პრეზიდენტი: საპრეზიდენტო პლატფორმის შეთავაზების შესახებ ჩემი წინადადება ძალაშია, რათა დიალოგი არ შეწყდეს
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენების წარდგენისას წინასაარჩევნო სამზადისზეც ისაუბრა. მისი თქმით, ის პოლიტიკურ ჭრილში არ ჩაებმება, თუმცა, როგორც მან განაცხადა, ეს არ გამორიცხავს პრეზიდენტის პოლიტიკურ როლს ქვეყნის სტაბილურობისა და საზოგადოების დამშვიდების ხელშეწყობაში.
“კონსტიტუციით დადგენილი ჩემი უფლება-მოვალეობებიდან გამომდინარე, მე არ ვაპირებ პოლიტიკურ ჭიდილში ჩაბმას; არცერთ მწვავე პოლიტიკურ საკითხზე პირადი პოზიციის დაფიქსირებას არა იმიტომ, რომ საკუთარი მოსაზრება არ გამაჩნია, არა იმიტომ, რომ ვინმესი მეშინია, არამედ იმიტომ, რომ მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და ზეპარტიული პრეზიდენტი პარტიებსა და საზოგადოებას საკუთარ აზრებს თავს არ მოახვევს.
თუმცა, ეს არ გამორიცხავს პრეზიდენტის პოლიტიკურ როლს ქვეყნის სტაბილურობისა და საზოგადოების დამშვიდების ხელშეწყობაში. ამ მიზნით, საპრეზიდენტო პლატფორმა არაერთხელ შევთავაზე ყველა პოლიტიკურ ძალას, რათა არ შეწყდეს დიალოგი. თუ ამის საჭიროება დადგება, ეს წინადადება ძალაშია. დღეს იმედიანად ვარ, რამეთუ ბოლო დღეებში პოლიტიკური შეთანხმებისკენ ნაბიჯები იდგმება, თუმცა, საბოლოო შედეგი ჯერ არ დამდგარა. ამ დროს ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ დიალოგს ალტერნატივა არ გააჩნია.
ყველას გვეკისრება პასუხისმგებლობა, მშვიდობიანად მივიდეთ არჩევნებამდე და საკუთრივ არჩევნები ჩატარდეს სამართლიან და თავისუფალ გარემოში.
ყველას მოვალეობაა, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ კორექტული თამაშის წესები, რაც გულისხმობს ინსტიტუტების პატივისცემასა და პირადი შეურაცხყოფისგან თავშეკავებას.
ჩემი მოვალეობაა, მაქსიმალურად ვეცადო, ამ დაპირისპირებამ არ დააზიანოს საქართველოს ინტერესები (გარეთ) და საფრთხე არ შეუქმნას სტაბილურობას (შიგნით)”, -აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.