ამირან გამყრელიძე: მარნეულის შემთხვევა პირველი ფაქტია, როცა ჯერ ვერ გავედით წყაროზე და, დიდი ალბათობით, ვერც გავალთ, ესაა შიდა გადაცემა
“მარნეულის შემთხვევა პირველი ფაქტია, როდესაც ჩვენ ჯერ ვერ გავედით წყაროზე და, დიდი ალბათობით, ვერც გავალთ და ეს გახლავთ სწორედ შემთხვევა, როდესაც გვაქვს შიდა გადაცემა“, – ამის შესახებ „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ცენტრის“ დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ “პირველ არხზე”, „მოამბეში“ განაცხადა.
მისი თქმით, პაცენტის დის ტესტების პასუხს ელოდებიან.
„ამ პაციენტის დასთან დაკავშირებით, პირველი პასუხი გახლდათ საეჭვოდ დადებითი, გადამეორდა და იყო უარყოფითი, მესამედაც გამეორდება. ეს პირველი ფაქტია, როდესაც ჩვენ ჯერ ვერ გავედით წყაროზე და, დიდი ალბათობით, ვერც გავალთ და ეს გახლავთ სწორედ შემთხვევა, როდესაც გვაქვს შიდა გადაცემა.
მოგეხსენებათ, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, ამავე დროს მარნეულში ეს ე.წ. შიდა გადაცემის შემთხვევა ფიქსირდება, სადაც შესაძლოა, იყოს დაზიანებული ჯგუფი ადამიანებისა და მათი კონტაქტების მოკვლევა აქტიურად მიმდინარეობს. ამიტომაც, გამკაცრდა, ასევე, თვითონ მარნეულსა და ბოლნისში კიდევ ღონისძიებები. დაახლოებით, 90 ადამიანი იდენტიფიცირებულია, ვინც იმ სარიტუალო სუფრაზე იმყოფებოდნენ. პლუს, დაახლოებით, 25-მდე გახლავთ სამედიცინო პერსონალი, რომელიც იმ ჰოსპიტალში, სადაც პაციენტი იყო მოთავსებული, დღეს კარანტინში არიან და განაგრძობენ მუშაობას კარანტინის პირობებში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ცნობილი გახდა, რომ შუახნის ქალი, რომელსაც გუშინ კორონავირუსი დაუდგინდა, მარნეულიდან იყო. პაციენტი ორმხრივი პნევმონიით ოთხი დღის წინ მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში მოათავსეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა. პაციენტი თბილისშია გადმოყვანილი.
ამასთან, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი გამოცხადდა.
თამუნა შეყილაძე