ქართველი სპორტსმენები სოჭში 6 თებერვალს გაემგზავრებიან

სოჭის ოლიმპიადაზე ქართველი სპორტსმენები ერთ კვირაში, 6 თებერვალს გაემგზავრებიან. სპორტსმენების უსაფრთხოების საკითხი საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წევრებს შორის კვლავ განსჯის საგანია.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ვოლსკის განცხადებით, უსაფრთხოების მიზნით კონსულტაციები გაიარა, არა მარტო საქართველომ, არამედ მსოფლიოს ყველა მონაწილე ქვეყანამ. მისივე თქმით, სოჭის ოლიმპიადა მსოფლიოში მიღებული წესით ჩატარდება.
კავკასიის საკითხებში ექსპერტის მამუკა არეშიძის განცხადებით, ოლიმპიადის უსაფრთხოებაზე, დაახლოებით, 300 ათასი პირი იმუშაობს.
„პროცესში ჩართულია საზღვაო ფლოტი, ჯარი, ავიაცია, მოხალისეები, შინაგან საქმეთა სამინისტროს უამრავი აგენტურა, რაც დაახლოებით სამასი ათასი კაცი გამოდის. მიუხედავად ამისა, ექსცესები შეიძლება მაინც მოხდეს, რადგან როგორც დაცვის მექანიზმი იხვეწება, ისე იხვეწება ტერორისტების მეთოდოლოგია,“ – აცხადებს მამუკა არეშიძე.
საპარლამენტო უმცირესობის წევრი შოთა მალაშხია კი მიიჩნევს, რომ ქართველი სპორტსმენების ზამთრის თამაშებში მონაწილეობა  უზნეობაა.
„მათი მონაწილეობა სამართლებრივი თვალსაზრისით  გაუმართლებელი და მიუღებელია. ზნეობრივი თვალსაზრისით უზნეობაა,“ – აღნიშნავს მალაშხია.
შეგახსენებთ, რომ ზამთრის ოლიმპიადაში მონაწილეობას საქართველოს სახელით 4 სპორტსმენი მიიღებს. მათ შორისაა ევროპის 2 გზის ჩემპიონი ფიგურულ სრიალში ელენე გედევანიშვილი.
საქართველოს ოლიმპიური კომოტეტი ქართული გუნდის მოსალოდნელ შედეგებს აფასებს.
„ზამთრის სპორტში ჩვენ არ გვაქვს დიდი შანსები. ზედმეტი იქნება ლაპარაკი იმაზე, რომ მათ მედლებზე იბრძოლონ. ყოველ შემთხვევაში მე მინდა ავღნიშნო, რომ იქ იქნება ელენე გედევანიშვილი, რომელიც ნამდვილად არ არის ხელწამოსაკრავი სპორტსმენი. მას წარსულში უკვე არაერთხელ დიდი წარმატებებისთვის მიუღწევია“, – აღნიშნავს საქრათველოს ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი.
რუსეთის ფედერაცია 2014 წლის ზამთრის თამაშებს სოჭში 7 თებერვლიდან 23 თებერვლამდე უმასპინძლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები