ეკატერინე ტიკარაძე: გვყავს სულ 256 ინფექციონისტი, რაც ნიშნავს იმას, რომ შეგვიძლია, მოვუაროთ მხოლოდ 853 ინფექციურ პაციენტს
“ინფექციონისტებით არ ვართ განებივრებული. გვყავს სულ 256 ინფექციონისტი, რაც ნიშნავს იმას, რომ მათი ოპტიმალური გადანაწილებით ჩვენ შეგვიძლია, მოვუაროთ მხოლოდ 853 ინფექციურ პაციენტს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მინისტრმა საქართველოში ექიმების ადამიანურ რესურსზე ისაუბრა.
„რაც ყველაზე დიდი რისკის მატარებელია და რასაც ჩვენ ჯანდაცვის სისტემაში ვუფრთხით, ეს არის ჩვენი პერსონალის რაოდენობა. აქ ჩვენ არ გვაქვს საუბარი მათ კვალიფიკაციაზე, საუბარი გვაქვს მხოლოდ რიცხვებზე.
აქ გვაქვს ჩვენ ყველაზე დიდი დრამა და ხარვეზი, რომელიც არის მოცემულობა და ფაქტი.
ჩვენ დღეისათვის საქართველოში გვყავს 488 რეანიმატოლოგი, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ჩვენ დავიცავდით ევროპის რომელიმე ქვეყნის სტანდარტს, ჩვენ მივიღებდით, რომ ამ რეანიმატოლოგებს შეუძლიათ, თავიანთი ადამიანური რესურსი გადაანაწილონ მხოლოდ 1200 საწოლზე, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ დღიურ რეჟიმში შეუძლიათ, მოუარონ მხოლოდ 1200 პაციენტს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ, გარდა კოვიდ ინფექციისა, ჩვენ ვართ ადამიანები და გვაქვს სხვა თანმხლები დაავადებები, რომელთაც ასევე ესაჭიროება ამ პროფილის ექიმების ჩართულობა.
ასევე, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რამდენი ინფექციონისტი გვყავს. არც ინფექციონისტებით ვართ ჩვენ განებივრებული და გვყავს სულ 256 ინფექციონისტი, რაც ნიშნავს იმას, რომ მათი ოპტიმალური გადანაწილებით ჩვენ შეგვიძლია, მოვუაროთ მხოლოდ 853 ინფექციურ პაციენტს.
როდესაც ამ რიცხვებს აანალიზებ, მაშინ ხვდები, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის, გადადგა ძალიან მკაცრი ნაბიჯები, მიიღო ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში იმსახურებს კრიტიკას და იყო ძალიან ფრთხილი. სწორედ ესაა ის მამოტივებელი და ბიძგი იმისა თუ რატომ დავიწყეთ ჩვენ ასე ადრე ყველა ამ თამამი ნაბიჯის გადადგმა“, – განაცხადა მინისტრმა.