“საქართველოში ტერორისტული ორგანიზაციების შესაძლო მხარდამჭერთა რაოდენობა კრიტიკულად შემცირდა”
“გატარებული ღონისძიებების შედეგად, საქართველოში მყოფი ტერორიზმის შესაძლო მხარდამჭერი პირებისა და პირთა ჯგუფების შესაძლებლობები მნიშვნელოვნად შესუსტდა”, – ამის შესახებ სუს-ის 2019 წლის ანგარიშშია საუბარი.
“აღნიშნულ მოქალაქეებსა და მათ ჯგუფებს არ ეძლეოდათ ორგანიზაციული ქსელის ჩამოყალიბების, აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელების შესაძლებლობა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ტერორისტული ორგანიზაციების შესაძლო მხარდამჭერთა რაოდენობა საქართველოში კრიტიკულად შემცირდა და, ამ მხრივ, ქვეყანაში მშვიდი, დაბალანსებული და კონტროლს დაქვემდებარებული გარემო შეიქმნა.
საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად მუშაობდა საქართველოში ტერორიზმთან დაკავშირებული საფრთხეების გამოვლენის მიმართულებით. ქვეყანაში ტერორისტული თავდასხმა არ განხორციელებულა.
სამსახური ახორციელებდა სხვადასხვა საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციის პოტენციური და შესაძლო მხარდამჭერების, ასევე, ტერორისტული ორგანიზაციების იდეების გამზიარებელი პირებისა და პირთა ჯგუფების ოპერატიულ კონტროლს.
ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს საქართველოში მყოფი ტერორისტული იდეოლოგიის შესაძლო მხარდამჭერი უცხო ქვეყნის მოქალაქეები. აღნიშნული პირები საქართველოში სხვადასხვა ოფიციალური მიზეზით, მათ შორის, განათლების მისაღებად ჩამოდიოდნენ, თუმცა მოგვიანებით მათი მხრიდან ფიქსირდებოდა სხვადასხვა სახის უკანონო აქტივობებში ჩართვის მცდელობა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ კანონის შესაბამისად გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად ქვეყანა დატოვა ზემოხსენებულ აქტივობებში შემჩნეულმა უცხო ქვეყნის რამდენიმე მოქალაქემ. აღნიშნულ პროცესში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად მონაწილეობას იღებდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
დღეისათვის ტერორიზმის იდეების გამზიარებელი და შესაძლო მხარდამჭერი პირებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა ხელსაყრელი არ არის. ისინი დაბრკოლებებს აწყდებიან საქმიანობის ყველა ეტაპზე, მათ შორის, პრევენციული ღონისძიებების გამოყენებით ხდება ისეთი აქტივობების შეკავება, რომელიც პოტენციურად, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს ტერორისტულ საქმიანობასთან”, – ნათქვამია ანგარიშში.