გიორგი გახარია: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს ეკონომიკურ ზრდაზე ვირუსის ზემოქმედებას ჰქონდეს მინიმალური ზეგავლენა
“ჩვენ საკმაოდ ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს ეკონომიკურ ზრდაზე ამ ვირუსის ზემოქმედებას ჰქონდეს მინიმალური ზეგავლენა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, შესაბამისი დავალებები უკვე გაიცა და ეკონომიკის სამინისტრო უახლოეს დღეებში შეხვდება დარგის წარმომადგენლებს. მთავრობის მეთაურის თქმით, მთავრობა, ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნულ ბანკთან ერთად, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს ზეგავლენა იყოს მინიმიზებული.
„კორონავირუსის წინააღმდეგ უწყებათაშორისი საბჭო აგრძელებს აქტიურ მუშაობას. ჩვენ განვიხილავთ ეკონომიკაზე ზემოქმედების შემსუბუქებას. მოგეხსენებათ, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები უკვე საკმაოდ სერიოზულად აფასებენ ამ ვირუსის შედეგის ზემოქმედებას ეკონომიკურ ზრდაზე და გლობალური ეკონომიკური ზრდის შემცირების სერიოზული პროგნოზები არსებობს. რა თქმა უნდა, მცირედი ზეგავლენა დღევანდელი დღისთვის ამას უკვე ჰქონდა ქართულ ეკონომიკაზე, პირველ ყოვლისა კი იმ დარგებზე, რომლებიც პირდაპირ არის დაკავშირებული ტურიზმთან. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს პრობლემა მთავრობის მოსაგვარებელია. ჩვებ გამოვიყენებთ ყველა იმ ინსტრუმენტს, რომელიც მთავრობის ხელშია, როგორც მონეტარული, ასევე, ფისკალური თვალსაზრისით”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.