“სახელმწიფოს მიერ ტერორიზმსა და ექსტრემიზმთან ბრძოლის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში დადებითადაა შეფასებული”
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2019 წლის ანგარიშში ტერორიზმისა და ექსტრემიზმთან ბრძოლის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზეცაა საუბარი. ანაგარიშის თანახმად, ამ მხრივ უწყების საქმიანობა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში დადებითადაა შეფასებული.
“გასული წლის განმავლობაში, მსოფლიოში მნიშვნელოვნად გააქტიურდნენ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტული ჯგუფები. ამ მიმართულებით რადიკალიზებული პირები აანონსებდნენ და ახორციელებდნენ თავდასხმებს ეთნიკურ, რელიგიურ, რასობრივ და სხვა ნიადაგზე.
აღნიშნული საფრთხეების საპასუხოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 2019 წლის განმავლობაში აქტიურად ახდენდა საერთაშორისო ტერორიზმიდან მომდინარე საფრთხეების იდენტიფიცირებას, ახალი გამოწვევების გამოვლენას და ინტენსიურად მოქმედებდა ტერორიზმის პრევენციისა და საფრთხესთან გამკლავების გზების გაუმჯობესების მიმართულებით.
კონკრეტული ღონისძიებების გარდა, ინტენსიურად ხორციელდებოდა ტერორისტულ საფრთხეებზე რეაგირების შესაძლებლობების გაძლიერება, ინფორმაციის გაცვლის მიზნით საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიური თანამშრომლობა. მიმდინარეობდა მუშაობა მაღალი რისკის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების უსაფრთხოების ზომების შეფასების, სახელმწიფო სტრატეგიული ობიექტების პასპორტიზაციისა და რისკების ანალიზის მიმართულებით. აქტიურად ხორციელდებოდა ტერორიზმის წინააღმდეგ მებრძოლი შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლების მომზადება/გადამზადება.
სახელმწიფოს მიერ ტერორიზმსა და ექსტრემიზმთან ბრძოლის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები დადებითად არის შეფასებული ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში. დოკუმენტში ხაზგასმულია საქართველოს შესაძლებლობები და მზაობა, გამოავლინოს, შეაკავოს და რეაგირება მოახდინოს ტერორიზმთან დაკავშირებულ შემთხვევებზე. ანგარიშის თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, როგორც ტერორიზმთან დაკავშირებულ ინციდენტებზე რეაგირებისა და გამოძიების წამყვანი უწყება, არის კარგად აღჭურვილი და მომზადებული.
საქართველოს მიერ ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში გაწეული ძალისხმევა და განხორციელებული აქტივობები ასევე პოზიტიურად არის შეფასებული ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ევროკავშირის ყოველწლიურ ანგარიშში. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველო განაგრძობდა „დაეშის“ წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის აქტიურ მხარდაჭერას.
ამასთან, მნიშვნელოვანია „ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის“ მიერ გამოქვეყნებული ყოველწლიური ანგარიში „გლობალური ტერორიზმის ინდექსი“, რომლის მიხედვით, საქართველო ტერორიზმის ზეგავლენის კუთხით ძალიან დაბალი რისკის მქონე ქვეყნებს შორისაა”, – ნათქვამია ანგარიშში.