სუს-ი: ამ ეტაპზე, ქვეყანაში ან ქვეყნიდან ტერორიზმის ფინანსური მხარდაჭერის ფაქტები არ ფიქსირდება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ტერორიზმთან შესაძლო დაკავშირებული სხვადასხვა ფინანსური ოპერაციის მონიტორინგს და ამ მიმართულებით პრევენციული ღონისძიებების გატარებას. ამის შესახებ უწყების 2019 წლის ანგარიშშია საუბარი, რომლის თანახმადაც ამ ეტაპზე ქვეყანაში ან ქვეყნიდან ტერორიზმის ფინანსური მხარდაჭერის ფაქტები არ ფიქსირდება.

“საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლისას, პრიორიტეტი ენიჭებოდა ტერორისტული აქტივობების შესაძლო დაფინანსების ან სხვაგვარი მხარდაჭერის მცდელობის იდენტიფიცირების მიზნით გატარებულ ღონისძიებებს. აღნიშნულის ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობდა სახელმწიფო უწყებებსა და პარტნიორ ქვეყნებთან ეფექტური თანამშრომლობა.
​საანგარიშო პერიოდში, მუდმივად მიმდინარეობდა ტერორიზმის დაფინანსების უახლესი მეთოდებისა და ტენდენციების კვლევა.
2019 წელს სახელმწიფომ, შესაბამისი უწყებების ჩართულობით, მიიღო „საქართველოში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასების ანგარიში“ (NRA) და მისი სამოქმედო გეგმა. აღნიშნული დოკუმენტის მეოთხე თავში შეფასებული და გაანალიზებულია ქვეყანაში ტერორიზმის დაფინანსებასთან დაკავშირებით არსებული რისკები. ანგარიშის მიხედვით, საქართველო განეკუთვნება იმ ქვეყანათა რიცხვს, სადაც ტერორიზმის დაფინანსების რისკი დაბალია.
​ტერორიზმის შესაძლო დაფინანსების აღმოჩენის მიზნით, აქტიურად ხდებოდა როგორც ოპერატიული, ისე – საგამოძიებო მექანიზმების გამოყენება. საანგარიშო პერიოდში კონკრეტული საფინანსო ოპერაციები არაერთხელ გახდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დეტალური შესწავლის საგანი. ამ ეტაპზე, ქვეყანაში ან ქვეყნიდან ტერორიზმის ფინანსური მხარდაჭერის ფაქტები არ ფიქსირდება”, – აღნიშნულია ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები