ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები