ეკატერინე ტიკარაძე: შეიძლება, 9 მაისისთვის 2 000 დადასტურებული შემთხვევა გვქონდეს, ცუდ შემთხვევაში კი – 4 000-ზე მეტი
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ორი ცუდი სცენარი განიხილება, რომლის შემთხვევაშიც შეიძლება, 9 მაისისთვის 2 000 დადასტურებული შემთხვევა იყოს, ცუდ შემთხვევაში კი – 4 000-ზე მეტი.
ამის შესახებ ტიკარაძემ „მოამბის“ ეთერში განაცხადა.
„დღესდღეობით, შემთხვევათა ზრდის ორ მაგალითს განვიხილავთ. პირველ მაგალითზე ვდგავართ და კარგ შემთხვევაში ეს დინამიკა გაგრძელდება, მაგრამ განვიხილავთ ორ ცუდ მაგალითს, რომლის შემთხვევაშიც შეიძლება, 9 მაისისთვის 2 000 დადასტურებული შემთხვევა გვქონდეს, ცუდ შემთხვევაში კი – 4 000-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევა. ეს არის ის ცუდი გამოსავლები, რომელიც არის მოსალოდნელი, თუ ყველა წესს თანმიმდევრულად და მაღალი ხარისხით არ დავიცავთ“, – განაცხადა ტიკარაძემ.
მისი თქმით, ეს ერთკომპონენტიანი გათვლაა.
„მე დავასახელე მხოლოდ ერთი რიცხვი. ესაა 9 მაისი და ამას ჩვენ ერთკომპონენტიან გათვლას ვეძახით, რაც, რა თქმა უნდა, დინამიკაში და დროის მონაცემებში შეიძლება, სხვადასხვა იყოს. ანუ, შეიძლება, იყოს 2 000-დან 3 000-მდე და იყოს 4 000-დან 5 000-მდე. აქედან გამომდინარე, ამ რიცხვს ასე თავისუფლად ნუ შევხედავთ, რომ ეს მხოლოდ 2 000-ია სამ მილიონ მოსახლეზე. ეს არის ერთკომპონენტიანი გათვლა და არა გათვლა დინამიკაში, რომელიც ბევრად უფრო დრამატულადაც შეიძლება, გამოიყურებოდეს“, – განაცხადა ტიკარაძემ.